ფაუჩი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების კოვიდვაქცინაცია, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ 2.6 მილიონზე მეტმა მცირეწლოვანმა პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღო, მათი პატარა ძმები და დები კი ისევ აუცრელები არიან, თუმცა არა დიდი ხნით.
ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ ახლახან განაცხადა, რომ მომდევნო წლის გაზაფხულიდან შესაძლოა, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიზაციაც დაიწყოს, მაგრამ მას ამის დანამდვილებით თქმა უჭირს.
"ვიმედოვნებ, რომ უმოკლეს დროში, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისში, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, ამის გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან მანამდე კლინიკური ტესტირებების ჩატარებაა საჭირო", — ამბობს აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებში გამოყენებადმა ვაქცინებმა სათანადო შემოწმება უკვე გაიარეს. იქიდან გამომდინარე, რომ პატარების იმუნური სისტემა და ტვინი უფროსებისგან საგრძნობლად განსხვავდება, მათთვის განკუთვნილი ფარმაცევტული საშუალებების ცალკე გამოცდაა აუცილებელი.
ამ მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს Pfizer, რომლის მიერაც ზემოხსენებულ ასაკობრივ კატეგორიაში საკუთარი პრეპარატის ტესტირების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და ჯერჯერობით დადებითი შედეგი აქვს. Moderna მას მოგვიანებით შეუერთდება ისვე, როგორც Johnson and Johnson.
ბავშვებში COVID-19 შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით ვლინდება, მაგრამ ფიქსირდება ფატალური შემთხვევებიც, რომელთა გამომწვევი მიზეზიც შეიძლება დაავადების თანმდევი მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გახდეს. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მათ ორგანიზმს ვაქცინაზეც სხვაგვარი რეაქცია ჰქონდეს, მაგალითად, მეტი ანტისხეული გამოიმუშაოს და მწვავე უკუჩვენებები წარმოქმნას.
სწორედ ამიტომ, ვაქცინები საფუძვლიანად უნდა გამოვცადოთ, სანამ მათი მეშვეობით პატარების იმუნიზაციას დავუშვებთ.
კომენტარები