მინდა, ვუმღერო ყველა ქალს — როგორ შეიქმნა ქართული "ფემინისტური ჰიმნი"
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ახალ-ახალი ქართველი მუსიკოსები, რომლებიც ადგილობრივი მსმენელებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო სიმღერებს ქმნიან და ძირითადად ციფრულ სივრცეში გვიზიარებენ. ამის დამსახურებით მხოლოდ 1990-2000-იანების ჰიტების ნოსტალგიურად გახსენების იმედად აღარ ვართ და შესაძლებლობა გვეძლევა, იქამდე ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების შემოქმედებაც აღმოვაჩინოთ.
ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა თინათინ ნოღაიდელი, სასცენო სახელით ცნობილი როგორც Rémmée: ამ ქართველმა მომღერალმა 5 დეკემბერს გამოუშვა თავისი ახალი სიმღერა დაო, რომელიც მსმენელმა "ფემინისტური ჰიმნის" სახელწოდებით გაიცნო და რომელმაც, ალბათ, იმაზე ცხარე განხილვები გამოიწვია, ვიდრე ამას ვინმე ელოდა.
თუ აქამდე არ მოგისმენიათ, აი, სიმღერაც:
ქართული მუსიკალური სამყარო არ არის განებივრებული მუდმივი სიახლეებით და არც სოციალური პრობლემების მიმართ მსგავსი შემოქმედებითი გამოხატვის ფორმებით, რის გამოც სიმღერის პრემიერას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხადია, მსმენელების შეფასებები არ იყო ცალსახა და უმეტესად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს მოისმენდით. რადგანაც დაოს შესახებ ბევრმა სწორედ On.ge-ის სტატიიდან გაიგო, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენს მკითხველს უფრო ახლოს გაეცნო Rémmée და მისი შემოქმედებითი გზავნილის უკეთ შეფასება შესძლებოდა.
ამიტომაც გთავაზობთ მასთან ვრცელ ინტერვიუს:
როდის და როგორ გაჩნდა დაოს შექმნის იდეა?
როცა ნელი დოროყაშვილზე საჯარო ლაფის სხმა მიდიოდა, ვხედავდი, ამის ფონზე მასზე მოძალადე როგორ გააგმირეს. სახლიდან, ჩემს სთორიში ნელის წავუღიღინე: "ჩემი გმირი გიწოდე". და ასე გმირს ადგილი შევუბრუნე. იმიტომ, რომ თუ გმირის დეფინიციაზე ვთანხმდებით, გმირი ნელია. მერე ნინუცა მაყაშვილის ამბავი მიყვა. ადგე და დაასახელო მოძალადე, როცა იცი, არავინ დაგიჯერებს, იცი, რომ ლაფში გაგსვრიან, როცა მოძალადე ძლიერი, გავლენიანი მამაკაცია, რომლის უკანაც კიდევ უფრო მეტი ძლიერი და გავლენიანი კაცი დგას, როცა იცი, რომ ისინი წყვეტენ, შენ რაღაც სფეროში დარჩები თუ გაგრიყავენ, როცა იცი, რომ ყველა ტკივილს ხელახლა განიცდი ამის თქმით და მაინც ამბობ — აბა, სხვა რაა გმირობაა? მერე რამდენიმე ფემიციდი წაეწყო. და ნელ-ნელა დავწერე სიმღერაც. ფორმაზე ბევრი ვიფიქრე. მინდოდა, სიმღერა ბევრს მისწვდომოდა, ამიტომაც მაქსიმალურად გავაპაპსავე. მე ცეკვით მინდოდა ქალური სოლიდარობა და გადარჩენილი ქალები ერთად გვეზეიმა. წართმეული ქალებიც ცეკვით დაგვეტირა ერთად. ესაა ჩემი გამოხატვის ფორმა. ჩემი მაგალითია Clara Luciani-ის Soeur, რომელიც დისკოს ჟანრშია. ან Angèle-ის balance ton quoi, რადგან მე პაპსა ძალიან მიყვარს.
რატომ შეურჩიე სიმღერას სახელწოდებად დაო? რა პოლიტიკურ მნიშვნელობა აქვს ამ მიმართვას?
ფემინისტურ წრეებში "დაოს" ვეძახით აქტივისტები ერთმანეთს. ამაში სიახლე არაა. მე ეს სიტყვა იმიტომ ავირჩიე, რომ სიტყვის ძალის მჯერა. არავინ არ ძალადობს ან პირდაპირი გაგებით კლავს ქალებს არსაიდან. მანამდე იყო სიტყვა. სიტყვა კლავს. სიტყვამ გახადა ფასეულობები ფასეულობები. ჰიმნები ჰიმნები. ისტორია ისტორია. გმირები გმირები. საბედნიეროდ, სიტყვას ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. მე ჩემს გმირებად ამ ქალებს ვაცხადებ. და რადგან ვამბობ, მაშასადამე, ისინი არიან გმირები. ქალური სოლიდარობა — დობა — პატრიარქატს არ აწყობს, ამიტომ გვშლის. გვაცალკევებს. გვასწავლის, რომ ქალები ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ. ერთმანეთი გავწიროთ. თუ სოციალური ქცევა დასწავლილია, მისი განსწავლაც შეიძლება და ახლის სწავლაც. ძმობას და სამშობლოს სიყვარული თავში არავის არ ჩაფრენია. ეს, ტექსტებთან და საგმირო საქმეებთან ერთად სიმღერითაც გვასწავლეს. მე დობაზე მემღერებოდა, რადგან დობის უპირობოდ მჯერა. ავდექი და ვიმღერე.
სიმღერის ტექსტზე მუშაობის შთაგონება და მიზანი რა იყო? მაგალითად, მარტივი ამოსაცნობია, ცნობილი ფოლკის ტექსტების გადათამაშება და ფემინისტური შინაარსით დატვირთვა. თავადაც აღნიშნე, რომ მოგწონს, "როცა ქართულ პოპკულტურასა და ფოლკლორს ისე გარდაქმნი, რომ ეს ყველაფერი უფრო ფემინისტური, ქვიარმეგობრული და ინკლუზიური იყოს".
სიმღერის გმირები ქალები არიან, ვისაც არასოდეს უმღერიან. მათ ან საჯაროდ ლაფს ასხამენ ან შლიან საჯარო სივრციდან. ესენი ძალადობას გადარჩენილი ქალები და ფემიციდის მსხვერპლი ქალები არიან, მათ შორის ტრანსი დებიც. სამწუხაროა, რომ ამას შეხსენება სჭირდება: ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან. და ამის არაღიარება — ისევ სიტყვამდე დავდივართ — მათ ხოცავს. ვიმეორებ, პირდაპირი გაგებით. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ვწერ და ვმღერი. ესაა ჩემი ქალური სოლიდარობაც და ჩემი თოფი-ყვავილიც. ქალების სახელებს ვითვლი, რომ არ დამავიწყდეს. არც მათ მოძალადეებს რომ არ დაავიწყდეს: არცერთ ქალს არ შეგარჩენთ. ახლა ფოლკზეც ვთქვათ. ქალების, მათ შორის ტრანსი და ქვიარი ქალების სახელდება ამ სივრცეების დაკავებაა. ჩვენ აქედან მუდმივად გვრიყავენ. ჩემთვის, ფოლკის და პოპის მორგება, კი არ უნდა იყოს, მაგრამ არის ჯანყი.
ტექსტი ერთია და მეორე — მუსიკა და ხმა. როგორ მიხვედი იქამდე, თუ რა მოუხდებოდა ამ მნიშვნელოვან გზავნილს?
ზოგს კლასიკა მოსწონს, ზოგს პოპი, ზოგს თანამედროვე ხელოვნება. ეს უკანასკნელი ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეტალონს. მე თავს საკუთარი თავის ჟანრზე მიკუთვნებით არ ვიწუხებ. საიდანაც რა მომწონს, იმას ვიღებ. მაგრამ, არაფერ ახალს მე არ ვაკეთებ. ჩემთვის მთავარი ემოციაა. ამას ხან ნოტებით და ვოკალების გიმნასტიკით ვაღწევ, ხან უბრალოდ სიჩუმით და სუნთქვით. დაოს ძალიან ბევრი ვერსია ჩავწერე. ბოლოს პრემენსტრუალურ სინდრომს დაველოდე და ცოტა განრისხებულმა, ცოტა ატირებულმა ვიმღერე. მე მომწონს. თუ ვინმეს არ მოსწონს, რა პრობლემაა. არც მე მომწონს ბევრი ხელოვანი. ტექნიკურად, კერძოდ რეპლიკებში, ძალიან დიდ ამოცანებს შევეჭიდე. დასახვეწია ნამდვილად. მაგრამ მე ახლა ვსწავლობ და ეს ჩემი მხოლოდ მესამე პროდიუსინგია და ამ სირთულის — პირველი. უკეთესი, ცხადია, ყოველთვის შეიძლება. ექვსთვიანი შრომის შემდეგ ამას დავჯერდი. ეს კი, ხელოვანი ხალხი დამეთანხმება, პროცესის ნაწილია: რაღაც მომენტში დაუშვა, რომ გაჩერდე. მე აქ გავჩერდი. შემდეგ ტრეკზე უკეთეს ადგილას ავალ და ასე. ამ პროცესში, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია.
ამ მუსიკალური პროექტის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" იყო, რამაც ზოგიერთს კითხვის ნიშნები გაუჩინა, თუ რამდენად იყო ეს სიმღერა "გულწრფელი შემოქმედების" შედეგი და არა უბრალოდ, როგორც ამბობენ ხოლმე, "NGO-დაკვეთა".
პირველ რიგში, წინააღმდეგობრივია, ხარისხზე გქონდეს პრეტენზია და თან უფასოდ გინდოდეს ეს. რამდენადაც ვიცი, თავად სიმღერა ფასიანი არაა. უფასოდ რასაც ვისმენთ, იმაში ხელებს ჩემნაირი დამოუკიდებელი არტისტები არა, სასტიკი ინდუსტრია, მაგალითად, სპოტიფაი ითბობს. მაგალითად, 250 000-ჯერ რომ მოისმინონ ჩემი სიმღერა, სპოტიფაი მე 1$-ს გადამიხდის. ვინც ექსპლუატაციის წინააღმდეგია, გადავიდეს ბენდკამპზე და კლავიშზე უსაფუძვლო სისულელეების კაკუნს, ასე კონკრეტულად დაგვიჭირონ მხარი. დიდი მადლობა თანასწორობის მოძრაობას, მადლობა ყველა მუსიკოსს, რომელთა ნაწილის შრომაში წავიდა მთლიანი დაფინანსება, მადლობა და ბოდიში მათ, ვინც უფასოდ იმუშავეს. მათ გარეშე ეს სიმღერა იქნებოდა პიანინოზე მონოტონური კაკუნი. და ამას, როგორც ყოველთვის, მოუსმენდნენ ჩემი საყვარელი მეგობრები. საერთოდ არაა რომანტიული, როგორ კვდებიან არტისტები უფულობაში და ხელოვანთა უდიდესი ნაწილი პურს საკუთარი ხელოვნებით არ ჭამს. ვერ. რეალურად, ძალიანაც ნორმალურია, ოდესმე თუ პურს ამ საქმიანობითაც შევჭამ. იმედია. უფასო არტების მოთხოვნა სირცხვილია. ამას სახელი აქვს: ექსპლუატაცია და მონობა. არ მჯერა, რომ ამის ახსნაა საჭირო.
როგორი მოლოდინით იყავი, როცა სიმღერას უშვებდი და რამდენად გამართლდა ეს მსმენელების რეაქციების მიხედვით?
ამდენად ბევრ მოსმენას არ ველოდი. მუსიკის ინდუსტრიაში, როცა ჩამწერი სტუდია გყავს, label უზრუნველყოფს რეკლამას. პოპულარიზაციას. მე ვიცი, რამხელა კამპანია დგას დიდი მუსიკალურ წარმატების უკან. ჩემი ოთახიდან გაკეთებულ სიმღერაზე ამდენ მოსმენას და ამდენი სრულიად სხვადასხვა ქალის გაერთიანებას არ ველოდი. ეს ჩემთვის პასუხია. ამ ეტაპზე ამ წარმატების მიმართ ვგრძნობ უზომო მადლიერებას, მოწიწებას და შიშს.
გარდა მკვეთრად ანტიფემინისტური შეფასებებისა (ცხადია, მეტწილად კაცებისგან), გაჟღერდა, ალბათ, შედარებით უფრო კონსტრუქციული კრიტიკაც: მაგალითად, ზოგმა არ მოიწონა, ამ სიმღერისთვის "ჰიმნის" დარქმევა, სხვებმა კი შეუსაბამოდ ჩათვალეს ისეთ მძიმე გამოცდილებებზე ამ სტილით სიმღერა, როგორიც, მაგალითად, ოჯახში ძალადობა და ფემიციდია. რას უპასუხებდი მათ?
მე კრიტიკა ამ სიმღერისა არ წამიკითხავს. ჩემი კრიტიკოსები ჩემი მუსიკოსი მეგობრები იყვნენ, რომლებსაც ბევრი ვუსმინე და შედეგად დავდე ის, რაც დავდე. მეტ კრიტიკას ველოდები სიამოვნებით. რასაც გავიზიარებ, გავითვალისწინებ, რასაც ვერა — ვერა. ყველასი მადლიერი ვიქნები. ფორმაზე ზემოთ გიპასუხეთ. რაც შეეხება ფეისბუქზე გამოხატულ აზრს "ჰიმნის" თაობაზე: ვინც ფიქრობს, რომ ეს არაა ჰიმნი, ენდონ საკუთარ თავს: ეს მათთვის არაა ჰიმნი. ასევე, მოდით, ვაცადოთ სხვა ბევრ ქალს თავად გადაწყვიტონ. ქალებმა ჩვენ თვითონ ვიცით, რა რაა. მე პირადად, როგორც ფემინისტს, კითხვები მაქვს: თუ ძმობას აქვს ჰიმნი და ეს არაა პრობლემა, რატომ არ უნდა არსებობდეს დობაზე ჰიმნი? კაცების ჰიმნებს ვინ დაარქვა ჰიმნი? ამ ჰიმნების კაც ავტორებსაც ასეთი შემართებით დაესხა ლაფი? მე რატომღაც არ მახსენდება. თუ ვცდები, გისმენთ.
გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, კიდევ რა უნდა იცოდეს მსმენელმა Rémmée-ზე: რა არის შენი პროფესია და ამჟამად რას საქმიანობ?
მე ბევრი პროფესია მაქვს. ვარ ყოფილი ჟურნალისტი, ინგლისურის მასწავლებელი საფრანგეთში. ამჟამად სტოკჰოლმში ჩამოვბლაყუნდი წიგნის დასაწერად და საკუთარ თავთან შესახვედრად. სიმღერით რაც თავი მახსოვს, ვმღერი. 5 წელი საფრანგეთში, ლიონის სხვადასხვა სცენაზე. მეორე წელია, უკვე საკუთარი სიმღერებიც გამოვიტანე. ამჟამად არ ვმღერი, პროზას ვწერ. მგონი შემიძლია შევაჯამო, რომ მთხრობელი ვარ. ამბებს ვყვები. ჯამში, სცენაზე ვდგავარ და ჩემს ყველა სისუსტეს ვაშიშვლებ. ეს მოითხოვს თავის საფრთხეში ჩაგდებას. მე სცენაზე გამუდმებით მივდივარ ამ რისკზე, რადგან სხვანაირად არ შემიძლია.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს და კონკრეტულად მუსიკალურ კარიერაში თუ უნდა ველოდოთ სიახლეებს?
მე მყუდრო სცენაზე მიყვარს ასვლა. მეტზე ჯერ არ გავსულვარ. შტერი კი არ ვარ, არ მინდოდეს. მინდა. მაგრამ მეშინია. ვნახოთ. ვფიქრობ, თუ მაქვს პრეტენზია მეტზე. თუ გადავწყვეტ, რომ მაქვს, ამისათვის ბოდიშს არ მოვიხდი. სიმღერები მაქვს. მათი ჩაწერის ფინანსური რესურსის ძებნა ჯერ არ დამიწყია. ადამიანური რესურსიც არ ვიცი, თუ მაქვს. ჯერ ამ წიგნსაც მოვრჩე. უნდა ავწონ-დავწონო. სიმღერა ჩემი გამოხატვის ყველაზე სასიცოცხლო ფორმაა. ამიტომ ცხადია, გავაგრძელებ, მაგრამ რა საზღვრებში ვიმღერებ და ვისთვის, ეს გადაწყვეტილება მე მეკუთვნის. არავის ვალი არ მაქვს, სადმე ვიმღერო, თუ მე ამის სურვილი არ მაქვს. 37 წლის ქალი ვარ. ადამიანი ვარ. გრძნობები მაქვს. ჩემი ცხოვრება გამჭირვებია. ამ ჰიმნში ბევრი შრომა ჩავდე. ჩემთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში ჩავუშვი. ახლა ჯერ ჩემს თავს მივხედავ, ამ ყველაფერზე დავფიქრდები. მერე მშვიდად მივიღებ გადაწყვეტილებებს.
კომენტარები