სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატები თავს დაესხნენ
ოპოზიციონერი ლიდერების სამი თანაშემწე აცხადებს, რომ პარლამენტის სპიკერის მოადგილის კაბინეტში მმართველი პარტიის დეპუტატები და სხვა თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოპოზიციონერების თანაშეემწეებიდან ერთ-ერთმა, გერასიმ ვარტანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მმართველი პარტიის დეპუტატების დიდი ჯგუფი და სხვა თანამშრომლები პარლამენტის სპიკერის, რუბენ რუბინიანის კაბინეტში დაესხნენ თავს.
ქვეყნის უმსხვილესი საპარლამენტო ოპოზიციის, სომხეთის ალიანსის წევრის, იშხან საღათელიანის თანაშემწის, სიუნე გევორგიანის თქმით, 7 დეკემბერს ამ ინციდენტს შეესწრო.
გვეგორიანის მტკიცებით, მან სავარაუდო თავდამსხმელებს შორის სამოქალაქო ხელშეკრულების დეპუტატები ვაჰაგნ ალექსანიანი, სისაკ გაბრიელიანი და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სიძე, ჰრაჩია ჰაკობიანი ამოიცნო.
მედიასთან თავდაპირველ კომენტარში ჰრაჩია ჰაკობიანმა დაადასტურა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო, თუმცა მასში მონაწილეობა უარყო.
"როცა მივედი, უკვე დაწყებული იყო. არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე", — განაცხადა მან.
სხვა ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის თანაშემწეები სისაკ გაბრიელიანისა და მის მიმართ უპატივცემულობას იჩენდნენ.
მისივე მტკიცებით, სომხეთის ალიანსიდან კამათში მონაწილე ერთ-ერთი თანაშემწე 2020 წლის 10 ნოემბერს, ერევანში მიმდინარე არეულობის დროს, პარლამენტის მაშინდელი სპიკერის, არარატ მირზოიანის "მკვლელობის მცდელობაში" იღებდა მონაწილეობას.
სომხეთის ალიანსის დეპუტატმა, არამ ვარდევანიანმა ძალადობას მმართველი პარტიის მიერ "წინასწარ დაგეგმილი" უწოდა. მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიცია მოტყუებით დაპატიჟეს "ყავის დასალევად".
8 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის ალიანსის ფრაქციის ხელმძღვანელმა, სეირან ოჰანიანმა მომხდარს "ხულიგნობა" უწოდა, რომელსაც "არ დაივიწყებენ".
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. საპარლამენტო დაპირისპირება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 20 ივნისის არჩევნების შემდეგ, არაერთხელ მოხდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აგვისტოს ჩხუბის საქმეზეც აქვს დაწყებული, როცა დეპუტატი, ვაჰე ჰაკობიანი და მისი თანამოაზრე ოპოზიციონერი პარლამენტის სესიაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. თუმცა ამ დრომდე, ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.
მომდევნო საპარლამენტო კონფლიქტის დროს, რომელიც იმავე თვეს მოხდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სეირან ოჰანიანმა მმართველი პარტიის წევრს, ჰაიკ სარგსიანს წყლის ბოთლი ესროლა, რადგან მან წინა თავდაცვის მინისტრებს "მოღალატეები" უწოდა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები