ბრიტანელი პალეონტოლოგის აზრით, ადამიანთა მოდგმა მალე გადაშენდება
ბრიტანელი პალეონტოლოგის, ევოლუციური ბიოლოგისა და პოპულარული სამეცნიერო გამოცემის Nature მთავარი რედაქტორის, ჰენრი ჯის განცხადებით, ადამიანთა მოდგმას ახლო მომავალში გადაშენება ემუქრება, რასაც წინ ვერ აღვუდგებით.
59 წლის მკვლევრის აზრით, ამ საუკუნის შუა პერიოდში ჩვენი პოპულაციის რაოდენობა პიკს მიაღწევს, შემდეგ კი სწრაფი ტემპით კლებას დაიწყებს. ქვეყნების უმრავლესობაში, განსაკუთრებით ღარიბ სახელმწიფოებში, შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობისას უკვე საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მალე იქ მოსახლეობის რიცხვი განახევრდეს.
ჰომო საპიენსი, როგორც სახეობა, ძველად ასეთი გავრცელებული არ იყო და გადაშენების საფრთხის წინაშეც არაერთხელ დამდგარა. თუმცა, გამრავლება ძალიან მოკლე დროში შევძელით, რის შედეგადაც გენეტიკური ვარიაციების სიმცირე მივიღეთ. ეს კი ჩვენთვის კარგს არაფერს მოასწავებს, რადგან გადარჩენის შანსებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ამას ემატება ისიც, რომ ბოლო დეკადებში ადამიანთა სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა, რისი მიზეზიც, ჰენრი ჯის ვარაუდით, გარემოს დაბინძურება და სხვებთან ახლოს ხანგრძლივად ცხოვრებისგან მიღებული სტრესია. საქმე იმაშია, რომ ევოლუციის განმავლობაში, ძირითადად, ცალ-ცალკე, ჯგუფ-ჯგუფად ვსახლობდით, ამიტომ ქალაქებში მდებარე მრავალსართულიან შენობებში ერთმანეთის მაღლა ან დაბლა ბინებში ამდენი დროის გატარებას მიჩვეულები ჯერ არ ვართ.
ასევე, იხილეთ: როგორი იქნებოდა დედამიწა ადამიანს რომ არ ეარსება
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პოპულაციის შემცირებას იწვევს, მუდმივი ეკონომიკური ზრდის სურვილისა და სასრული ბუნებრივი რესურსების შეუთავსებლობაა. ჰომო საპიენსი პირველადი პროდუქციის 25-40 პროცენტს იყენებს. ეკოლოგიაში ეს ტერმინი სხვადასხვა პროცესის დროს წარმოქმნილ ორგანულ ნაერთებს აღნიშნავს, რომელთა არასაკმარისი რაოდენობა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ბევრ ცხოველზე ცუდად აისახება. ცხოვრების იმ დონის შესანარჩუნებლად, რომელიც წინა თაობას ჰქონდა, მეტი შრომა გვიწევს. ამის გამო შვილის ყოლას იმ ასაკამდე ვაჭიანურებთ, როცა ნაყოფიერების უნარს ვკარგავთ.
მეცნიერის თქმით, ყველა არსება დგება მომენტის წინაშე, როცა მათი გადაშენება გარდაუვალი ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებენ. ეს უმთავრესად საცხოვრებელი გარემოს განადგურებაზე ერთგვარი დაგვიანებული რეაქციაა. რისკის ქვეშ უმეტესწილად ისეთი დომინანტი სახეობები არიან, როგორიც ადამიანია. პალეონტოლოგი ამბობს, რომ ამის გათვალისწინებით, ჩვენ შესაძლოა, უკვე მოსიარულე მკვდრები ვიყოთ.
საბოლოოდ, ერთადერთი კითხვა ისმის — რა დრო დაგვრჩა? ჰენრი ჯის აზრით, არც ისე ბევრი.
კომენტარები