დედამიწა 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. მისი ზედაპირისა და ატმოსფეროს ტემპერატურები მუდმივად მერყეობდა, ხოლო თხევადი შიგნეულობა — პლანეტის მგზნებარე გული — კი მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად გრილდება.

დედამიწის სიღრმეში არსებული მბრუნავი, კონვექციური გენერატორი უზარმაზარ მაგნიტურ ველს წარმოქმნის. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს უხილავი სტრუქტურა უწყობს ხელს პლანეტაზე სიცოცხლეს. არსებობს ვარაუდიც, რომ ამაში მანტიის კონვექცია, ტექტონიკური აქტივობა და ვულკანიზმიც გვეხმარება გლობალური ტემპერატურებისა და ნახშირბადის ციკლის სტაბილიზებით.

ასევე იხილეთ: ატმოსფეროს ხარჯზე დედამიწა ზომაში მცირდება — რას ნიშნავს ეს?

დედამიწის შიგნეულობის უწყვეტი გაციება მას თანდათანობით გაამყარებს, გეოლოგიური აქტივობა შეწყდება, თავად პლანეტა კი, სავარაუდოდ, დაუსახლებელ ქვად გადაიქცევა (მარსისა და მერკურის მსგავსად). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა, ეს მოსალოდნელზე მალე მოხდეს. კვლევა ჟურნალში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა ამგვარი ინფორმაცია ერთ-ერთი მინერალის, კერძოდ ბრიდგმანიტის საშუალებით მოიპოვეს. იგი დედამიწის გარე ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე გვხვდება, ხოლო ის, თუ რამდენად სწრაფად ატარებს სითბოს, ბირთვიდან მანტიისაკენ სითბოს გადინების სიჩქარეზეც აისახება.

კვლევის ფარგლებში მოტოჰიკო მურაკამიმ და სხვა მეცნიერებმა ბრიდგმანიტის ცალკეული კრისტალი დაასხივეს. მისი ტემპერატურა 2 440 კელვინამდე, წნევა კი 80 გიგაპასკალამდე გაზარდეს. თითქმის ასეთივე პირობებია დედამიწის მანტიის ქვედა ნაწილშიც — დაახლოებით 2 630 კელვინი ტემპერატურა და 127 გიგაპასკალი წნევა.

"საზომი სისტემის საშუალებით მტკიცდება, რომ ბრიდგმანიტის თბოგამტარობის კოეფიციენტი მოსალოდნელზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია", — აცხადებს მურაკამი.

ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის გულიდან მანტიისაკენ მოსალოდნელზე მეტი სითბო მიედინება. შესაბამისად, დედამიწის შიგნეულობა იმაზე სწრაფად გრილდება, ვიდრე აქამდე გვეგონა.

უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, პროცესი კიდევ უფრო ჩქარდებოდეს. გაცივებისას ბრიდგმანიტი სხვა მინერალად, პოსტ-პეროვსკიტად გარდაიქმნება, რომელსაც უფრო მაღალი თბოგამტარობის კოეფიციენტი აქვს. შესაბამისად, მისგან გამომდინარე, ბირთვიდან მანტიამდე უფრო მეტი სითბო დაიკარგება.

"შესაძლოა, კვლევის შედეგებმა დედამიწის დინამიკის ევოლუცია სხვა თვალით დაგვანახოს", — ამბობს მურაკამი — "ჩვენი პლანეტა, სხვა კლდოვანი პლანეტების მსგავსად, მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად ცივდება და წყვეტს აქტიურობას".

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მაინც უცნობია, თუ რამდენად სწრაფად ხდება ეს, რადგან მთლიანი პლანეტის გაცივების პროცესი კარგად შესწავლილი არ არის. მარსი დედამიწაზე ოდნავ უფრო სწრაფად გრილდება, რადგან მასზე გაცილებით პატარაა, თუმცა შესაძლოა, სიჩქარეზე სხვა ფაქტორებიც ახდენდეს გავლენას.

ასევე იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?

ამრიგად, როცა არ უნდა მოხდეს, ადამიანური მასშტაბებით პროცესი სწრაფი მაინც არ იქნება — შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე აქამდე დიდი ხნით ადრე სხვა ფაქტორების გამოც კი გაქრეს. შესაბამისად, პრობლემის შესასწავლად საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს, ამასობაში კი ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევებს დავუცადოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.