BioNTech-ის კიბოს ვაქცინა კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზე გადავიდა
ინდივიდუალური mRNA კიბოს ვაქცინა BioNTech-ისგან კლინიკური კვლევის მე-2 ფაზაზე გადავიდა. საუბარია პაციენტზე აშშ-დან, რომელიც მიიღებს დოზას იმ განზრახვით, რომ ეს ხელს შეუშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს მესამე სტადიის განმეორებას, რომელსაც ის ახლახან გადაურჩა.
ომარ როდრიგესი, 47 წლის ტეხასიდან, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს BioNTech-ის სპეციფიკურ კიბოს ანტიგენურ თერაპიას, რომელიც კიბოს 20-მდე მუტაციას ანადგურებს. ვაქცინამ კარგი შედეგი აჩვენა წინა ფაზის პირველ კვლევებში, რამაც იმუნური უჯრედების პასუხი გამოიწვია. ინფორმაციას NBC News-ის ავრცელებს.
ვაქცინა იყენებს მსგავს ტექნოლოგიას, როგორც ფართოდ ცნობილი COVID-19-ის ვაქცინა, მაგრამ ამჯერად ის იმუნურ სისტემას ასწავლის კიბოს წარმონაქმნების თავიდან აცილებას. პაციენტის სიმსივნის ნიმუშის აღების შემდეგ, ვაქცინა მუშავდება ამ კონკრეტული კიბოს მუტაციის მიხედვით. საბოლოოდ ვაქცინა იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობას და განადგურებას ასწავლის.
პროცესს დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება და შემდეგ მონაწილეები მიიღებენ რეგულარულ დოზებს ოთხწლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში. თავიდან ეს მოიცავს კვირაში ერთ ინექციას ექვსი კვირის განმავლობაში, შემდეგ ორ კვირაში ერთხელ და ბოლოს რამდენიმე კვირაში ერთხელ. მონაწილეები იქნებიან კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, მაგრამ მისი ახლიდან განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ამ ადამიანების მნიშვნელოვან რაოდენობას 2-3 წელიწადში (30-დან 40 პროცენტამდე) კიბო გარკვეული ფორმით კვლავ უბრუნდება. ვაქცინას შემქმნელები იმედოვნებენ რომ მათ მიერ შემუშავებული სისტემა ამ პროცესის პრევენეციას მოახდენს. ტესტირება, რომელიც დაიწყო შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ესპანეთსა და ბელგიაში, დაახლოებით 200 პაციენტის მიღებას გეგმავს.
"ეს კვლევა არის მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩვენ გვსურს პაციენტებისთვის ინდივიდუალური იმუნოთერაპია ხელმისაწვდომი გავხადოთ", — თქვა ოზლემ ტურეჩიმ, BioNTech-ის თანადამფუძნებელმა და მთავარი სამედიცინო ოფიცერმა, განცხადებაში.
"ზოგჯერ სიმსივნე ისე პროგრესირებს, რომ წარმატებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს ის თავიდან უვითარდება. სიმსივნის ის კერები, რომლებიც თავდაპირველად უხილავი იყო, იზრდება და ქმნის მეტასტაზებს. ამ კლინიკურ კვლევაში მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებში კიბოს დაბრუნების პრევენციის მიღწევა გვსურს", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები