გასული საუკუნის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო მოთხრობები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

უტა ფაზიას და გივი ოძელის სამეცნიერო ფანტასტიკური სამყაროები

სანამ კითხვას დასვამდეთ, დაგასწრებთ და გეტყვით: კი, ამ ჟანრში ჩვენთან იმდენი დაწერილა, რომ ასარჩევადაც კი გვაქვს საქმე.

ალბათ, რომ მოინდომოთ და გონება დაძაბოთ, თქვენც გაიხსენებთ ბავშვობაში სახლის ან სკოლის ბიბლიოთეკაში შემთხვევით ხელში მოხვედრილ წიგნს, რომლის ფურცლებზეც უტა ფაზია თავისი კოსმოსური ხომალდით, "ფარნავაზით" ირმის ნახტომის NR მიკროასოციაციის პლანეტებზე მოგზაურობდა; ან, შეიძლება, ის მოგაგონდეთ, როგორ გირჩიათ სამეცნიერო ფანტასტიკაზე შეყვარებულმა დეიდამ შორეული ვარსკვლავური სისტემების გადამსერავი უშიშარი კოსმონავტის, გივი ოძელის ისტორიების წაკითხვა.

მაგრამ თუ მსგავსი ვერაფერი მოიგონეთ, არც ეგაა სამყაროს დასასრული. აქ ჩვენ ზუსტად იმისთვის ვართ, რომ გასულ საუკუნეში დაწერილი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ტექსტები გამოვარჩიოთ.

საუკეთესო-მეთქი ვამბობ და აქვე თავი უნდა ვიმართლო: რა თქმა უნდა, სტრუგაცკების, ლემის ან თუნდაც სილვერბერგის დონის მწერლები ჩვენ არ გვყოლია (და თუ რატომ არ გვყოლია, ეგ ცალკე და ხანგრძლივ საუბარს მოითხოვს). ამის მიუხედევად, საბჭოთა რეჟიმის შიგნით ჩვენში მაინც იწერებოდა ყურადღების და დაფასების ღირსი სამეცნიერო ფანტასტიკა.

ამასთან, ეს სია უკიდურესად სუბიექტურია, რადგან ის ერთმა ადამიანმა თავისი ახირებული გემოვნების საფუძველზე შეადგინა. თუმცა ობიექტურობის რაღაც დონეზე მაინც რომ გვქონდეს პრეტენზია, ვიტყვი, რომ მოთხრობების არჩევისას 3 კრიტერიუმი მაინც განვუსაზღვრე თავს: სიუჟეტის ორიგინალურობა, პერსონაჟების მრავალგანზომილებიანობა და ტექსტის მხატვრული ღირებულება.

ედიშერ ყიფიანის "დროთა კავშირი" (1967 წელი)

ფოტო: ნაკადული

თუ პირველი ქართული ჭეშმარიტად სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი ალექსანდრე აბაშელის (იმავე ისაკ ჩოჩიას) 1930 წელს გამოცემული, ქალი სარკეში არის, დროთა კავშირი პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობაა. ის, მართალია, სულ პირველად ცალკე წიგნად დაიბეჭდა, მაგრამ მოცულობით 50 გვერდს არ აღემატება. ამიტომაც ის სიაში ქრონოლოგიურად პირველ ადგილზე თამამად შემყავს.

ახალგაზრდა ექიმ ლევანს თავისი პირველი კოსმოსური ფრენის წინ კაპიტანი გააცნობს გეგმას, ყველასგან ფარულად აასწრაფოს ხომალდის სიჩაქრე, რის შედეგადაც ისინი დედამიწისეული დროით ათი წლით დიდხანს იმოგზაურებენ სტრატოსფეროს მიღმა სივრცეებში. ამ მომენტიდან იწყება პროტაგონისტის შინაგანი გაორება: ის, ერთი მხრივ, მომავალში ნახტომის გაკეთების ცდუნებას ვერ უძლებს, მეორე მხრივ კი მას თბილისში დატოვებული ცოლისა და შვილის ერთი დეკადით, თანაც გაუფრთხილებლად მიტოვების გამო სინდისი ქენჯნის.

