ჩინეთმა რაკეტების სავარაუდო სამიზნეებად უდაბნოში აშშ-ის სამხედრო ხომალდების ორეულები ააგო
ჩინეთმა ტაკლა-მაკანის უდაბნოს ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდისა და წყვილი საესკადრო ნაღმოსნის ორეულები ააგო, რომლებსაც, სავარაუდოდ, საკუთარი ბალისტიკური რაკეტების გამოცდისას სამიზნე ობიექტებად გამოიყენებენ. ამის დამადასტურებელი სატელიტური სურათები კოლორადოს შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ Maxar Technologies მოიპოვა.
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზიური სახელმწიფო ავიამზიდების გამანადგურებელი საშუალებების გაუმჯობესებას ცდილობს, რაც, უმეტესწილად სწორედ აშშ-ის წინააღმდეგაა მიმართული. ამის მიზეზი მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა.
მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში გადაღებული სატელიტური სურათები აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდისა და Arleigh Burke-ის ტიპის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნების ფორმის მქონე სრულმასშტაბიანი მოდელების მოხაზულობას გვიჩვენებს. კომპლექსში 6-მეტრიან ლიანდაგსაც ვხედავთ, რომელზეც გემის მსგავსი სტრუქტურაა მოთავსებული. ექსპერტების აზრით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სამიზნე აამოძრაონ.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული კომპლექსის დანიშნულება ჩინეთის ბალისტიკური რაკეტების გამოცდაა. ეს და სხვა ამგვარი პროგრამები კი ქვეყნის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მეთვალყურეობის ქვეშაა.
როგორც ცნობილია, მათ გემების საწინააღმდეგო იარაღი ტესტირების ფარგლებში პირველად 2020 წლის ივლისში, სპრატლის კუნძულების მახლობლად აამოქმედეს. საყურადღებოა, რომ ეს ტერიტორია ჩინეთს, ტაივანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სხვა 4 სახელმწიფოს შორის სადავოა.
მნიშვნელოვანია, რომ უდაბნოში რაკეტების გამოცდისას ზღვაში არსებული პირობების იმიტირება ვერ მოხერხდება, ამიტომ, სპეციალისტთა თქმით, ჩინეთის მიზანი მალულად მოქმედებაა. ამას ისინი ყველაზე უკეთ სწორედ საზღვრებს შიგნით, ხმელეთზე შეძლებდნენ.
კომენტარები