მეცნიერებმა გულში ახალი სახის უჯრედი აღმოაჩინეს, რომელიც პულსაციას არეგულირებს
აშშ-ში მდებარე ნოტრ-დამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გულში ახალი სახის უჯრედი აღმოაჩინეს, რომელიც მის ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პულსაციას არეგულირებს. ამის შესახებ ისინი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ეს გლიური ტიპის უჯრედები გახლავთ (ჩვეულებრივ, გლიები ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნეირონებს იცავენ). ისინი თავისა და ზურგის ტვინში არსებულ, ვარსკვლავის ფორმის მქონე ასტროციტებს ჰგვანან და ნექსუს გლიის სახელით არიან ცნობილები. სპეციალისტებმა მათ გულის პარკუჭის გამავალ ტრაქტში მიაკვლიეს, სადაც ამ ორგანოს თანდაყოლილი დეფექტების დიდი ნაწილი ყალიბდება.
ნაშრომის ავტორებმა ეს უჯრედები პირველად Danio rerio-დ წოდებული თევზების გულში შენიშნეს (შემდეგ კი თაგვისა და ადამიანისაში). ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მათ გარეშე პულსაცია ჩქარდებოდა ან არარეგულარული ხდებოდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნექსუს გლია მრავალი ცხოველის ორგანიზმის შემადგენელი სასიცოცხლო ორგანოს გამართულ მუშაობას განსაზღვრავს, თუმცა როგორ, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ამ აღმოჩენას წინ ასტროგლიების ისეთ ადგილებში დაფიქსირება უძღოდა, რომლებშიც ისინი წესით არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგალითად, პანკრეასსა და ფილტვებში. მათი იქ მიგნება იმიტომ იყო მოულოდნელი, რომ ისინი, ძირითადად, ნეირონებისთვის საჭირო უჯრედული გარემოს შენარჩუნებას უწყობენ ხელს. სწორედ ამან მიიყვანა მკვლევრები გულამდე, რომელშიც, სხვადასხვა მეცნიერული ტექნიკის მეშვეობით, ნექსუს გლიების არსებობა გამოავლინეს.
აღნიშნული უჯრედების შესახებ ამჟამად ძალიან ცოტა რამ ვიცით. შესაძლოა, ისინი ამა თუ იმ დარღვევასთან, კერძოდ, დისავტონომიასთან, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან იყვნენ დაკავშირებული, რის გასაგებადაც კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი.
კომენტარები