სიცილი სიბნელეში: სოციალისტური ბანაკის 5 კომედიური სამეცნიერო ფანტასტიკა
სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ხელოვნებაზე არსებული შეზღუდვების პირობებში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების შემქმნელებმა განსხვავებული, უკეთესი მომავლის წარმოსადგენად იუმორი გამოიყენეს. აინშტაინის მკვლელობის მისიის მქონე ჩეხეთის სექსსიმბოლოდან დაწყებული, "საბჭოთა მონტი პაითონად" მოხსენიებული "ქინ-ძა-ძათი" დამთავრებული — წარმოგიდგენთ კომედიური ჟანრის ხუთ სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელთა ყურებაც დროის კარგვა ნამდვილად არ არის.
საბჭოთა კავშირში ტექნიკურ პროგრესსა და თავგანწირვას გზა ნათელ და გამარჯვებებით სავსე მომავლამდე უნდა გაეკვალა. თუმცა, თავად სოციალისტებს შორისაც იყო ეჭვები, რომ ადამიანები ახალი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნებს საკმარისად სწრაფად ვერ დააკმაყოფილებდნენ. იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი კოსმოსურ რბოლაში ჩაერთო, სოციალისტური ხელოვნება, განსაკუთრებით — ლიტერატურა და კინო, მომავალს თავისებურად წარმოიდგენდა. კოსმოსის შთამბეჭდავი ხედები ხელოვანებისთვის შთაგონების ახალ წყაროდ იქცა და მათ მიეცათ შესაძლებლობა, ძველი კონფლიქტები ახალი ფორმებით წარმოედგინათ.
შედეგად, სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმალისტური შესაძლებლობები მალე მთლიანად იქნა ათვისებული, რაც ოფიციალური პროპაგანდის დახმარებით მოხდა. მას ქვეჟანრებიც დაუმატეს, რომელთა შორის კომედიაც იყო. როგორც აღმოჩნდა, "ნერდული" იუმორით აწმყოზე ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა. ეს თითქოს უწყინარი მიდგომა ბერლინის კედლის აღმოსავლეთი მხარის ხელოვნებაში მალე განვითარდა და სისტემაზე ეზოპეს ენით ხუმრობები სულ უფრო და უფრო მახვილი გახდა. ამასთანავე, კომედიური სამეცნიერო ფანტასტიკა თერაპევტული მეთოდიც იყო იმ უკეთესი მომავლის წარმოსადგენად, სადაც დიქტატორულ რეჟიმთან წინააღმდეგობის და ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრობლემები გადაჭრილი იქნებოდა.
1. მეზგას ოჯახი (უნგრეთი, 1969-1978 წლები)
რეჟისორი: იოჟეფ ნეპი
პანონია ანიმაციური ფილმების ყველაზე დიდი სტუდია იყო უნგრეთში. ათწლეულების განმავლობაში შეუწყვეტელი მუშაობისა და ასობით მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ, მათ 1981 წელს ოსკარიც კი მოიპოვეს. პანონიას ისტორიაში 1960-იანები განსაკუთრებით პროდუქტიული პერიოდი იყო, როცა მისი უამრავი ანიმატორი, სცენარისტი და რეჟისორი პოპულარობას იძენდა. სწორედ ამ დროს დაიწყო იოჟეფ ნეპმაც სახელის მოხვეჭა თავისი ადრეული ნამუშევრებისთვის, ამიტომაც სტუდიამ სწორედ მას მიანდო ისეთი ანიმაციური სერიალის შექმნა, რომელიც ტელევიზიის, როგორც ახალი მედიუმის, მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
შედეგად, 1969-დან 1978 წლამდე პანონიამ მეზგას ოჯახის სამი სეზონი შექმნა, რომელთაგან თითოეული 20-20-წუთიანი 13 სერიისაგან შედგებოდა. უნგრულ სიმფსონებად შერაცხილი მეზგას ოჯახი სოციალისტურ სისტემაში მცხოვრები სამაგალითო ბირთვული ოჯახია, რომელიც დღეს შეგვიძლია, იმდროინდელი საშუალო კლასის კარიკატურად განვიხილოთ. ყველაზე პოპულარული პირველი სეზონი გახლავთ, რომელსაც "შეტყობინება მომავლიდან — მეზგას ოჯახის დაუჯერებელი თავგადასავლები" ეწოდება. ვუნდერკინდი შვილის დამსახურებით, ოჯახი კონტაქტს დაამყარებს MZ/X-სთან — მათ შთამომავალთან 30-ე საუკუნიდან და ყოველ ჯერზე, როცა ის მეზგას ოჯახს პატარა სათხოვარს უსრულებს, კატასტროფა ხდება.
