10 საინტერესო ფაქტი ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ
ფიოდორ დოსტოევსკი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად მიიჩნევა. შემოქმედება, რომელიც ათეულობით პროზაულ ნაწარმოებს მოიცავს, საეტაპო მოვლენად იქცა არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიაშიც. თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც კი, დოსტოევსკის რომანები ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა ფართო წრეებში, ტექსტების დიდი ნაწილი კი სავალდებულო საკითხავია სხვადასხვა ქვეყნის საშუალო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე.
1. დოსტოევსკიმ პირველი რომანი 25 წლის ასაკში გამოსცა
რადგან მწერალი დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, ადრეულ ასაკშივე მიიღო კარგი განათლება და კარიერის დაწყება არ გასჭირვებია. თუმცა, მისი განათლება მწერლობას სულაც არ უკავშირდება, იგი სამხედრო ინჟინერიას სწავლობდა, იმის მიუხედავად, რომ ეს დიდად არ აინტერესებდა. ლიტერატურასთან მისი ურთიერთობა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ინჟინერიას მიატოვებდა — თავდაპირველად ფრანგული ტექსტების რუსულად თარგმნას მიჰყო ხელი. 1845 წელს, 25 წლის ასაკში, თარგმნას წერა ამჯობინა და პირველი წიგნი, საბრალო ადამიანები გამოსცა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ პირველ რუსულ "სოციალურ რომანად".
2. 1864 წელს მან ერთ-ერთი პირველი ეგზისტენციალისტური რომანი დაწერა
არცთუ დიდი ხნის შემდეგ, რაც სიორენ კირკეგორმა ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის საფუძვლად მიჩნეული ტექსტები შექმნა, დოსტოევსკიმ პირველი ეგზისტენციალისტური რომანი, იატაკქვეშეთის ჩანაწერები, დაწერა. ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდები ფილოსოფიური აზროვნების საფუძველს თავადვე ქმნიან და ასევე თავად არიან პასუხისმგებელი ცხოვრების საზრისის პოვნაზე. დღემდე დაწერილი ყველაზე ცნობილ ეგზისტენციალისტურ ნაშრომებს, როგორებიცაა პროცესი, უცხო, გოდოს მოლოდინში და სხვა, სწორედ 1864 წელს გამოცემული დოსტოევსკის რომანი უძღოდა წინ.
3. მწერალი სიკვდილით დასჯას გადაურჩა
1840-იან წლებში დოსტოევსკი იმ ლიტერატურული მოძრაობის მონაწილე იყო, რომელიც საზოგადოებრივი ცვლილებებისკენ მიისწრაფოდა. ისინი კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს და შესაძლო სოციალური ცვლილების ჭრილში განიხილავდნენ — მაგალითად, ცენზურასა და ბატონყმობაზე. იმ დროისთვის კი, ევროპაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იმპერიის ხელისუფლება განსაკუთრებით უფრთხოდა მსგავს თემებს. როცა მოძრაობის წევრები დაიჭირეს, მაშინვე გაგზავნეს გაძლიერებული დაცვის საპატიმროში, მოგვიანებით კი, სიკვდილიც მიუსაჯეს. ზუსტად მაშინ, როცა განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, იმპერატორის შიკრიკი მოვიდა ცნობით. დოსტოევსკი კი, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ციმბირში, ომსკში გაგზავნეს, სადაც იგი რვა წლის განმავლობაში ეწეოდა მძიმე შრომას.
4. ლიტერატურისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს
როგორც უკვე ვახსენეთ, დოსტოევსკის მშობლები დიდგვაროვნები იყვნენ და შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მომავალ მწერალს გადია ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში უკითხავდა ძველ საგებსა და ზღაპრებს, მოგვიანებით კი, ოთხი წლის ასაკში ფიოდორს დედამისი ასწავლიდა წერა-კითხვას ბიბლიით. ლიტერატურისადმი თავისი განსაკუთრებული სიყვარული სწორედ მშობლებმა ჩაუნერგეს ბავშვობისას, როცა რუს კლასიკოსებთან ერთად მსოფლიო ლიტერატურას, სერვანტესს, გოეთესა და ჰომეროსს აზიარეს.
5. მწერალს ეპილეფსია ჰქონდა
პერიოდული შეტევები დოსტოევსკის 1939 წელს დაეწყო, როცა იგი მხოლოდ 18 წლის იყო. ციმბირში გადასახლების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და შეტევებიც გახშირდა. დაბრუნების შემდეგ მას წესით სამხედრო დანაყოფში უნდა ემსახურა, თუმცა, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეთქვა უარი.
თავის დღიურში დოსტოევსკი შეტევებს ნაკლებად აღწერდა, თუმცა, მწერლის თქმით, მას ძირითადად ბევრი მუშაობა ან ძილის ნაკლებობა იწვევდა.
ლეგენდარულ ავტორს ეპილეფსიის დიაგნოზი 1849 წელს დაუსვეს — დაახლოებით, იმ პერიოდში, როცა იგი ციხეში მოხვდა.
1928 წელს, დოსტოევსკის გარდაცვალებიდან 47 წლის შემდეგ, ზიგმუნდ ფროიდმა ივარაუდა, რომ მწერლის შეტევები ნევროზით იყო გამოწვეული და ისტეროეპილეფსიად, მწვავე ისტერიად კვალიფიცირდებოდა. თუმცა, თანამედროვე ნეიროლოგებს მიაჩნიათ, რომ დოსტოევსკის ნამდვილად ეპილეფსია ჰქონდა.
6. მწერალი უამრავი ავტორის შთაგონების წყაროდ იქცა
როგორც დოსტოევსკიზე მოახდინეს მსოფლიო კლასიკოსებმა გავლენა ბავშვობაში, ასევე იქცა მისი ნაშრომები მომავალი თაობებისთვის შთაგონების უმთავრეს წყაროდ. ფრანც კაფკა მას "სისხლით ნათესავსაც" კი უწოდებდა, დოსტოევსკის გავლენა კი მის ტექსტებზე აშკარაა. ისეთი პროზაიკოსები, როგორებიც ერნესტ ჰემინგუეი და ჯეიმს ჯოისი იყვნენ, ფიოდორს კერპად მიიჩნევდნენ. თავის ტექსტებში ადამიანის შავ-ბნელით მოცული ბუნებისა და ფსიქოლოგიის გამოკვლევის გამო კი, დოსტოევსკის უდიდესი ღვაწლი ნიცშემ და ფროიდმაც ცნეს.
7. იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მწერალს თავისი შვილების მასწავლებლობა შესთავაზა
მოგვიანებით, როცა დოსტოევსკის პოპულარობა გაიზარდა და მისი ტექსტები არა მხოლოდ რუსეთში, ევროპაშიც დააფასეს, მას ხშირად უხდებოდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე ხშირად იგი გერმანიის ქალაქ ბად-ემს სტუმრობდა მკურნალობის მიზნით. როცა ერთ-ერთი ასეთი გამგზავრებიდან იგი შინ დაბრუნდა, მწერალი იმპერატორმა ალექსანდრემ დაიბარა და თავისი მომავალი ნაწარმოებიდან ნაწყვეტის წაკითხვა სთხოვა. კითხვის დასრულების შემდეგ მოხიბლულმა მონარქმა მას თავისი შვილების მასწავლებლობა შესთავაზა. ამან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზარდა დოსტოევსკის რეპუტაცია და კავშირები გავლენიან ადამიანებთან.
8. დოსტოევსკი მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი იყო
სანამ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა, მწერლის ცნობადობა ერთიორად იმატებდა. 1879 წელსაც კი, როცა იგი თავისი შვილის გარდაცვალებით უკიდურესად დამწუხრებული იყო, უამრავი საპატიო წოდება მიიღო. მათგან ერთ-ერთი იყო მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი. ასე იგი ისეთი შემოქმედების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც ვიქტორ ჰიუგო, ლევ ტოლსტოი, რალფ უოლდო ემერსონი, ჰენრი ლონგფელო და სხვები არიან. ასოციაცია, რომელიც ამ ამბამდე ერთი წლით დააარსა ვიქტორ ჰიუგომ, დღემდე არსებობს და, ძირითადად, მწერლებისა და სხვა ხელოვანების უფლებების დაცვას ემსახურება.
9. მწერალს რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა
დოსტოევსკი ორჯერ იყო დაქორწინებული (მეორედ მას შემდეგ, რაც ცოლი 1864 წელს გარდაეცვალა), თუმცა, ამას რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებაში ხელი არ შეუშლია. პირველი მათგანი ჯერ კიდევ ქორწინებამდე დაიწყო, თუმცა, რჩეულმა, მოგვიანებით, უარი განუცხადა ფიოდორს ოჯახის შექმნაზე. ამის შემდეგ, დოსტოევსკიმ კიდევ ორი ურთიერთობა წამოიწყო, უკვე ქორწინებაში მყოფმა. პირველ შემთხვევაში მისი პარტნიორი კომიკოსი იყო, მეორე შემთხვევაში კი "უდიდესი ეგოტიზმის" მიუხედავად უყვარდა სხვა ქალი. ურთიერთობები მეორე ცოლთან, ანა გრიგორიევნა-სნიტკინასთან შეხვედრის შემდეგ დასრულდა. ანა რომანის მოთამაშე წერისას სტენოგრაფიც კი გახდა. იგი 21 წლის იყო, როცა დოსტოევსკიზე დაქორწინდა, ხოლო მწერლის გარდაცვალებისას — 35 წლისა. დაქვრივების შემდეგ იგი აღარ დაქორწინებულა.
10. მწერალს განსაკუთრებულად აინტერესებდა ქრისტიანული რელიგია
ფსიქოლოგიის გარდა, დოსტოევსკის კიდევ ერთი გატაცება რელიგია იყო, განსაკუთრებით კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. იგი მართლმადიდებლურ ოჯახში გაიზარდა, თუმცა, მოგვიანებით, დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ შეეცვალა, როცა იქ მისთვის მიუღებელ ნაწილებს წააწყდა. რწმენის აშკარა ცვლილების მიუხედავად, იგი ქრისტეს ფიგურას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა თავის ცხოვრებაში. და, თუმცაღა, ამ თემას არაერთ ნაშრომში განიხილავს, საკუთარი რწმენაზე ღიად არსად უსაუბრია, რის გამოც მკვლევრები დღემდე კამათობენ საკითხზე.
კომენტარები