ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი მინიატურების საოცრებათა სამყარო
ვისაც წაუკითხავს ლუის კეროლის საკულტო ნაწარმოები ელისი საოცრებათა ქვეყანაში ან ამავე სახელწოდების მქონე დისნეის ლეგენდარული ანიმაცია უნახავს, ალბათ, ერთხელ მაინც მონდომებია ისეთი ნამცხვრით პირის ჩატკბარუნება, რომელიც პირდაპირ გეძახის, "შემჭამეო" და როგორც კი ჩაიკოკლოზინებ, მაშინვე სხეული მოულოდნელად გაგეზრდება, შენ ირგვლივ ყველაფერი კი წარმოუდგენლად დაპატარავდება.
შეიძლება, ელისივით ყველას არ გაუმართლოს და ჯადოსნური ნუგბარის გასინჯვის პატივი არ ხვდეს წილად და ვერც საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ეღირსოს, მაგრამ სანაცვლოდ თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ თავადვე შექმნა ზღაპრული სამყარო.
თუ როგორ, ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში მაინც შეიძლება დაგეხმაროთ მერი ჭიჭიაშვილი–სიყმაშვილის გამოცდილება და შემოქმედება.
მერი მინიატურულ ნაკეთობაზე მუშაობს და მისი თითოეული ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავია, რომ თვალის მოწყვეტა გაგიჭირდება.
მის მიერ საგულდაგულოდ შექმნილი ყოველი ციცქნა ნივთი ისეთი სრულყოფილია, იფიქრებ, წლობით გამოცდილების შედეგიაო, თუმცა, სინამდვილეში, მერი ამ საქმეში ლამის დამწყებად ითვლება.
"უკვე 2 წელია, რაც მინიატურებს ვაკეთებ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი, ასეთ პატარა ფიგურებზე მუშაობას და დღესდღეობით ეს ისაა, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს, რამაც დიდი სტრესი, დეპრესია დამაძლევინა და დღემდე მეხმარება ამაში. მანამდე არც არასოდეს მქონია შეხება. უბრალოდ ერთ დღესაც დავიწყე და ჩემი ყოველდღიურობა გახდა", — ამბობს მერი On.ge-სთან საუბარში.
ფოტო: My Tiny World / Facebook
ფოტო: My Tiny World / Facebook
მერის განსაკუთრებით იტაცებს რეალური ნივთების საოცრად რეალისტურ მინიატურებად ქცევა: ის თითქოს გარემომცველ სამყაროს ერთი ერთში აირეკლავს, ოღონდ შემცირებული მასშტაბებით.
"მუშაობის პროცესი უზომოდ სასიამოვნოა. საოცარია ის მომენტი, როცა ამზადებ, ამ დროს მთელ შენს ენერგიას, სურვილს დებ, რომ არაფრისგან შექმნა რაღაც. ბევრმა მითხრა, ყალიბებით რატომ არ მუშაობ, დროც ნაკლები დაიხარჯებაო, მაგრამ ჩემთვის ყალიბებით მუშაობა არის უსულო საგანი, მუხტის გარეშე... რაც მეტად დავხარჯავთ ენერგიას რაიმეს შესაქმნელად, მით მეტად "ცოცხალია" შედეგიც, მეტად ვიბრირებს და ადამიანის განწყობის შეცვლაზეც პოზიტიურად მოქმედებს. ამიტომ ყოველ ჩემს ნაკეთობას ვეფერები, ვესაუბრები და ასე ვმუხტავ დადებითი ენერგიით, რასაც ხშირად სხვებიც ამჩნევენ", — აღნიშნავს მერი.
ფოტო: My Tiny World / Facebook
ფოტო: My Tiny World / Facebook
მის შემოქმედებაში ზღაპრული თითქოს არაფერია, პირიქით, ყველაფერი წარმოუდგენლად ნაღდი და ხელშესახებია — ხილი, ბოსტნეული, ნაირ-ნაირი კერძები თუ ინტერიერის დეტალები, მაგრამ სწორედ სინამდვილის ეს განცდა ქმნის ჯადოსნურობის ეფექტს: ფერები, ტონალობები, წვრილმანი დეტალები, ყველის ნასვრეტები, გამურული ღუმელი თუ პურის ნამცეცები ლამის გემოს, სურნელსა და ხმებსაც კი ფიზიკურად შეგაგრძნობინებს.
"მასალად ვიყენებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიმიწვდება. მთავარია მომცეს ის შედეგი, რაც მინდა. "ჩუმად" გეტყვით, რომ ბეტონის ეზოს ეფექტისთვის სიმინდის ფქვილიც გამომიყენებია. საკვებ პროდუქტებს ზოგადად ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ეფექტისთვის. მუშაობის პროცესი კი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. არაა ისე, რომ დადო რაღაც და მორჩა, მზად იყოს. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, თუ იჩქარებ, შეიძლება გაგიფუჭდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწიოს", — ასე აღწერს მერი მინიატურებზე მუშაობის პროცესს.
ფოტო: My Tiny World / Facebook
ფოტო: My Tiny World / Facebook
მერის თითოეული ნამუშევარი უზომო დახვეწილობითა და შესაშური სრულყოფილებით ყველას ერთი შეხედვისთანავე აღაფრთოვანებს, მაგრამ ამ შედეგის მიღწევას დიდი შრომა, მოთმინება და რაც მთავარია, საკუთარი საქმის სიყვარული სჭირდება.
"როცა მინდა, რამე გავაკეთო, შინაგანად უნდა განვეწყო ამისთვის. არასოდეს წინასწარ ჩანახატს არ ვაკეთებ და არ მივყვები ნახაზს. ეს ყველაფერი გონებაში ხდება და პირდაპირ ვიწყებ მუშაობას. შინაგანად თუ ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ რასაც ვაკეთებ, მრავალჯერ გაკეთებულიც რომ მქონდეს, არ გამომდის. კი შეიძლება სხვას მოეწონოს, მაგრამ მე არ ვიყო კმაყოფილი, რადგან შექმნილ ნივთში სიცარიელეს ვხედავ".
მერი იმასაც აღნიშნავს, რომ არ უყვარს, როცა ერთი და იმავეს გაკეთება უწევს: ურჩევნია, ყოველ ჯერზე თავის მინიატურულ სამყაროს მისთვისაც კი ახალთახალი დეტალი შემატოს.
"რთული ისაა, როცა ყალიბების გარეშე ამზადებ და ერთნაირი დეტალი რომ გჭირდება, ცდილობ, ყველა ერთმანეთს დაამსგავსო. ხშირად მიკვეთენ უკვე შექმნილი კომპოზიციის ასლს და მეუბნებიან: "გამიკეთე ზუსტად ასეთი". ძალიან ძნელია. თან ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელია ჩემთვის, ამიტომ ვცდილობ, ერთი და იმავე თემაზე ყველა კომპოზიცია სხვადასხვა და გამორჩეული იყოს".
ფოტო: My Tiny World / Facebook
ფოტო: My Tiny World / Facebook
როგორც მერი ამბობს, მას ეს საქმიანობა მძიმე პირადი ტკივილის გაყუჩებაში დაეხმარა:
"ჩემი პირველი შთაგონების წყარო იყო დედა და ბებია. ჩემი გამზრდელი ბებიისა და დედის გარდაცვალებამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მათმა მონატრებამ დამაწყებინა ეს ყველაფერი".
თავის ერთგულ გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს გაუზიარებს: ჯერ არ აკონკრეტებს ზუსტად, თუ რას, მაგრამ გვჯერა, რომ იმედს არავის გაუწბილებს.
"მინდა ვისარგებლო მომენტით და ყველა იმ უცხო თუ ნაცნობ ხალხს გადავუხადო უდიდესი მადლობა, ვინც არ იშურებს კეთილ სიტყვებს. უამრავი თბილი წერილი მომდის, რაც ჩემზე გულისამაჩუყებლად მოქმედებს, ძალასა და სტიმულს მმატებს. გულწრფელად ვამბობ, ყველა ამ ადამიანს ჩემი შემოქმედების წინსვლაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი".
მისი შემოქმედების კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ფეისბუქგვერდზე My Tiny World.
კომენტარები