შესაძლოა, ახალგაზრდების სისხლის გადასხმა გაახალგაზრდავებაში დაგეხმაროთ — კვლევა
მკვლევართა გუნდის მიერ მოპოვებულ ახალ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ახალგაზრდების სისხლი თავად ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი იარაღი აღმოჩნდეს. ახალი კვლევა ჟურნალ Nature Aging-შია გამოქვეყნებული.
პიტსბურგის უნივერსიტეტის პრესრელიზი გუნდის აღმოჩენის შესახებ იუწყება, რომლის მიხედვითაც თაგვების სისხლში არსებული ნაწილაკები, უჯრედგარე ვეზიკულები (EV), დღეგრძელობის ცილის, "კლოთოს" წარმოსაქმნელად კუნთის უჯრედებს ინსტრუქციებს უგზავნის. როდესაც თაგვი ასაკში შედის, უჯრედგარე ვეზიკულები თვალსაჩინოდ სუსტდება, შედეგად კი ცილისათვის ნაკლებ ინსტრუქციას გასცემს.
მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში შედარებით ასაკოვან თაგვებს მათი ახალგაზრდა თანამოძმეების სისხლი მისცეს. შედეგად უჯრედებმა და ქსოვილებმა მეტი ახალგაზრდული თვისება შეიძინა, მაგალითად, კუნთების გაძლიერებული რეგენერაცია, ხოლო როდესაც თაგვების სისხლიდან EV-ები გამოდევნეს, მსგავსი ეფექტი გაქრა.
თავისთავად, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად შეიძლება ეფექტის ადამიანებზე განზოგადება, მეთოდის რეალურ პაციენტებზე გამოცდის მცდელობებმა კი მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. პიტსბურგის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის წყალობით ახალ საშუალებებს მივაგნებთ, რომლებიც დაბერებისას ადამიანთა დღეგრძელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
"ერთი მხრივ, ეს გვატყობინებს, როგორ ხდება კუნთის რეგენერაცია და როგორ ფერხდება, როდესაც ასაკი გვემატება. ამ ცოდნის გაუმჯობესების შემდეგ, ვფიქრობთ, უჯრედგარე ვეზიკულებს თერაპიული საშუალების სახით გამოვიყენებთ ასაკთან დაკავშირებული დეფექტების საწინააღმდეგოდ", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა ფაბრისია ამბროსიომ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებულმა პროფესორმა.
რელიზში სხვა კვლევაცაა ნახსენები, რომელშიც გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაგვების სისხლმა შესაძლოა, უფრო ასაკოვანი თაგვების კოგნიტური შესაძლებლობები გააუმჯობესოს. თეორიულად, შესაძლოა, უჯრედგარე ვეზიკულებით მკურნალობამ ასაკში შესვლისას ჩვენც დაგვიცვას კოგნიტური უნარების გაუარესებისაგან, თუმცა საბოლოოდ ბევრი დამატებითი კვლევაა საჭირო, სანამ ახალგაზრდებისაგან სისხლის გადასხმის პრაქტიკის დანერგვაზე სერიოზულად ვიფიქრებდეთ.
კომენტარები