ფსიქოსომატური აშლილობა: გამოწვეულია თუ არა დაავადებები მეხსიერებით
ტვინი იმახსოვრებს იმუნურ რეაქციებს და მოგონებებმა შეიძლება გამოიწვიოს მათი განმეორება. ამით შეიძლება აიხსნას ზოგიერთი ფსიქოსომატური აშლილობა.
გვერდით მყოფი ადამიანი ახველებს. თქვენ გახსოვთ, რომ ახლა გრიპის სეზონია. სწორედ ამ მომენტიდან, ყელი ოდნავ გექავებათ და თქვენი სხეულის ტემპერატურა იწყებს მატებას. მხოლოდ წამი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცმა დაახველა, ინფექციის სიმპტომების გამოწვევისთვის ჯერ ხომ ძალიან ადრეა. ეს რას ნიშნავს? ეს ყველაფერი თქვენს თავშია? ჩნდება შეკითხვა, შეუძლია თუ არა ტვინს ამ სიმპტომების დამოუკიდებლად გამოწვევა?
ფსიქოსომატური აშლილობა — ფიზიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ფსიქიკური ფაქტორებით, როგორიცაა მოგონებები და ემოციები — არ არის ახალი. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო მოდელი. წინა საუკუნეებში "გონებრივი ფაქტორები" აღწერილი იყო, როგორც ინდივიდის "სულიერი ფაქტორები". მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებთ მათ, ისინი რეალურ დაავადებების მიზეზები ხდებიან. მათი სულ მცირე ჩამონათვალი შემდეგია: ჰიპერტენზია, ქრონიკული ტკივილი, იმპოტენცია და დერმატიტი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტვინი ინახავს მოგონებებს წარსული დაავადებების შესახებ. მათგან ზოგიერთის გაცნობიერება შეგვიძლია: მაგალითად, ის თუ როგორ ვატარებთ დროს ვირუსით დაინფიცირებისას. თუმცა, მეხსიერების უმეტესობა ინახება ქვეცნობიერში, განსაკუთრებით ის მეხსიერება, თუ როგორ რეაგირებდა იმუნური სისტემა დაავადებაზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სწორედ ეს "იმუნური პასუხების მოგონებები" იწვევს ფსიქოსომატურ დაავადებებს. მეტიც, Cell-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, ამ მოგონებების დაბლოკვა არა მხოლოდ ფსიქოსომატურ დაავადებებს, არამედ "ნამდვილ" დაავადებებსაც აჩენს.
იმუნური რეაქციების მოგონებები: პავლოვის ამბავი
როდესაც ივან პავლოვმა ძაღლს საკვები აჩვენა, მას ნერწყვდენა დაეწყო. პავლოვმა ეს მოცემულობა გამოიყენა. მან დაიწყო ზარის რეკვა ყოველ ჯერზე, როცა ძაღლს საჭმელს აძლევდა. საბოლოოდ, ძაღლს ნერწყვდენა გაუჩნდა ზარის გაგონებისას, საკვების ნაკლებობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, ძაღლის ტვინმა ნერწყვი ზართან დააკავშირა და ეს მოგონება მასში ამ სახით გაჯდა. ასე რომ, როდესაც ძაღლს ზარის ხმა ესმოდა, მის ტვინში კონკრეტული მახსოვრობა აქტიურდებოდა და ნერწყვდენა ჩამოყალიბდა ზარის რეაქციად.
1974 წელს რობერტ ადერმა და ნიკოლას კოენმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ იმუნური სისტემა შეიძლება განპირობებული იყოს იმავე გზით. ისინი სწავლობდნენ, შეიძლებოდა თუ არა თაგვებში კონკრეტული გემოს შეზიზღების ჩამოყალიბება. მეცნიერები თაგვებს აძლევდნენ ტკბილ წყალს, რასაც საბოლოოდ წამლის ინექცია მოჰყვებოდა ხოლმე. ეს ინექცია კი გულისრევას იწვევდა. ორი თვის შემდეგ თაგვებმა შეიზიზღეს ტკბილი წყალი და მისი დაგემოვნების შემდეგ მალევე ერიდებოდნენ. ერთი შეხედვით ეს უცნაური არაა, არავის მოსწონს გულისრევა, მათ შორის თაგვებს. თუმცა, შემდეგ მოხდა რაღაც მოულოდნელი: თაგვები, რომლებსაც ტკბილი წყლის დალევას მაინც აიძულებდნენ, უეცრად ინფექციებისგან დაიხოცნენ.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი, რომელსაც თაგვები იღებდნენ გულისრევის გამოსაწვევად, ასევე დროებით თრგუნავდა იმუნურ სისტემას. მეცნიერებმა შეწყვიტეს თაგვებისთვის წამლის მიცემა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, თაგვების იმუნური სისტემა მაინც დათრგუნული იყო. შესაბამისად, ისინი ვერ ებრძოდნენ მარტივ ინფექციებსაც კი. ეს იმას ნიშნავდა, რომ როდესაც თაგვებმა ტკბილი წყალი გასინჯეს, ტვინმა გამოავლინა ორი ტიპიური რეაქცია: წყლის თავიდან აცილება და იმუნური სისტემის დათრგუნვა.
