საფონდო ბირჟის ლეგენდის საინვესტიციო ფილოსოფია — უორენ ბაფეტის 7 წესი
შესაძლებელია გაგიკვირდეს, მაგრამ უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგია ექსტრაორდინარული ნაბიჯების გადადგმას არ გულისხმობს.
იყიდე ისეთი კომპანიების აქციები, რომელთა ფასიც კომპანიის ზომასთან შედარებით მცირეა და შეინარჩუნე ისინი, ვიდრე ფასიანი ქაღალდების ღირებულება საკმარისად არ გაიზრდება — უორენ ბაფეტის საინვესტიციო მიდგომა მარტივ პრინციპებს ეფუძნება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგია ერთ წინადადებაშიც კი ჩავატიეთ, ბუნებრივია, ინვესტირების მისეულ მიდგომებს მეტად ჩაღრმავება და განხილვა სჭირდება. სტატიის მომდევნო ნაწილში უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ აყალიბებს ის საკუთარ საინვესტიციო ფილოსოფიას და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს, როდესაც ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებს
უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგია
ყველა ინვესტორის საინვესტიციო გამოცდილება ინდივიდუალურია და მას შენ თავად ქმნი. ბუნებრივია, შეუძლებელია სხვის მიერ გადადგმული ნაბიჯების ზუსტად განმეორება და ამის საშუალებით წარმატების მიღწევა, თუმცა შესაძლებელია სხვების გამოცდილების გაზიარება და ამით საკუთარი, უნიკალური საინვესტიციო ისტორიის შექმნა.
ბაფეტის საინვესტიციო პრინციპები შვიდ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
1. მოძებნე უსაფრთხოების ზღვარი
ბაფეტს უყვარს, როდესაც ინვესტირებისას უსაფრთხოების ზღვარს ინარჩუნებს. ეს ინვესტორებს ზედმეტი რისკებისგან აზღვევს და ფულის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, თუ კომპანია ერთი აქციით $10 დოლარად ვაჭრობს, თუმცა რეალურად მისი ღირებულება $12-ია, მაშინ უსაფრთხოების ზღვარი 2 დოლარი გამოდის. საქმე იმაშია, რომ კომპანიის რეალურმა ღირებულებამ აქციების ფასის შემცირება უნდა დააზღვიოს, რაც, თავის მხრივ, ინვესტორის სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
ბაფეტის სტრატეგიის მიხედვით, ინვესტორმა აქციის შეძენისას იმაზე ნაკლები უნდა გადაიხადოს, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა — ეს ფირმის ზრდისა და, შესაბამისად, კომპანიის აქციების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
2. ხარისხი — ეს მნიშვნელოვანია
ბაფეტისთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია — ეს მისი საინვესტიციო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ის არასდროს ჩადებს ფულს თუნდაც ძალიან გაიაფებულ ბიზნესში, თუ ის ხარისხიან პროდუქტს ან მომსახურებას არ ქმნის. ბაფეტს ურჩევნია კონკურენტული ფასი გადაიხადოს მზარდ კომპანიაში, ვიდრე იაფად იყიდოს ისეთი ფირმა, რომელიც სამომავლოდ წარმატებას ვერ მიაღწევს.
3. არ აჰყვე მასის იმპულსებს
არ იყიდო კომპანიის აქციები მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ყველა სხვა აკეთებს და ეს "მოდაშია" — უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არის. ამასთან, ბაფეტი არასწორად მიიჩნევს იმასაც, როცა აქციების ფასის იმპულსურად აწევისას ინვესტორები ფასიან ქაღალდებს ყიდიან. მას ურჩევნია ხალხის აზრი უგულებელყოს და აქციების ფასის დადგენას მეტი ყურადღება მიაქციოს.
4. არ შეგეშინდეს ბაზრის ჩავარდნების
ჭეშმარიტ ინვესტორებს ბაზარზე არსებული რყევები არ უნდა აშინებდეთ, რადგან როდესაც ამ საქმეში ხარ, ყველა სიტუაციიდან შეიძლება მიიღო სარგებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ჩავარდნა პრობლემას არ შეგიქმნის, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია, თუ ამას მომზადებული შეხვდები.
ბაფეტს უყვარს როდესაც იმ აქციების ფასები ეცემა, რომლებიც მისი ინტერესის სფეროშია — ეს მათი ყიდვის შესაძლებლობას ქმნის. თუ გაქვს წინასწარ შედგენილი სტრატეგია, რომელიც შენს კონკრეტულ მიზნებს ითვალისწინებს, ბაზრის რყევების დროსაც კი შეგიძლია იხეირო.
5. განიხილე ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში
ბაფეტი საინვესტიციო გადაწყვეტილებების გრძელვადიან პერსპექტივაში მიღების მომხრეა. "თუ არ გსურს აქციას ფლობდე 10 წლის განმავლობაში, მასზე ფიქრი 10 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გააგრძელო", — ამბობს ის.
ბაფეტი არასდროს ირჩევს აქციებს იმის იმედად, რომ მათი ფასი მომავალ კვირაში, თვესა თუ თუნდაც ერთ წელში გაიზრდება. აქციებს ფლობას ის ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს.
6. ნუ შეშინდები, თუ არსებული სცენარი შეიცვლება
ბაფეტის რჩევით, თუ კრიზისი დადგება, ინვესტორი უნდა ეცადოს, პრობლემა კიდევ უფრო არ გააღრმაოს და მისი გადაჭრის გზებზე იფიქროს. ხშირად ხდება, როდესაც საქმე წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით არ მიდის. ამიტომ, ინვესტორმა მოქნილი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
ბაფეტმა რამდენიმე წლის წინ იპოთეკური ფირმის Freddie Mac-ის აქციები შეიძინა. ფინანსურ კრიზისამდე მან შეამჩნია, რომ კომპანიის კრედიტორები ფინანსურად არასასურველ რისკებს იღებდნენ, რის გამოც მან აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. წლების შემდეგ, როდესაც ფინანსური კრიზისი დადგა, აღმოჩნდა, რომ ბაფეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
7. ისწავლე აქციების ღირებულების შეფასება
საინვესტიციო ღირებულების სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: კომპანიის აქციებში გადაიხადე იმაზე ნაკლები, ვიდრე ის რეალურად ღირს და სამომავლოდ მიიღე მოგება. ინვესტირების ეს მიდგომა ბაფეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამგვარი ინვესტორები ცდილობენ, მაგალითად, 100 დოლარის ღირებულების კომპანია ამაზე ნაკლებ ფასად შეიძინონ. ისინი იმედოვნებენ, რომ მოვა დრო, როდესაც ბაზარი აღიარებს ამ კომპანიის ღირებულებას და აქციებსაც უფრო მაღალ ფასად გაყიდიან.
გარდა ამისა, საინვესტიციო სამყაროში მნიშვნელოვანია ფიქრის, კვლევისა და მუდმივი განვითარების — ცოდნის შეძენის პროცესი. როგორც ცნობილია, ბაფეტი საკუთარ ოფისში საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ინვესტორებს ხშირად აკვირვებთ, რომ ის დროის დიდ ნაწილს კითხვაში, ან უბრალოდ არაფრის კეთებაში ატარებს. გარდა კვლევისა, ბაფეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უბრალოდ ფიქრს — მას ამისთვის დროის დახარჯვა ნამდვილად არ ენანება.
წამყვანი ინვესტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში საკუთარი გამოცდილების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, როდესაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციების შეძენა მობილბანკის საშუალებითაც შეგიძლია, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა — 1 დოლარიდან ინვესტირების დაწყების შესაძლებლობას საქართველოს ბანკი და Galt & Taggart იძლევიან.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები