რუსეთმა ისარგებლა, სანამ დასავლეთს ეძინა — იან კელის მიმოხილვა
"იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ვერ შეძლო ალტერნატივის შეთავაზება, კიდევ ერთი რეგიონი დარჩა მტაცებლური ძალის მოწყალების ქვეშ", — წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი. ქვემოთ წაიკითხავთ The Atlantic-ში გამოქვეყნებულ მის შეფასებებს ბოლო წლებში რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
ეს თვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველ წლისთავს აღნიშნავს. ეს გახლდათ მეორე კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის.
პირველი ომი 1994 წელს, ასევე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით დასრულდა. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პროცესს ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი გაუძღვებოდნენ.
2012 წელს მთხოვეს, ამ პროცესში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ოფიციალური მანდატით განსაზღვრული იყო ძირითადი პრინციპები ყველა გადაწყვეტისთვის — მათ შორის, ისიც, რომ რეგიონში სამშვიდობო ძალები მრავალეროვანი უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, აღმოვაჩინე, რომ მხარეებს შორის დაუწერელი შეთანხმებებიც არსებობდა. მაგალითად, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმებულნი იყვნენ, რომ მშვიდობისმყოფელი ძალა მათი სამხედროებით არ დაკომპლექტდებოდა. ამაზე თანახმა იყვნენ დაპირისპირებული მხარეებიც. ეს ყველაფერი ჩემი ერთ-ერთი პირველი ოფიციალური შეხვედრის წინ აღმოვაჩინე, როდესაც აზერბაიჯანული მხარის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ რუსი სამხედროების მთიან ყარაბაღში შეშვება მათთვისაც "წითელი ხაზის გადაკვეთის" ტოლფასი იქნებოდა. როგორც მან თქვა, "როდესაც რუსი მშვიდობისმყოფელები მოდიან, ისინი აღარასდროს მიდიან" (ეჭვის გარეშეა, რომ საქართველო და მოლდოვა, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები მალევე იქცნენ ოკუპანტებად, დაეთანხმებოდნენ ზემოაღნიშნულს).
ამის მიუხედავად, შარშანდელ ცეცხლის შეწყვეტის პროცესის მედიატორი მხოლოდ რუსეთი იყო და შედეგად გაჩენილი სამშვიდობო ძალაც მხოლოდ რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული.
როგორ მოხდა პარიზისა და ვაშინგტონის სრული მარგინალიზება? ერთ-ერთი მიზეზი კრემლის შეუვალი სურვილია, აღადგინოს რუსეთის ჰეგემონია მიწაზე, რომელიც თავის ისტორიულ ტერიტორიად მიაჩნია და მინიმუმამდე დაიყვანოს რეგიონში დასავლეთის ჩართულობა.
მაგრამ არის მეორე მიზეზიც: ნების ნაკლებობა თეთრი სახლისა და ელისეს სასახლის მხრიდან, ჩართულიყვნენ მედიაციის პროცესში. უკანასკნელი კონფლიქტის აფეთქებამდე საფრანგეთისა და შეერთებული შტატების დიპლომატები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ თავიანთი ლიდერები, დაპირისპირებულ მხარეთა პრეზიდენტები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოთ, თუმცა ამერიკისა და საფრანგეთის ადმინისტრაციებს ეს არ გაუკეთებიათ. პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დონალდ ტრამპმა, ორივემ უარი თქვა ამგვარი სირთულის მქონე საუბრებში ჩართვაზე. რატომღაც ორივეს სჯეროდა, რომ ამერიკელ პრეზიდენტს ამ პროცესის მხოლოდ საბოლოო, შემაჯამებელ ცერემონიაში ხელის მოწერით უნდა მიეღო მონაწილეობა.
სამაგიეროდ, სამი თავდაპირველი მედიატორისგან მესამე მზად იყო, მოლაპარაკებებში ჩართულიყო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პუტინი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად მასპინძლობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს.
ამგვარად, როდესაც 2020 წელს ომი დაიწყო, პუტინი უკვე მზად იყო, გამოეყენებინა თავისი გავლენა საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად (უნდა აღნიშნოს, რომ თურქეთს, რომელიც ომის დროს აზერბაიჯანს მაღალტექნოლოგიური იარაღით ამარაგებდა, სადამკვირვებლო პოსტზე დღეს თავისი ოფიცრები ჰყავს). პარიზმა და ვაშინგტონმა, რომლებმაც კონფლიქტის მოგვარება, ფაქტობრივად, მოსკოვს გადააბარეს, მხოლოდ და მხოლოდ შვება გამოხატეს იმ ომის დამთავრების შემდეგ, რომელმაც რუსული სამშვიდობო ძალის გაჩენას შეუწყო ხელი — იმისდა მიუხედავადაც კი, რომ პუტინმა ისინი ეფექტიანად ჩამოაშორა პროცესს.
რუსეთი ახლა ისეა მძღოლის სავარძელში მოკალათებული, როგორც არასდროს. ახლა მას კავკასიის სამივე ქვეყნის მიწაზე ჰყავს სამხედროები, აქედან ორში (აზერბაიჯანსა და სომხეთში) მასპინძლის თანხმობით, ერთში კი (საქართველოში) — თანხმობის გარეშე. ამასთან, მოსკოვი რეგიონისთვის ახალ მრავალეროვან მექანიზმს ამზადებს სახელწოდებით, "3+3", რომელიც კავკასიის სამ ქვეყანასთან ერთად სამი არალიბერალური (და ყოფილი იმპერიული) ძალის — რუსეთის, თურქეთის და ირანის თანამშრომლობას მოიაზრებს.
