საცურაო აუზი სამეგრელოში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურება, ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული არ არის. ასევე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საცხენოსნო კლუბი შშმ პირებს უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კლუბში მხოლოდ დოღის ცხენები ჰყავდათ. ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დამცველები საუბრობენ.

შშმ ქალთა და შშმ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეამ, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, ჩაატარა თვისებრივი კვლევა, სადაც შშმ პირებმა და მშობლებმა ამ კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემები დაასახელეს. ჩამოთვლილ ორ საკითხზეც სწორედ მათ ისაუბრეს.

ასოციაცია დეას დირექტორის, მადონა ხარებავას განმარტებით, მსგავსი შემთხვევები გამოწვეულია იმით, რომ ტენდერის გამოცხადებისას თუ პროექტის შედგენისას არ არის გათვალისწინებული, ვისზეა სერვისი გათვლილი და რა საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს.

ასოციაცია დეას დირექტორი

ფოტო: Facebook/მადონა ხარებავა

"როდესაც ამბობ, რომ აი, ეს შშმ ბავშვებისთვის კეთდება და, ელემენტარულად, არ გყავს ინსტრუქტორი, სპეციალისტი მომზადებული, მსგავსი სერვისები აბსოლუტურად არაფერს გაძლევს, გარდა იმისა, რომ თანხა წყალში იყრება ყოველგვარი შედეგის გარეშე. შეიძლება, სხვა სარგებლობს, მაგრამ არ უნდა თქვა, რომ ეს არის შშმ ბავშვებისთვის", — გვეუბნება მადონა ხარებავა.

ასოციაცია დეა 1998 წელს ზუგდიდში დაფუძნდა. ორგანიზაცია სხვადასხვა საკითხზე მუშაობს, მათ შორისაა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში, მათ მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში. ორგანიზაცია ძირითადად საქმიანობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თუმცა აგრეთვე მოიცავს საქართველოს სხვა რეგიონებსაც.

შშმ პირთა მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ფოტო: Next Rebel / Dribbble

ასოციაცია დეას იურისტი, ნინო ყუფუნია ამბობს, რომ რეგიონებში შშმ პირთა უფლებრივი და საჭიროებების დაკმაყოფილების მხრივ თბილისთან შედარებით გაცილებით რთული მდგომარეობაა.

"ზოგადად, რეგიონებში რთული მდგომარეობაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულია გარკვეული პროგრამები შშმ ბავშვების გარემოსთან ადაპტირების გაუმჯობესების, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის, შშმ პირთა სოციალური დაცვის და რეაბილიტაციის მიმართულებებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი მათი სრული ინტეგრაციისთვის", — გვიყვება ნინო ყუფუნია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციასა და არათანასწორ მოპყრობას და არ აქვთ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი პირობები, აქვთ განათლების მიღებისა და დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა, ხოლო საზოგადოებაში ინტეგრაციისას ხვდებიან ფიზიკურ და სოციალურ ბარიერებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამეგრელოს რეგიონია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობები უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებად ითვალისწინებს შშმ პირების საჭიროებებს. ამასთან, პრობლემურია ტრანსპორტით გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ზუგდიდის მერიას აქვს განახლებული თანამედროვე ავტობუსები, რომლებიც მორგებულია ეტლით მოსარგებლეებზე.

"პრობლემას წარმოადგენს ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელი გზები, რომლებიც არ ითვალისწინებს ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებებს. ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას კვლავ გაუთვალისწინებელი რჩება უსინათლო პირთა საჭიროებები. კვლევის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასოა შშმ პირებისთვის. როგორც აღინიშნა, ეს ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკლუზიას", — ვკითხულობთ კვლევაში.

ასოციაცია დეას დირექტორი ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად კარგი სერვისია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის. თუმცა კვლევის ფოკუსჯგუფში მონაწილე ერთ-ერთი შშმ ბავშვის დედა აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სეანსების რაოდენობა, რომელსაც მერია აფინანსებს, მისი შვილისთვის საკმარისი არ არის და მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.

"თავიდან იყო 15, შემდეგ ვიბრძოლეთ და გახდა 18, თუმცა მაინც ვერ მივაღწიეთ 20 საათს, როგორც თბილისშია", — ამბობს კვლევის მონაწილე, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის დედა.

საიდან იწყება შშმ პირთა ინტეგრაცია?

ფოტო: Trish Mahoney / Dribbble

შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია რთული და კომპლექსური საკითხია. მადონა ხარებავას განმარტებით, მხოლოდ კონკრეტული სოციალური პაკეტი ან თუნდაც ერთჯერადი დახმარება საერთო სურათს ვერ შეცვლის.

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შშმ პირებს შევხედოთ როგორც არა სოციალური დახმარების მიმღებებს, არამედ, როგორც საზოგადოების ნაწილს.

მადონა ხარებავა

"პრობლემის გადაჭრას უნდა შევხედოთ კომპლექსურად. უნდა გავითვალისწინოთ ასევე შშმ პირების და მათი ოჯახის საზოგადოების დამოკიდებულება. ეს არის თავად შშმ პირის დამოკიდებულება — დამოკიდებულება მათი ოჯახის, ახლობლების, საზოგადოების; ასევე სკოლის, მასწავლებლების, მშობლების და ადმინისტრაციის მიმღებლობა; სერვისები, რომლებიც სკოლას უნდა გააჩნდეს; დასაქმების სფეროში დამსაქმებლის დამოკიდებულება; ის სოციუმი და გარემო, რომელიც ამა თუ იმ კომპანიაში პირს დახვდება და ა.შ.", — გვითხრა მადონა ხარებავამ.

