"ვერაფერს ვიზამთ, სარკე გატყდება" — NASA-ს თქმით, ვების ტელესკოპი კოსმოსურ ნაგავს ოდესმე აუცილებლად შეეჯახება
როგორც NASA განმარტავს, ვების ტელესკოპს კოსმოსურ ნაგავთან შეჯახება არაერთხელ მოუწევს, თუმცა ის მცირე დაზიანებებს მარტივად გადაურჩება და ეს მისიის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო.
NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპი მრავალწლიანი ლოდინისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ კოსმოსში წარმატებით გავუშვით.
ჯეიმს ვების ტელესკოპი 10 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის 25 დეკემბერს, საფრანგეთის გვიანადან კოსმოსში Ariane 5-ის რაკეტამ გაიყვანა. ამ გაშვებით დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული, პოტენციურად გარდამტეხი მისია ადრეული სამყაროს, ახლომდებარე ეგზოპლანეტებისა და სხვათა შესასწავლად. დიდი მოლოდინის შემდეგ, მოთმენა შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ ვებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და დროც საკმაოდ დასჭირდება სანამ მუშაობას დაიწყებს.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი და საფრთხილო მომენტი — მასიური კოსმოსური ობსერვატორია მზის გარშემო ქაოტურ ორბიტაზე იმოძრავებს, სადაც მას უამრავ კოსმოსურ ნაგავთან მოუწევს გამკლავება და მეტიც, NASA-ს თქმით, შეჯახებები გარდაუვალი იქნება, ჩვენ კი მათ აცილებას ვერ შევძლებთ.
"მცირე რაოდენობის პატარა შეჯახებები მიკრომეტეორებთან აუცილებლად მოხდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტელესკოპის სარკეებზე მცირე დაზიანებები აუცილებლად გაჩნდება", — ამბობს NASA-ს Goddard Space Flight Center-ის მეცნიერი მიშელ თალერი.
ტელესკოპი მოწყვლადი იქნება, თუმცა როგორც ნასა განმარტავს, ის მცირე დაზიანებებს მარტივად გადაურჩება და ეს მისიის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო.
"თუ, მაგალითად, კოსმოსური ნაგავი მას შეასკდება, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, სარკე გატყდება", — ამბობს ნასას ინჟინერი, ჯულია ვან კამპენი.
ჯულიამ ისიც თქვა, რომ ტელესკოპს დაცვისთვის რაიმე განსაკუთრებული არ აქვს — "ტელესკოპი ზუსტად ისეთია, როგორსაც ხედავთ".
მიუხედავად ამისა, ვან კამპენი აღნიშნავს, რომ თუ მიკრომეტეორები უშუალოდ ტელესკოპის მზისგან დამცავ ფარს მოხვდება, მას ფარად დამატებით 4 შრე დახვდება.
ნასას ჰაბლის ტელესკოპისგან განსხვავებით, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც აღდგენა ფიზიკურად იყო შესაძლებელი, ჯეიმს ვების ტელესკოპს ფიზიკურად ვერავინ დაეხმარება. ჰაბლი დედამიწასთან ახლოს იყო და მას 1993 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, ასტრონავტები შესაკეთებლად 5-ჯერ ეწვივნენ. იგივეს გამეორება ჯეიმს ვების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება, რადგან ის ჰაბლზე გაცილებით შორ ორბიტაზე იმოძრავებს.
კომენტარები