როდის ვართ შეყვარებულები — რას ამბობს მეცნიერება
გქონიათ შეგრძნება, როდესაც გონებიდან ვიღაცას ვერ იგდებთ? არის მომენტები როცა კონკრეტულ ადამიანზე ოცნებობთ, წარმოიდგენთ მასთან ერთად გატარებულ დროს. ასეთ მომენტში სხვა რამეზე ფიქრი გიჭირთ. ეს თავბრუდამხვევი აზრები მხოლოდ რამდენიმე ნიშანია იმისა, რომ შეყვარებული ხართ.
ამ გრძნობებით მეცნიერები არიან დაინტერესებული და მათ ზუსტად დაადგინეს, რას ნიშნავს "შეყვარება". მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შეყვარებული ადამიანის ტვინის აქტივობა ძალიან განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვინც უბრალო ვნებას განიცდის. განსხვავებებს ვხვდებით ასევე გრძელვადიანი ურთიერთობის მქონე ადამიანის ტვინების აქტივობის მხრივაც.
ჰელენ ფიშერის, რუტგერსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგისა და სიყვარულის ბიოლოგიური საფუძვლის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა სიყვარულზე და ტვინზე ბევრი რამ გამოავლინა. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ასეთ ნიშანს, რაც მეტყველებს იმაზე რომ შეყვარებული ხართ.
როდესაც გგონია, რომ ის განსაკუთრებულია
როცა შეყვარებული ხარ, იწყებ ფიქრს, რომ "ის" უნიკალურია. ასეთ რწმენას თან ახლავს სხვების მიმართ რომანტიკული გრძნობების შესუსტება. 2017 წლის სტატიის თანახმად, რომელიც ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსგავსი მონოგამია გამოწვეულია ცენტრალური დოფამინის ამაღლებული დონის შედეგად. ეს ის ქიმიკატია, რომელიც მონაწილეობს ყურადღებასა და ფოკუსირებაში თქვენს ტვინში.
დადებითზე ფოკუსირება
ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან, ამახვილებენ ყურადღებას საყვარელი ადამიანის დადებით თვისებებზე, ხოლო უგულებელყოფენ მის უარყოფით მხარეებს. კვლევების თანახმად, ურთიერთობები ჩვეულებრივ უფრო წარმატებულია, როდესაც პარტნიორები იდეალიზებულნი არიან.
შეყვარებულები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ტრივიალურ მოვლენებზე და ობიექტებზე, რომლებიც მათ საყვარელ ადამიანს ახსენებს. 2013 წელს ჟურნალ Motivation and Emotion-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეყვარებულ ადამიანებს სხვა ინფორმაციაზე ფოკუსირება შედარებით ურთულდებათ.
ითვლება, რომ ეს ასევე გამოწვეულია ცენტრალური დოფამინის დონის ამაღლებით, ისევე როგორც ცენტრალური ნორეპინეფრინის მატებით, ქიმიკატით, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერების გაზრდასთან ახალი სტიმულის არსებობისას.
ემოციური არასტაბილურობა
როგორც ცნობილია, შეყვარება ხშირად იწვევს ემოციურ და ფიზიოლოგიურ არასტაბილურობას. თქვენში ხშირად მონაცვლეობენ ემოციები და შეგრძნებები: აღფრთოვანება, ეიფორია, ენერგიის მატებას, უძილობა, მადის დაკარგვა და აჩქარებული გულის ცემა. ასევე ზოგ შემთხვევაში თავს იჩენს შფოთვა, პანიკა და სასოწარკვეთის შეგრძნება, როდესაც თქვენი ურთიერთობა განიცდის თუნდაც მცირე პრობლემებს.
განწყობების ეს ცვალებადობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულბების მსგავსია, ნათქვამია 2017 წლის სტატიაში ჟურნალ Philosophy, Psychiatry and Psychology-ში. და მართლაც, როდესაც შეყვარებულ ადამიანებს უჩვენებენ თავიანთი საყვარელი ადამიანების სურათებს, ეს ააქტიურებს თავის ტვინის იმავე უბნებს, რომლებიც აქტიურდება, როდესაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ნარკოტიკულ ნივთიერებას ხედავს. ფიშერის თქმით, შეყვარება დამოკიდებულების ფორმაა და როცა მას გვართმევენ, განვიცდით დიდ უკმარისობას.
მიზიდულობის გაძლიერება
ფიშერის კვლევის თანახმად, სხვა ადამიანთან ერთად რაიმე სახის გასაჭირის გავლა რომანტიკული გრძნობების გაღვივებას იწვევს. ამ შეგრძნებებზე ასევე დოპამინია პასუხისმგებელი. კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც "ჯილდო" დაგვიანებულია, დოპამინის გამომმუშავებელი ნეირონები აქტიურდება და მატულობს მიზიდულობაც.
აკვიატება
შეყვარებული ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი საშუალოდ 85 პროცენტზე მეტს შეყვარებულებზე ფიქრში ატარებენ. ასეთი აზროვნება, როგორც აკვიატებული ქცევის ფორმა, შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში ცენტრალური სეროტონინის დონის დაქვეითებით, მდგომარეობა, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო აკვიატებულ ქცევასთან.
2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეყვარებულ კაცებს სეროტონინის დონე უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე კაცებს, რომლებიც არ არიან შეყვარებულები. საპირისპირო ხდება ქალების შემთხვევაში.
ემოციური დამოკიდებულება
შეყვარებული ადამიანები ხშირად ავლენენ ემოციური დამოკიდებულების ნიშნებს. ისეთებს როგორიცაა ეჭვიანობა, უარყოფისა და განშორების შიში. ასეთ დროს ადამიანები შეყვარებულებზე ემოციურად დამოკიდებულები ხდებიან.
მომავლის დაგეგმვა
საყვარელ ადამიანთან ემოციური კავშირის სურვილი, დაახლოების გზების ძიება და ერთად მომავალზე ოცნებები ასევე სიყვარული ნიშანია. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტატიის მიხედვით, როდესაც სეროტონინის დონე ნორმალურ დონეზე დაბრუნებას იწყებს, ორგანიზმში ოქსიტოცინის ჰორმონი მატულობს. ეს ნეიროტრანსმიტერი დაკავშირებულია უფრო სერიოზული ურთიერთობების შექმნასთან.
ლუსი ბრაუნი, ნეირომეცნიერი ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯიდან ნიუ-იორკში, ამბობს, რომ სხვა ადამიანთან ყოფნის ეს სწრაფვა ჰგავს ჩვენს მისწრაფებას წყლისკენ და სხვა ნივთიერებებისკენ, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება.
ემპათია
შეყვარებულებს ძლიერი თანაგრძნობა ახასიათებთ შეყვარებულის მიმართ. ისინი გრძნობენ სხვის ტკივილს, როგორც საკუთარს და მზად არიან გაწირონ იმ "ერთისთვის" ყველაფერი. ფიშერის კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს შეყვარებული ადამიანების ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი ნიშნები. აღსანიშნავია, რომ სარკისებური ნეირონები, რომლებიც დაკავშირებულია თანაგრძნობასთან, უფრო აქტიური იყო ადამიანებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ხანგრძლივ, სასიყვარულო ურთიერთობაში.
ინტერესების გადაკვეთა
სიყვარულმა შეიძლება ადამიანის ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეცვალოს. ფიშერის კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ ადამიანებს იზიდავთ საწინააღმდეგო — ყოველ შემთხვევაში მათი "ტვინის ქიმიური" წინააღმდეგობები.
მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ეგრეთ წოდებული ჭარბი ტესტოსტერონის მქონე პიროვნებები ხშირად იზიდავენ წყვილებს, რომლებსაც ესტროგენისა და ოქსიტოცინის მაღალი დონე აქვთ.
ემოციური კავშირი
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა შეყვარებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ემოციური გაერთიანებისკენ ლტოლვა უპირატესია. ფიშერის 2002 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეყვარებული ადამიანების 64 პროცენტი არ ეთანხმება დებულებას: "სექსი ჩემი ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია [ჩემს პარტნიორთან]".
ნაპერწკლის ჩაქრობა
სამწუხაროდ, სიყვარული ყოველთვის არ გრძელდება სამუდამოდ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადრეული ეიფორიული ეტაპი გრძელდება არა უმეტეს სამი წლისა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ან ვითარდება გრძელვადიან, დამოკიდებულ ურთიერთობაში, რომელსაც ფსიქოლოგები უწოდებენ "მიჯაჭვულობას", ან ის იშლება და ურთიერთობა სრულდება.
საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდი ბარიერებია საშუალოდ ურთიერთობა უფრო დიდხანს გრძელდება. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ არსებობს ფიზიკური ან სოციალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის პარტნიორებს ერთმანეთის რეგულარულად ნახვაში — მაგალითად, თუ ურთიერთობა დისტანცირებულია მანძილის გამო, მაშინ "სიყვარულის" ფაზა ჩვეულებრივ უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
სიყვარულის მეცნიერებაზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს, სადაც ჰელენ ფიშერი თავის კვლევებზე და აღმოჩენებზე საუბრობს.
კომენტარები