როგორც ასოციაციის დირექტორი ამბობს, საქართველოში ყველაზე რთულ მდგომარეობაში ზრდასრული შშმ პირები არიან. მათი რეაბილიტაციის სერვისები სახელმწიფოს არც ცენტრალურ და არც რეგიონულ დონეზე თითქმის არ აქვს. ის ასევე განმარტავს, რომ უმნიშვნელო დაფინანსებით (რომელიც თვეში ძირითადად 8.30 თეთრს შეადგენს) შედეგის მიღწევა რთულია. მისი შეფასებით, საუკეთესო, ბუნებრივი გზა არის ინკლუზიური განათლება, რომელიც ბაღიდან უნდა დაიწყოს.

"როდესაც ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ხარ ჩართული, რა თქმა უნდა, შემდეგ იქნები საკმაოდ კონკურენტუნარიანი დასაქმების სფეროში. უმტკივნეულოდ გადასვლა ხდება განათლებიდან დასაქმებაში, ეს არის საუკეთესო გზა ინტეგრაციისთვის. ეს გზა რომ გაიაროს შშმ პირმა, ამისთვის სჭირდება საგანმანათლებლო, ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისი. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ამ ადამიანებს შევხედოთ როგორც არა სოციალური დახმარების მიმღებებს, არამედ, როგორც საზოგადოების ნაწილებს", — თქვა ხარებავამ.

შშმ ქალებისა და გოგოების პრობლემები

ფოტო: Nadya Fedrunova / Dribbble

საქართველომ 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კანონი მიიღო, რომელმაც შშმ პირთა უფლებების დაცვის, რეალიზების კონკრეტული მექანიზმები შექმნა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები ხშირად ექცევიან ძალადობის, ფიზიკური ხელყოფისა და შეურაცხყოფის, უარყოფისა და უპატივცემულო დამოკიდებულების, ცუდი მოპყრობისა და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ, როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე — მის გარეთ.

ნინო ყუფუნია

კანონში მრავალმხრივი დისკრიმინაციიდან გამომდინარე, ცალკე მუხლი ეთმობა შშმ ქალებს და გოგოებს. როგორც ასოციაცია დეას იურისტი, ნინო ყუფუნია განმარტავს, ძალადობის, ფიზიკური ხელყოფისა და შეურაცხყოფის შემთხვევები შშმ ქალებთან და გოგოებთან გაცილებით ხშირად გვხვდება.

"კანონით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება სხვა ქალებთან თანასწორად. 1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს საერთაშორისო კონვენციას ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა, მიუხედავად აღიარებისა, გენდერული უთანასწორობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა ორმაგად უფრო მწვავედ ვლინდება შშმ ქალთა მიმართ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები გაცილებით ხშირად ექცევიან ძალადობის, ფიზიკური ხელყოფისა და შეურაცხყოფის, უარყოფისა და უპატივცემულო დამოკიდებულების, ცუდი მოპყრობისა და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ, როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე — მის გარეთ", — ამბობს იურისტი.

ასოციაციის დირექტორის თქმით, როდესაც გენდერზე და ქალთა მიმართ დისკრიმინაციაზე დაიწყო საუბარი, შშმ ქალები და გოგოები ყველას დაავიწყდა. ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო ამაზე საუბარი და უკვე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიმართულებით პროექტებს ახორციელებს.

"გენდერულ საკითხებზე მუშაობის პროცესში ყველას დაავიწყდა, რომ არსებობენ შშმ ქალები. თავიდანვე არ და ვერ აღიარეს ქალებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. თვით ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოგვიანებით დაიწყეს ამაზე საუბარი და შემდეგ მუშაობა ამ მიმართულებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით დაიწყო პირველი ეტაპი", — ამბობს მადონა ხარებავა.

ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის ავტორიც თამარ მახარაძეა, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მოსახლეობაში დომინირებს ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც ხშირად აისახება ქალიშვილების განათლების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაზე. გენდერული ფაქტორი შშმ პირებთან მიმართებით უფრო მწვავედ იჩენს თავს.

ცვლილებები

ფოტო: Kit8/ Dribbble

რესპონდენტები საუბრობდნენ დადებით დინამიკაზეც შშმ პირთა უფლებების თვალსაზრისით. მათი თქმით, უფრო მეტად ხდება შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და სერვისების მიწოდება. საკანონმდებლო ბაზის გამართულობაზე იურისტმაც ისაუბრა, თუმცა გამოყო რამდენიმე ხარვეზი.

"კანონს აკლია კონვენციით დადგენილი მნიშვნელოვანი ცნებები და ზოგიერთ შემთხვევაში მისი დებულებები აწესებს უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე კონვენციაშია. კანონი არ ითვალისწინებს ასევე სხვადასხვა შესაძლებლობათა შეზღუდვის ტიპების მქონე შშმ პირთა განსხვავებულ საჭიროებებს დასაქმების სფეროში. საკმაოდ ხანგრძლივია და არ იძლევა დროული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სისტემური პრობლემების გადაჭრისთვის კანონით განსაზღვრული ვადები", — გვითხრა ნინო ყუფუნიამ.

პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პაკეტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყოს შშმ პირთა საჭიროებები და მოხდეს მათ საჭიროებებთანგარემოს ადაპტაცია. ამასთან, ქვეყანაში არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ რეგიონულ დონეზეც უნდა დაიხვეწოს პროგრამები.

სტატია მომზადდა ასოციაცია დეას პროექტის "შშმ პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა" ფარგლებში, ფონდის "პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური" (BFDW) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი.გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს დონორების პოზიციას.