ქიმიურმა დაბინძურებამ პლანეტურ საზღვარს გადააბიჯა — გლობალური ეკოსისტემები საფრთხეშია
ჟურნალში Environmental Science & Technology გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ქიმიური დაბინძურება უკვე იმდენად მძლავრია, რომ შესაძლოა, კაცობრიობისათვის აუცილებელ გლობალურ ეკოსისტემებს საფრთხე შეუქმნას. საქმე ძირითადად პლასტმასით და სხვა ქიმიკატებით დაბინძურებას ეხება.
ავტორები ამტკიცებენ, რომ უკვე "პლანეტური საზღვარი" გადავკვეთეთ — გარემოს ის საზღვრები, რომელთა ფარგლებშიც ადამიანები უსაფრთხოდ ცხოვრობენ.
როგორც პატრიცია ვილარუბია-გომესმა, კვლევის თანაავტორმა განაცხადა The Guardian-თან საუბრისას, ახალი ქიმიკატების წარმოქმნისა და გარემოში გამოთავისუფლების ტემპი კაცობრიობისათვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა.
კვლევის ავტორებმა დასკვნების გასაკეთებლად ქიმიური მრეწველობისა და საწვავი წიაღისეულის (საწვავის გარდა, მას ქიმიური ნივთიერებების წარმოებისთვისაც იყენებენ) მაჩვენებლები შეაგროვეს.
"ფაქტები ადასტურებს, რომ მოვლენები ყოველ ნაბიჯზე არასწორ მიმართულებით მიდის", — განაცხადა ბეთანი კარნი ალმროთმა, ეკოტოქსიკოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა — "მაგალითად, ახლა უკვე პლასტმასის ჯამური მასა ძუძუმწოვართა ჯამურ მასას აჭარბებს. ჩემთვის ეს იმის საკმაოდ აშკარა ინდიკატორია, რომ ზღვარს გადავაბიჯეთ. შარში ვართ, თუმცა ნაწილის გამოსასწორებლად მაინც შეგვიძლია მოქმედება".
ავტორები ფიქრობენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოებმა მკაცრი რეგულაციები უნდა მიიღონ, რათა პლასტმასისა და ქიმიკატთა წარმოება ვაკონტროლოთ — ნახშირბადის ემისიების სამართავად ხომ უკვე არსებობს ამგვარი იარაღები.
ამრიგად, კვლევა დედამიწაზე ქიმიური დაბინძურების გამანადგურებელ ზეგავლენას გვიჩვენებს, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ლიდერები ამჯერად მაინც მოუსმენენ მეცნიერებს — ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ეს არც ისე ხშირი მოვლენაა.
კომენტარები