ადერმა და კოენმა დაასკვნეს, რომ ტვინი ინახავს მოგონებებს სტიმულებზე იმუნური რეაქციების შესახებ. როდესაც ის ხელახლა ხვდება ამ სტიმულს, ტვინი ცდილობს წინა იმუნური პასუხი თავისთავად გაიმეოროს.
იმუნური პასუხი მიზნის გარეშე
როდესაც ძაღლს ნერწყვდენა ეწყება მას სხვა რეაქციებიც მოჰყვება. თუ ნერწყვი ემსახურება მიზანს, ეს ამად ღირს. მაგრამ წარმოიდგინეთ ძაღლი, რომელსაც ნერწყვდენა უმიზეზოდ აქვს. ეს უბრალოდ შემაწუხებელი იქნება და არც სარგებელი ექნება ვინმესთვის. იმუნური რეაქციები ძალიან ჰგავს ნერწყვს: ის ყოველთვის იწვევს რეაქციებს — არეულობას (ცხელება, ანთება, დაღლილობა), მაგრამ როდესაც არსებობს მიზანი (როგორიცაა ჩვენი დაცვა ინფექციისგან), სარგებელი ამად ღირს. იმუნური პასუხი მიზნის გარეშე (როგორიცაა ანთება, ართრიტი ან ალერგია) მხოლოდ იმუნური დარღვევაა და არავისთვის სასარგებლო არაა.
ბევრი ფსიქოსომატური დაავადება სწორედ იმუნური პასუხია მიზნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მოერიდოთ თხილს ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, როგორ აირიდებთ მოგონებებს ფსიქოსომატური დაავადების თავიდან ასაცილებლად? ამ მხრივ მეცნიერებს მცირე პროგრესი ჰქონდათ, რამაც ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობა გაართულა. მიზეზი ის იყო, რომ ტვინის ის რეგიონი, რომელიც ამ ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი ბოლომდე გაუგებარი იყო — თუმცა, ახლა ეს ასე აღარ არის.
იმუნური რეაქციების დამახსოვრება
ტექნიონის მედიცინის ფაკულტეტის კვლევითმა ჯგუფმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ იმუნური პასუხების მოგონებები ინახება ინსულარულ ქერქში. ტვინის ეს ნაწილი არის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (მაგ. სხეულის ტემპერატურა და საკვები ნივთიერებების დონე) და ახდენს მათ ინტერპრეტაციას სხეულებრივ შეგრძნებებად (მაგ., სითბო და შიმშილი). კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ინსულარული ქერქი (კორტექსი)დისფუნქციურია, იმუნური პასუხი მეხსიერებაში არ ინახება.
ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად პირველ რიგში, მკვლევრებმა შექმნეს იმუნური პასუხის მეხსიერება. მათ შეძლეს გამოეწვიათ ნაწლავის ანთება თაგვებში ტვინის აქტივობის მონიტორინგის დროს. სწორედ ამ მომენტში გამოავლინეს ნეირონების ჯგუფი ინსულარულ ქერქში გაზრდილი აქტივობით. ამის შემდეგ, თაგვებს დაავადების მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთი თვე მიეცათ. ერთი თვის გასვლისთანავე, როგორც ზარი ან ტკბილი წყალი, მკვლევრებმა გამოიყენეს დახვეწილი ქიმიოგენეტიკური ხრიკი შენახული მეხსიერების გასააქტიურებლად. მათ შერჩევითად გაააქტიურეს იგივე ქერქის იგივე ნეირონები, რომლებიც გააქტიურდნენ ნაწლავის საწყისი ანთების დროს.
ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე (გარდა ნეირონების ამ აქტივაციისა), ანთება დაბრუნდა ზუსტად იმ ფორმით, როგორც ის იყო თავდაპირველად. ანთების უბრალოდ "გახსენებამ" გამოიწვია ტვინის კონკრეტული აქტივობის ხელახალი გააქტიურება.
ყველა დაავადებას ფსიქოსომატური ელემენტი აქვს?
დაბოლოს, მკვლევრებს აინტერესებდათ, ითამაშა თუ არა ინსულარული ქერქის რეგიონმა მნიშვნელოვანი როლი თავდაპირველი ანთებითი გამოცდილების დროს, თუ ის უბრალოდ ინახავდა ინფორმაციას, რომელიც მოგვიანებით "აღდგა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაფსიქოსომატურ დაავადებაში თავიდანვე ჩართული იყო თუ არა ფსიქიკური კომპონენტი?
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მათ გამოიწვიეს ნაწლავის ანთება გარე სტიმულით თაგვებში, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ დაავადების გამოცდილება. თუმცა, ამჯერად, მათ დათრგუნეს ინსულარული ქერქის ნეირონების აქტივობა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადება მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც კლინიკური სიმპტომების, ასევე იმუნური პასუხის თვალსაზრისით.
ეს დასკვნები მეტყველებს, რომ იმ დაავადებებსაც კი, რომლებიც ადრე არაფსიქოსომატურად ითვლებოდა, შეიძლება ჰქონდეთ ფსიქოსომატური ელემენტი. შესაბამისად, ინსულარული ქერქის როლის დადგენა იმუნურ რეგულაციაში ხსნის კარს დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ახალ გზებზე.
კომენტარები