აზერბაიჯანი თანახმაა ამ ფორმატში მონაწილეობაზე, რომელიც რეგიონში, უპირველეს ყოვლისა, ახალი ჩრდილო-სამხრეთული სავაჭრო გზების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველო, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული და სომხეთი, რომელიც სასაზღვრო უთანხმოებაშია აზერბაიჯანთან, ჯერ არაფერს დათანხმებია, თუმცა მათ რეგიონში ახალი ეკონომიკური ინიციატივის განხილვის მიმართ ღიაობა გამოთქვეს. რეგიონში ვაჭრობა ემბარგოების გამო დიდი ხანია, დაბლოკილია, რისი მიზეზიც მთიან ყარაბაღსა და საქართველოში არსებული კონფლიქტებია.
რატომ უნდა ანაღვლებდეს ეს დასავლეთს? პირველ რიგში, ძალთა ბალანსის გადანაწილებაა გასათვალისწინებელი: აზერბაიჯანი და საქართველო დიდი ხანია, მხარს უჭერენ "სამხრეთის დერეფანს" კასპიის აუზის გაზის ტრანსპორტირებისთვის, რაც რუსეთისა და ირანის გავლით არსებულ მარშრუტებს აუვლის გვერდს. ამ ქვეყნებისთვის დასავლურ სავაჭრო ბაზარზე გასვლის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება დაასუსტებს მოსკოვისა და თეირანის ეკონომიკურ ძალაუფლებას და, შედეგად, შეამცირებს ამ უკანასკნელთა უნარს, დააფინანსონ საზღვარგარეთული მავნე კამპანიები. რუს სამხედროთა შესაჩერებლად ასევე აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა: 2011 წელს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოს თავს იმ მოტივით დაესხა, რომ მისთვის და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ხელი შეეშალა, გაწევრიანებულიყვნენ NATO-ში.
თუმცა ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი. იმისდა მიუხედავად, რომ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყანა, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, დღეს დამოუკიდებელია, ისინი ჯერ კიდევ არ არიან მოსკოვის ზეგავლენისგან ბოლომდე გათავისუფლებულები. ამ ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვას რუსეთი მუქარებითა და ემბარგოებით ცდილობს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ სამივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ორ მათგანს, საქართველოსა და სომხეთს, პროევროპული ორიენტაცია აქვს და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზეც აქვთ ხელი მოწერილი (ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობაც სურს).
მოსკოვის ქმედებებმა შეიძლება კავკასიის აღმოსავლეთ-დასავლური ორიენტაცია ჩრდილო-სამხრეთულით შეცვალოს და როდესაც ახალი სავაჭრო გზები ჩამოყალიბდება, რუსეთს ისეთივე ბერკეტი ექნება ამ რეგიონის წინააღმდეგ, როგორსაც უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვისა და სხვათა მიმართ იყენებს. კრემლმა არაერთხელ გამოიყენა ბოროტად თავისი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პოზიცია მილსადენებისა და სახმელეთო მარშრუტების მიმართებით, რათა დაესაჯა ქვეყნები, რომლებიც ბედავენ და დასავლეთისკენ ხელახლა ორიენტირდებიან.
და მაინც, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ბუნდოვანი პერსპექტივის გარდა, დასავლეთს 3+3-ის ალტერნატივად ბევრი არაფერი შეუთავაზებია. სუბრეგიონული კავშირი, "სამი ზღვის ინიციატივა", რომელიც ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის ქვეყნებს აერთიანებს, მხოლოდ ევროკავშირის წევრებს მოიცავს. საქართველო და უკრაინა კი, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანების დიდ სურვილს გამოთქვამენ, ამ გეოპოლიტიკურად დაკავშირებული სივრცის მიღმა დარჩნენ, რაც მათ რუსეთისათვის იოლ საკბილოდ აქცევს.
NATO-მ, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე სამი წევრი ქვეყანა ჰყავს, უფრო და უფრო მეტი ყურადღების დათმობა დაიწყო ამ რეგიონის უსაფრთხოებისათვის. მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო. მართალია, მან ბალტიისპირეთის თავდაცვა გააუმჯობესა, თუმცა შავი ზღვის ირგვლივ უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი ნაპრალია. რუსეთი განუწყვეტლივ, დაუსჯელად ემუქრება NATO-ს საზღვაო და საჰაერო უფლებებს და უკანონოდ ისაკუთრებს საერთაშორისო წყლებს თუ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ აკვატორიას.
გარდა ამისა, ეს ლიმიტირებული და პატარა კავშირებია და არც ისე დიდ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ დახმარებას წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ვერ შეძლო რეალისტური ალტერნატივის შეთავაზება, კიდევ ერთი რეგიონი დარჩა მტაცებლური ძალის მოწყალების ქვეშ და ხელი შეუწყო მორიგი არასტაბილური ზონის შექმნას. დასავლეთი იქამდე უნდა გააქტიურდეს დიპლომატიურ თამაშში, ვიდრე რეგიონი უფრო მეტად მოექცევა რუსული, არალიბერალური ჰეგემონიის ქვეშ.
კომენტარები