პროტაგონისტის შინაგან სამყაროში მიმდინარე ძვრები მოთხრობის სიუჟეტური განვითარების მხოლოდ ერთი შრეა. მეორე შრეზე, ყიფიანის სამეცნიერო ფანტატსიკურ დედამიწაზე, ლევანის არყოფნისას ისეთი მოვლენები ვითარდება, რომელიც დღევანდელი რეალობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია: დედამიწას მოულოდნელად ატყდება თავს სრულიად ახალი ბაქტერიული დაავადებით გამოწვეული პანდემია.

ამის მეტ სიუჟეტურ დეტალს აქ არ გაგიმხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორივე შრეზე მოვლენები მოულოდნელ მიმართულებას იძენს.

ელგუჯა მერაბიშვილის "დაკარგული ანდრომაქე" (1978 წელი)

ფოტო: ნაკადული

1970-იანი წლების ბოლოდან ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: გარდა იმისა, რომ ამ ჟანრში გამოქვეყნებული წიგნების რაოდენობა გაორმაგდა, ამასთან მწერლებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს თავიანთი ფანტასტიკური სიუჟეტების არა რომანის, არამედ მოთხრობის ფორმატში მოთავსება. ელგუჯა მერაბიშვილის დაკარგული ანდრომაქეც მოთხრობების კრებულია. თუმცა აქ მასში შესულ იმ ერთ ტექსტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომლის სახელითაც მთლიანი კრებული დასათაურდა.

მოთხრობა დაკარგული ანდრომაქე, ჩემი აზრით, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე შავბნელი ისტორიაა. სანამ უშუალოდ მის სიუჟეტზე გადავიდოდე, ამ ჟანრში საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი ქართული ტექსტების ერთი ზოგადი ტენდენციის შესახებ უნდა გითხრათ: მათში დასავლელი კაპიტალისტი ძალიან ხშირად უცხოპლანეტურ მონსტრზე უფრო საშიშ ქმნილებადაა წარმოჩენილი. დაკარგული ანდრომაქეც სწორედ ამერიკული გულცივობის საზარელი შედეგის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება.

როცა ასტეროიდის ბაზაზე უწონობაში სამკურნალოდ წასული მერვეკლასელი, გუზან ვარძიელი სკაფანდრში გამოწყობილი სასოწარკვეთილი გოგოსგან რადიოგრამებს მიიღებს, ჩვენ პროტაგონისტთან ერთად ვიწყებთ იმის გარკვევას, თუ როგორ აღმოჩნდა ცივ უსასრულობაში ეს უცნაური არსება და რისგან ითხოვს ის შველას. სიმართლე კი იმაზე შემაძრწუნებელი აღმოჩნდება, ვიდრე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებისგან უნდა ველოდოთ. დეტალებს აქ არ გაგანდობთ, უბრალოდ მერაბიშვილის სიტყვებითვე გეტყვით, რომ მარტოობაში სიკვდილისთვის განწირული გოგო "დასავლეთელი 'ტვინიკოსების' ნაცოდვილარი, ტექნიკისა და მეცნიერების, ასე ვთქვათ, ერთობლივი მიღწევა" აღმოჩნდება.

შოთა გაგოშიძის "ორმხრივი შეცდომა" (1979 წელი)

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ზემოთ რომ ვთქვი, გასული საუკუნის ჩვენს სამეცნიერო ფანტასტიკაში დასავლეთი ხშირად მთავარ ანტაგონისტად, "უცხოდ" არის დახატული-მეთქი, აქ დავურთავ, რომ ეს ტროპი, სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის ცივი ომისეული ნარატივის ნაწილი გახლდათ. მსგავსი იმპერიალისტური ტექსტები მოსკოვისეული დაკვეთის შედეგი იყო, რადგან ძალიან მეეჭვება, რომ ქართველ მწერალს ამერიკელის მიმართ ძვალ-რბილში გამჯდარი სიძულვილი და ზიზღი ააღებინებდა კალამს ხელში მისი კარიკატურის დასახატად. ამის მიუხედავად, ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ მემკვიდრეობაში ერთ-ორი პოსტკოლონიური ტექსტიც გვაქვს, სადაც სწორედ იმპერიული ცენტრის მიერ განსაზღვრული ჭეშმარიტებებისა და სამყაროს ხედვის ობიექტურობაა გაკრიტიკებული.

