ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულთა გარემოში ხვდება, თუმცა ვირუსის მიმართ რეზისტენტულია და მისით არ ინფიცირდება. მკვლევრები თვლიან, რომ შესაძლოა, ამის მიზეზების გარკვევა უკეთესი ვაქცინების შექმნაში დაგვეხმაროს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გუნდმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ადამიანს კოვიდის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი პანდემიის დაწყებამდეც გააჩნდა. კოვიდ-19-ის მონათესავე ვირუსები დიდი ხანია, არსებობს, სხეულმა კი შესაძლოა, იმუნიტეტი სწორედ მათთან ბრძოლით გამოიმუშავა.

გუნდის თქმით, თუ დაცვის ამგვარ მექანიზმს გაუმჯობესებულ ვაქცინებში გამოიყენებენ, შესაძლოა, აცრა მეტად ეფექტური გახდეს.

მეცნიერები პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საავადმყოფოს თანამშრომლებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და სისხლის ნიმუშებსაც რეგულარულად უღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები მუდამ სარისკო გარემოში იმყოფებოდნენ, მათგან ყველა არ დაინფიცირებულა. კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.

დაახლოებით ერთს 10-დან არასოდეს ჰქონია ვირუსის სიმპტომები, არც ტესტით დასდასტურებია იგი და არც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გასჩენია სისხლში.

მათი იმუნური სისტემის ნაწილმა ინფექციის დამარცხება მანამ მოახერხა, სანამ იგი მოძლიერდებოდა და ფესვებს გაიდგამდა, ამას კი სხვაგვარად აბორტულ ინფექციას უწოდებენ.

სისხლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ ასეთ ადამიანებს დამცავი T-უჯრედები პანდემიის დაწყებამდე უკვე ჰქონდათ. ისინი კოვიდით ინფიცირებულ უჯრედებს ცნობენ და ანადგურებენ. დოქტორი ლეო სვოდლინგის, ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, კოვიდ-რეზისტენტულ პირთა იმუნური სისტემა ახალ დაავადებასთან საბრძოლველად უკვე შემზადებული გახლდათ.

არსებული ვაქცინები მეტწილად წვეტის ცილას ეძებს, რომელიც კორონავირუსის გარეთა ზედაპირზე გვხვდება. მიუხედავად ამისა, იშვიათმა T-უჯრედებმა ვირუსის შიგნით იპოვეს ცილები, რომელიც მას გამრავლებისათვის ესაჭიროება.

"ჯანდაცვის მუშაკებს, რომელთაც ვირუსის შეკავება მანამ მოახერხეს, სანამ იგი შესამჩნევი გახდებოდა, სავარაუდოდ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ T-უჯრედები, რომლებიც შინაგან მექანიზმებს ცნობენ", — დასძინა სვოდლინგმა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის არაერთი ტიპი არსებობს, პანდემია კი კერძოდ COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. შინაგანი ცილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს კორონავირუსის მონათესავე სახეობებში, რომელთა შორისაც გაციების გამომწვევ ტიპებსაც ვხვდებით. შესაბამისად, თუ ვაქცინის საშუალებით ამ ცილებს მიზანში ამოვიღებთ, შესაძლოა, ვაქცინამ ყველა კორონავირუსისა და ახალი შტამებისგანაც დაგვიცვას.

გუნდის თქმით, არსებული ვაქცინები ადამიანებს შესანიშნავად იცავს სერიოზული ავადმყოფობისაგან, თუმცა ვირუსის თავიდან არიდებაში ასეთივე ეფექტური არ არის.

"ვფიქრობ, შეგვიძლია, მათი გაუმჯობესებული მოქმედებაც ვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ T-უჯრედების საშუალებით ვაქცინა ინფიცირებისაგანაც შეძლებს დაცვას და ვირუსის ახალი ვარიანტების ამოცნობას უკეთ მოახერხებს", — განაცხადა პროფესორმა მალა მაინიმ.

გაციება ხშირია და მისი გამომწვევი კორონავირუსიც თითქმის ყველას გვექნება გამოვლილი, თუმცა დამცავი T-უჯრედების შესაბამისი ტიპი ყველას არ გაგვაჩნია. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ჯანდაცვის მუშაკები სამუშაოს ფარგლებში ვირუსებს რეგულარულად აწყდებიან და ზოგიერთ მათგანს დაცვაც სწორედ ამიტომ აღმოაჩნდა.

"ამ კვლევისაგან მიღებული ცოდნა შესაძლოა, განსხვავებული ვაქცინის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ კუთხით დამატებით წინსვლას მოიტანს, ვინაიდან ყველანაირი ვაქცინა გვჭირდება, რისი მიღებაც კი შეგვიძლია", — განაცხადა დოქტორმა ალექსანდრე ედვარდსმა რედინგის უნივერსიტეტიდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.