2. ჯენტლმენებო, მე აინშტაინი მოვკალი (ჩეხოსლოვაკია, 1970 წელი)
რეჟისორი: ოლდრჟიხ ლიპსკი
ჯენტლმენებო, მე აინშტაინი მოვკალი იწყება გრძელი სცენით, სადაც ორი წვერულვაშიანი ადამიანი ერთმანეთს კოცნის. დიალოგიდან ვხვდებით, რომ ქალებს სახეზე თმები გაეზარდათ და შვილების ყოლა აღარ შეუძლიათ, რაც ატომური ექსპერიმენტების შედეგია. ეს ფილმი 1999 წლის ისეთ რეალობას ასახავს, როგორიც 1960-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაში წარმოიდგინეს. ამ ფუტურისტული პრობლემების მოსაგვარებლად გაერო წარსულში მთელ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს გზავნის, რათა მათ აინშტაინი, ატომური ფიზიკის მამა მოკლან. ამ მეცნიერებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ჩეხეთის სექსსიმბოლოდ წოდებული იანა ბრეიხოვა თამაშობს, აინშტაინი შეუყვარდება და, პეპლის ეფექტის მოქმედების პირობებში, მალე ნათელი ხდება, რომ მას ისტორიის გადაწერის მხრივ სულ სხვა გეგმები აქვს.
ფილმმა რამდენიმე წლის წინ დიდი პოპულარობა მოიპოვა, როცა აღმოაჩინეს, რომ მან სელფის ჯოხების შექმნა იწინასწარმეტყველა. თუმცა, ამის გარეშეც, ჯენტლმენებო, მე აინშტაინი მოვკალის ვიზუალი, კოსტიუმები და ხმის დიზაინი სრულიად გასაოცარია. დაუჯერებელიც შეიძლება იყოს, რომ ასეთი მდიდრული ვიზუალის ფილმი, რომელსაც მომავლის დეტალიზებული ხედვა აქვს, სოციალისტური კინოს პროდუქტია. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ამ ფილმის გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ინდჟრიხ პოლაკმა Icarus XB-1 გადაიღო — ნამუშევარი, რომელსაც ხშირად კუბრიკისა და ტარკოვსკის შედევრებს ადარებენ.
3. სექსმისია (პოლონეთი, 1984 წელი)
რეჟისორი: იულიუშ მახულსკი
როგორც ფილმში, ჯენტლმენებო, მე აინშტაინი მოვკალი, სექსმისიის შემქმნელებსაც პოსტატომური სამყაროს ქალებისათვის განსაკუთრებული ბედი ჰქონდათ გამზადებული. 1991 წელს ორი მოხალისე ღრმა ჰიბერნაციას მიეცემა რევოლუციური აღმოჩენის გასაკეთებლად. თუმცა იმის მაგივრად, რომ გეგმისამებრ სამი წლის შემდეგ გაიღვიძონ, ისინი 2044 წელში გამოფხიზლდებიან. აქ მხოლოდ "მეორე სქესია" დარჩენილი — კაცები გადაშენდნენ და ქალები ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით მრავლდებიან. თავიდან წარსულიდან მოსულ ამ ორ კაცს სასაცილო ანაქრონიზმად მიიჩნევენ, მაგრამ შემდეგ ფემინისტი სამხედროები მათში საფრთხეს დაინახავენ.
კომედიურ ფონს ქმნის ის, თუ როგორ ტიპაჟებს განასახიერებენ მთავარი გმირები. ისინი იდეალური მაგალითები არიან სოციალისტური წყობის კაცების — ერთი ოპორტუნისტია, მეორე კი — იდეალისტი. ცალკე კომედია დაიწერებოდა ფილმისთვის განკუთვნილი ასობით დისკო-ფეტიშისტური კოსტიუმის წარმოების საგაზე ან, თუნდაც, იმ მოხერხებულ ტაქტიკაზე, რომლის საშუალებითაც ამ ფილმმა ცენზურას გვერდი აუარა. თავად ფილმი კი დღეს ნათელი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად სახიფათოა ნებისმიერი სახის ტოტალიტარული რეჟიმი. სექსმისია 2008 წელს Film magazine-ის მიერ საუკუნის საუკეთესო პოლონურ კომედიად დასახელდა.