ამის მაგალითია შოთა გაგოშიძის ორმხრივი შეცდომა, რომელიც მწერალმა თავის სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობათა კრებულში, ცისფერი მნათობი ამირანი, შეიტანა. უცხო გალაქტიკის ცენტრში მდებარე გიგანტური პლანეტის გიგანტური ზომის უცხოპლანეტელები ირმის ნახტომის გალაქტიკის პერიფერიას პირველად ზვერავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ისეთ პატარა ციურ სხეულზე, როგორიც ჩვენი დედამიწაა, შეუძლებელია, გონიერი არსებები სახლობდნენ. მეორე მხრივ კი დედამიწელი მეცნიერები ხედავენ, როგორ უახლოვდება პლანეტას ავსტრალიის ზომის ობიექტი, რომელიც ადამიანების მიერ აქამდე დაგროვილი ცოდნის თანახმად, თავისი უშველებელი ზომის გამო შეუძლებელია, ხომალდი იყოს.

ორივე მხარის დარწმუნებულობა იმაში, რომ ობიექტურ ჭეშმარიტებას ფლობენ, მოთხრობის მსვლელობასთან ერთად ნაცამტვერად იქცევა. მსოფლმხედველობის საფუძვლის თავდაყირა დაყენების მნიშვნელობას თავად გაგოშიძე ერთ-ერთი პერსონაჟის პირით მოქნილად და ლაკონიურად აფასებს: "თქვენი ეგრეთწოდებული კანონზომიერებანი საპნის ბუშტივით გასკდა წყალბადის ბომბების აფეთქებასთან ერთად. ჩვენ ამიერიდან სულ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ და შევაფასოთ სამყაროში მიმდინარე პროცესები. აი, მთავარი გაკვეთილი, რაც გიგანტური კოსმოსური ძმების სტუმრობიდან მივიღეთ".

ჯემალ ქარჩხაძის "დრო" (1980 წელი)

ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა

ეს მოთხრობა ალბათ თქვენთვის ისედაც ნაცნობია, მაგრამ საუკეთესოთა სიაში მისი არშეყვანა დანაშაული იქნებოდა. ჯემალ ქარჩხაძის "დრო" პირველად 1980 წელს ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა, თუმცა მისი წაკითხვა დღეს 2012 წელს გამოცემულ მწერლის მოთხრობათა სრულ კრებულში შეგიძლიათ.

შეიძლება ითქვას, რომ დრო ქართულ საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის შიგნით ერთადერთი არასოცრეალისტური ტექსტია. მასში ჟანრისეული ტროპები პოსტმოდერნული მგრძნობელობითაა გადათამაშებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მწერლის ავტორიტეტული პოზიციის არარსებობაში გამოიხატება. ამასთან, ნაწარმოებში თხრობა სიუჟეტური დროის მიზანმიმართული არევით მიმდინარეობს. ჩვენ 2779 წელს დაწერილი წერილის 1979 წლის თარგმანს ვკითხულობთ, რომელშიც მომავლის დედამიწა სრულად ტერაფორმირებულია და მისი მკვიდრი ორგანზომილებიან არსებათა შესასწავლ ექსპედიაციაში მყოფ მეგობარს წარსულში პირველი მოგზურობის ამბავს უყვება.

მოთხრობის მთავარი კონფლიქტი ფილოსოფიური სახისაა და ადამიანის ბუნებაში, დროის ქრონოლოგიურ მსვლელობაში ჩარევის ავკარგიანობას აანალიზებს. აქ ისეთ ეგზისტენციურ კითხვებზე, როგორიცაა: რამდენად საშიშია მეცნიერის ღმერთად ქცევის ფენომენი თუ ბუნების დამორჩილების სურვილი, რამდენადაა გამართლებული ტექნოლოგიური პროგრესისადმი შიში ან თუნდაც რამდენადაა შესაძლებელი სამყაროს არსის ამოხსნა, ქარჩხაძეს ჩვენთვის მზა პასუხები არ აქვს. სწორედ ეს განუსაზღვრელობა გამოყოფს ამ ნაწარმოებს სოცრეალისტური ტრადიციიდან და მას მხატვრული ღირებულებით სრულიად გამორჩეულ ნიმუშად აქცევს.

ნუგზარ აფხაზავას "რისკი" (1982 წელი)

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ნუგზარ აფხაზავა თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე ნაყოფიერ მწერლად. მას მოთხრობათა არაერთი კრებული აქვს გამოცემული და საკუთარი, NR მიკროასოციაციის პლანეტების სამყაროც კი აქვს შექმნილი, რომლის პროტაგონისტიც ქართველი კოსმონავტი, უტა ფაზია გახლავთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზავას ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის ბედიც გამორჩეულად ადარდებდა, რაზეც მისი 1987 წლის სტატია, "ჩვენ და ფანტასტიკაც" მეტყველებს, სადაც ის ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ არ იწერება ჩვენთან ბევრი და კარგი სამეცნიერო ფანტასტიკა.

მოთხრობა, რომელიც ამ სიისთვის შევარჩიე, მის 1982 წლის კრებულში, მსტოვარი, შევიდა. რისკი The Twilight Zone-ის ან, უფრო ახლანდელი მაგალითი რომ მოვიშველიოთ, Black Mirror-ის ეპიზოდს წააგავს, რაც აფხაზავას მოთხრობებისთვის ზოგადად დამახასიათებელი სტილია. რადგან მისი მთავარი ღირსება სწორედაც რომ მოულოდნელი სიუჟეტური გადაწყვეტა, ეგრეთ წოდებული plot twist არის, ამიტომ ამბის მხოლოდ საწყის ნაწილს გაგაცნობთ: ფუტუროლოგიის ინსტიტუტში გამოიგონებენ კომპიუტერს, რომელსაც მასზე ტვინით მიერთებული ადამიანის წარსულის და მომავალის ჩვენება შეუძლია. ლაბორანტი ფარსმანი ინსტიტუტში მიმავალ გზაზე გოგოს, სახელად შოუს გაიცნობს და ის თავდავიწყებით შეუყვარდება. როცა ფარსმანი აპარატს შოუს "ორგანოგრამას" და საკუთარ ტვინს მიუერთებს და აღმოაჩენს, რომ მათი საერთო მომავალი იმავე დღეს, სულ რაღაც რამდენიმე წუთში წყდება, მას საზარელი წინათგრძნობა შეიპყრობს.

ზაალ ტაბაღუას "მუტანტები" (1984 წელი)

ფოტო: ნაკადული

ქართულ საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში ერთადერთი ანთოლოგია შეიქმნა და მას მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს ჰქვია. მასში ჟანრით დაინტერესებული ქართველი მწერლების მოთხრობები გაერთიანდა, რომელთაგან ერთზე, ზაალ ტაბაღუას მუტანტებზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას, რადგან ისიც, ანთოლოგიის არ იყოს, ჟანრის შიგნით ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს.

საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა დისტოპიების სიმრავლით არ გამოირჩეოდა: ისტორიული მატერიალიზმის თანახმად, კომუნიზმის გზას დამდგარი საზოგადოების მომავალი შავბნელი ვერაფრით იქნებოდა. თუმცა ტაბაღუა დისტოპიური სურათის დახატვას მაინც ახერხებს, რადგან მისი პოსტაპოკალიპტური რეალობა დედამიწისგან შორს, უცხო პლანეტაზეა დამდგარი.

ატომური იარაღის საშიშროების ხაზგასასმელად შექმნილ მოთხრობაში დახატული სამყარო, ერთი შეხედვით, ტექნოკრატული უტოპიაა, მაგრამ დედამიწიდან ამ პლანეტაზე ჩამოფრენილი პროტაგონისტი მალევე აღმოაჩენს, რომ ის უკვე განადგურებულ მდგომარეობაში მყოფ ცივილიზაციის ნაშთს აკვირდება: მართალია, ურბანული სივრცე ხელუხლებელი და შთამბეჭდავიც კია, მაგრამ მასში მიმობნეული სამოსი ცხადყოფს, რომ ქალაქის მაცხოვრებელები წამიერად მოისპნენ. ცოცხლად კი მხოლოდ მუტირებული არსებები არიან დარჩენილები. ისინი სრულიად უვნებლები არიან, რადგან მათი ერთადერთი ეგზისტენციალური ფუნქცია გარე დამკვირვებლისთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილის მიცემაა.

ოთარ სადრაძის "უსასრულობიდან" (1986 წელი)

ფოტო: ნაკადული

ზემოთ გითხარით, გასულ საუკუნეში ქართველმა მწერლებმა რამდენიმე პოსტკოლონიური სამეცნიერო ფანტასტიკა შექმნეს-მეთქი. ერთ-ერთი ასეთი ტექსტი სწორედ სადრაძის მოთხრობა, უსასრულობიდან, არის, რომელიც მწერლის კრებულში, კოსმოსის მეკობრენი, უკანასკნელ ნაწარმოებად შევიდა. მასში გამოთქმულია აზრი, რომ ის, თუ რა არის სამყაროს ცენტრი და რა — მისი პერიფერია, არ არის უნივერსალურად განსაზღვრული მოცემულობა, არამედ დამოკიდებულია იმ პერსპექტივაზე, რომლიდანაც დამკვირვებელი იყურება.

ამ შინაარსობრივი სიღრმის მიღმა ნაწარმოები თავისი უჩვეულო ფორმითაც გამოირჩევა. მისი პირველი ნაწილი "ფერად ქცეული" გმირის ფსიქოდელურ მოგზაურობას შთამბეჭდავად გვიხატავს. ამ მოგზაურობას თან ერთვის გმირის შინაგანი მონოლოგიც, რომელიც სოცრეალისტური "გაერთაზრების" გამკრიტიკებელ ემოციურ სიტყვით გამოსვლადაც კი შეიძლება წავიკითხოთ.

სადრაძე წერს: "გაერთფერება ზოგს ხელს აძლევს, რადგან ერთად ქცეულ მრავალში მოწინააღმდეგე არ არსებობს და უვიცობა თამამად ხარობს. ის, ვინც მოითხოვს ბობოქარ აზრის სტანდარტიზაციას, ადრე თუ გვიან დაიღუპება. […] როგორც შეუძლოა ერთგვაროვან, რაღაც ერთ მასად შეჰკრა სამყარო, ასევე შეუძლებელია სულყველაფრის გაერთაზრება. და თუ მაინც ძალადობით, იძულებით, ან სხვა ხერხით, დროებით ვინმე დედაკანონს დაარღვევს და მიზანს ეწევა, ეს გამარჯვება კი არადა, სიკვდილია. და როგორც ჩირქი ჯანსაღ სხეულზე, ზედმეტი ხორცი ფუჭი და უქმი, თავად ბუნება მოიშორებს და კვლავ აღდგება წონასწორობა".

ალბათ გსმენიათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას მომავლის წინასწარმეტყველება სჩვევია. თუ ეს ასეა, სადრაძის სიტყვები ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველებაა, რაც კი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ფურცლებზე დაწერილა: მათი დაბეჭდვიდან ხუთიოდე წელში "დედაკანონის დამრღვევი" სისტემა მართლაც ისე ჩამოიშალა, როგორც სხეულს ცილდება ჩირქი, "ზედმეტი ხორცი ფუჭი და უქმი".

თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო…