გიორგი ბატიაშვილი თიბისის მონაცემთა მმართველობის განყოფილების უფროსია. მისი პროფესიული გზა იმის მაგალითია, რომ ინდუსტრიაში სრულიად ახალი მიმართულების ნულიდან შექმნა შეიძლება.

2024 წელს გიორგიმ მიიღო Certified Data Management Professional (CDMP) სერტიფიკატი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვალიფიკაციაა მონაცემთა მენეჯმენტის სფეროში. საქართველოში ამ სერტიფიკატს დაახლოებით ათი პროფესიონალი ფლობს. მისი გამოცდილება ცხადად ადასტურებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს.

ინტერვიუ გიორგი ბატიაშვილთან

მოგვიყევით, როგორ მოხვდით თიბისიში?

თიბისიმდე ვმუშაობდი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, სრულიად სხვა პოზიციაზე — ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა. მაშინ მონაცემთა ანალიტიკა დიდად პოპულარული დარგი არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა იდგამდა ფეხს.

მე ძალიან მაინტერესებდა მასთან დაკავშირებული პროცესები და 2017 წელს თიბისიში მონაცემთა ანალიტიკოსად დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში ჩვენს დეპარტამენტში ერთი ანალიტიკოსი იყო, ახლა კი უკვე რამდენიმე ათეულია.

რატომ გადაწყვიტეთ CDMP პროფესიული სერტიფიკაციის გავლა?

რამდენიმე წელი ვიმუშავე მონაცემთა ანალიტიკოსად. შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მონაცემთა მმართველობისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექცია და ერთი ქოლგის ქვეშ გაეერთიანებინა სხვადასხვა მიმართულება. როდესაც კომპანია ასეთ განაცხადს აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ის მზად არის სტრუქტურული მიდგომებისთვის მონაცემთა მართვის მიმართულებით. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვისა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა რეგულაციების დამუშავებისთვის.

რა თქმა უნდა, მონაცემები ადრეც დაცული იყო, მაგრამ მათი მმართველობა აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მონაცემთა ხარისხი, კატალოგიზაცია, რეგულაციებთან შესაბამისობა და სხვ. ყველა კომპანია ამას არ აკეთებს. როდესაც თიბისიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო, LinkedIn-ზე ამ მიმართულებით დაინტერესებული ძალიან ცოტა ქართველი იძებნებოდა.

როდესაც ვკითხულობდით და ვეცნობოდით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, აღმოვაჩინეთ, რომ მონაცემთა მენეჯმენტის მხრივ ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია Data Governance-ს აქვს სერტიფიცირება. თუ ჩააბარებ და მიიღებ Certified Data Management Professional სერტიფიკატს, გაცილებით მაღალი რეპუტაციით ისარგებლებ.

ჩვენთვის ეს აუცილებელი იყო, ერთი მხრივ, საკუთარ პროფესიონალიზმში დასარწმუნებლად და, მეორე მხრივ, გვინდოდა, დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციას ეღიარებინა ჩვენი მიღწევები. ასეც მოხდა და ძალიან მეამაყება, რომ საქართველოში ეს სერტიფიკატი მხოლოდ თიბისიში მომუშავე პროფესიონალებს აქვთ.

რა გამოწვევები შეგხვდათ ამ გზაზე და რა შეცვალა სერტიფიკატმა თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?

ამ სერთიფიკატის აღების მცდელობა ზოგადად გამოწვევაა, რადგან, როგორც აღვნიშნე ეს არის შენი პროფესიონალიზმის აღიარება დამოუკიდებელი, საერთაშორისო სისტემის მიერ.

მთავარი, რაც შეცვალა სერთიფიკატმა ეს არის თავდაჯერებულობის ამაღლება. ჩვენ ვიცოდით, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით — მონაცემთა მენეჯმენტი, მმართველობა და სწორი პროცესები ანალიტიკაში აუცილებელი და სასარგებლოა ორგანიზაციისთვის, მაგრამ სერტიფიკატის მიღებამ დაგვიდასტურა, რომ სწორი გზით მივდივართ.

როგორ პროექტებს ხელმძღვანელობთ Data და AI მიმართულებით? რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით თიბისიში?

ჩემი პროექტები ეხება მონაცემთა ანალიტიკასა და AI პროექტებში სწორი პროცესების დანერგვას. მაგალითად, პოლიტიკის დონეზე ახლა ინერგება ბანკში AI-ს სწორად გამოყენების კონტროლი, ასევე ანალიტიკაში.

ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებული ინდუსტრიაა. იქ ნებისმიერი რეგულაციური გადაცდომა ან კონტროლის არარსებობა ქმნის ძალიან დიდ ფინანსურ, უფრო მეტად კი რეპუტაციულ რისკს, რადგან ადამიანები საკუთარ დანაზოგსა და ცხოვრებას განდობენ.

ახლა AI-ს პოპულარობა გაიზარდა, როგორც ბანკებში, ისე მათ გარეთ. მისი უამრავი ხელსაწყო ინერგება და გამოიყენება, რაც მონაცემთა გაჟონვის საფრთხესა და სხვა ეთიკურ რისკებს ქმნის. ჩვენი საქმეა ეს ყველაფერი სწორი პროცესებით ვმართოთ, იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ფინანსური პრობლემების წინაშე, კომპანია ოპტიმიზირებული იყოს და მეტი შემოსავალი დააგენერიროს.

რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი და ღირებული პროექტი?

მონაცემთა კატალოგის დანერგვა თიბისიში, რადგან ეს იყო Data Governance-ის პირველი ნაბიჯი ფურცლიდან რეალურ ცხოვრებაში გადასასვლელად. ბევრ სისტემაში ათეულობით მილიარდი ჩანაწერი გენერირდება და შეუძლებელია, რომ ადამიანის ტვინმა ეს სწორად დაიმახსოვროს.

ყველაფერი გადავიტანეთ ფურცელზე, ცოდნა, რომელიც გროვდებოდა გამოცდილებით. მონაცემთა მმართველობა რეალურად გამოჩნდა თიბისიში, რეალურადვე დავინახეთ პროგრესიც.

როგორ ხედავთ მონაცემთა მმართველობის განვითარების პერსპექტივებს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე?

ძალიან მეამაყება, რომ ეს საქმე პირველებმა ჩვენ დავიწყეთ. ასე მგონია, ინდუსტრია შევქმენით. დღეს უკვე თითქმის ყველა ფინანსურმა ორგანიზაციამ აღიარა, რომ მონაცემთა მმართველობა სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

AI-ს პოპულარობამ აჩვენა, რომ სწორი პროცესების გარეშე შეუძლებელია მდგრადი განვითარება ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიტიკასთან დაკავშირებით. ყველა სისტემა მონაცემებზეა დაფუძნებული და რა ხარისხის მონაცემსაც მიაწვდი პროგრამას, იმავე ხარისხის შედეგს მიიღებ.

მსოფლიოშიც ასე იყო: ადრე Data Governance ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ AI-მ იქაც დაამტკიცა, რომ ეს აუცილებელი პრინციპია ყველასთვის.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი ადამიანის წარმატებისთვის?

ადამიანის წარმატების ზუსტი ფორმულა, სამწუხაროდ, არ გამაჩნია, მაგრამ ჩვენი გუნდის კულტურაში არის მოუსვენრობა, ანუ არ ვკმაყოფილდებით სტატუს-კვოთი და სულ სიახლეების ძიებაში ვართ. გარდა ამისა, გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. პროფესიონალიზმი, რწმენა და მოუსვენრობა თიბისის წარმატების საწინდარია.

რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურს პროფესიული წარმატების მიღწევა Data და AI სფეროში?

მთავარია, დაიჯერონ, რომ სიახლეების დანერგვა სასარგებლოა მათი ორგანიზაციისთვის და შემდეგ სხვებსაც დააჯერებენ. აუცილებელია, გაეცნონ ინტერნეტში განთავსებულ რესურსებს, შემდეგ კი გაიარონ სერტიფიცირება, მიიღონ საერთაშორისო აღიარება და დარწმუნდნენ, რომ სწორ გზაზე დგანან.

ვინ ან რა იყო თქვენი მთავარი ინსპირაცია პროფესიულ გზაზე?

როცა თიბისიში მივედი, ჩემი უშუალო უფროსები არა მხოლოდ სუპერ პროფესიონალები, არამედ, სუპერ ადამიანებიც იყვნენ. არ არსებობდა გამოწვევა, რომელზეც ხელს ჩაგაქნევინებდნენ. თიბისიმ მასწავლა, როგორ უნდა იყო ერთდროულად ლიდერიც, ადამიანიც და პროფესიონალიც.

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას ყოველდღიურ სამუშაო პროცესში?

ჩემი მოტივაციაა რწმენა იმისა, რომ საქმეს ვაკეთებ არა მარტო ორგანიზაციისთვის, არამედ, მომხმარებლისთვისაც, სწორი მოპყრობის პრინციპებს ვიცავ და სასარგებლო საქმეს ვემსახურები.