4. ქინ-ძა-ძა (საბჭოთა კავშირი, 1986 წელი)
რეჟისორი: გიორგი დანელია
ქინ-ძა-ძა იმის მაგალითია, თუ როგორ ახერხებდა საბჭოთა კავშირის კინო ცენზურის მახეებს შორის ნავიგაციას. მან საბოლოო მონტაჟისა და ფართო გავრცელების უფლება მხოლოდ რეჟისორის, გიორგი დანელიას დამსახურებით მოიპოვა. ქართველი რეჟისორი სცენარის ერთ-ერთი ავტორიცაა თავის მუდმივ თანაავტორთან, რევაზ გაბრიაძესთან ერთად. ქინ-ძა-ძა სათავგადასავლო ფილმია: მშენებელი ვოვა და ქართველი სტუდენტი, გედევანი, შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს მოსკოვის ქუჩაში, როცა დახეულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცის დახმარებას გადაწყვეტენ. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ სხვა პლანეტიდანაა მოსული, რისიც მთავარ გმირებს არ სჯერათ. თუმცა მოულოდნელად ისინი ტელეპორტირდებიან ქინ-ძა-ძას გალაქტიკაში, რითაც პროტაგონისტების ვარსკვლავთშორისი ოდისეა იწყება.
ეს ფილმი სარკასტულად განიხილავს პროვინციალიზმსა და კოლონიალიზმს საბჭოთა კავშირის პოლიტიკაში. ამის გამო ალბათ მხოლოდ გორბაჩოვისეული "გარდაქმნისთვის" ნიშნეულ ქაოსში თუ მოხერხდებოდა მისი გადაღება. ეკოლოგიური საკითხების მნიშვნელობაზე ფილმის გზავნილი დღესაც აქტუალურია. გიორგი დანელიას შედევრს ბევრი განიხილავს საბჭოთა კავშირისეულ მონტი პაითონად მისი აბსურდული, სასაცილო სცენების გამო ან თუნდაც დანის პირზე მორბენალად, რადგან აქაც განსაკუთრებული ყურადღება ეგზისტენციალურ საკითხებზე მახვილდება. მაგრამ ის ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს დაგლას ადამსის ნაწარმოებს, ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში — ოღონდ გზამკვლევის გარეშე.
5. პრინცის მეცამეტე პატარძალი (ბულგარეთი, 1987 წელი)
რეჟისორი: ივანკა გრიბჩევა
ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორის, ივანკა გრიბჩევას ნაშრომები 1970-იანებში ბავშვებისთვის განკუთვნილი სრულმეტრაჟიანი ფილმები და სერიალები იყო. მისი ყველაზე ამბიციური პროექტიც, პრინცის მეცამეტე პატარძალი, რომელშიც ბულგარეთის ფილმისა და თეატრის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ძირითადად ბავშვებისთვის იყო, თუმცა რეალურად მთელი ოჯახისათვის საყვარელ ნამუშევრად იქცა. სიუჟეტი შეიძლება ერთობ უცნაური გეჩვენოთ: პრინცესა შეუხედავი და განებივრებულია, პრინცი კი — შეპყრობილი ისეთი პატარძლის პოვნის იდეით, რომელიც მის "მიყვარხარს" ინგლისურად უპასუხებს. ფილმში, ამასთან, სამეფო კარის ინტრიგებს, დამწყებ ილუზიონისტებს, სოფლად მცხოვრებ გულწრფელ წყვილს, სხვა პლანეტიდან ჩამოვარდნილ მფრინავ თეფშსა და მის სამ მოზარდ მგზავრსაც ვხვდებით.
ვარსკვლავური ომების აშკარა ზეგავლენის გარდა, პრინცის მეცამეტე პატარძლის ინტერპრეტირება შეიძლება როგორც გრიბჩევას კომენტარი სოციალისტური ბულგარეთის მმართველ კლასზე. ის პარტიზანების და ცნობილი ანტიფაშისტების შვილი გახლდათ და მისი ფილმის პოლიტიკური ქვეტექსტიც ცხადზე ცხადია — იმის მიუხედავად, რომ ის იუმორითა და დასამახსოვრებელი დიალოგებითაა შენიღბული.
კომენტარები