უახლოეს ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, დედამიწის მსგავსი ოკეანეები არსებობდეს — კვლევა
დედამიწის მსგავსი მყარი პლანეტების სიცოცხლესთან თავსებადობას მეცნიერები სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ქიმიური შემადგენლობა, შიდა სტრუქტურა, ვარსკვლავთან დისტანცია და თავად ამ მნათობის მახასიათებლები. ეს ციურ სხეულებზე ხანგრძლივად არსებულ პირობებს განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მზის სისტემაში, არამედ მის გარეთაც.
შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მკვლევრები ამ ყველაფრის გათვალისწინებით აცხადებენ, რომ უახლოეს ვარსკვლავურ სისტემაში შესაძლოა, სულ მცირე 1 ისეთი ეგზოპლანეტა მოძრაობდეს, რომელიც დედამიწის ოკეანეების ეკვივალენტური მოცულობის წყალს იტევს. ამის შესახებ ისინი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
კვლევის ავტორების მიერ გამოყენებული მეთოდი ციური სხეულების შემადგენლობის არაპირდაპირ შესწავლას გულისხმობს იმ მნათობის მონაცემების მიხედვით, რომლის გარშემოც ისინი გადაადგილდებიან. ამ შემთხვევაში, მათი ყურადღების ცენტრში ჩვენგან 4.37 სინათლის წლით დაშორებული ალფა კენტავრი მოექცა, რომელიც ვარსკვლავთა ტრიადას წარმოადგენს — A, B და C (პროქსიმა კენტავრი). მათ თვისებებზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა სისტემაში შემავალ ეგზოპლანეტებზე იმსჯელეს.
მეცნიერთა გამოთვლებით, ალფა კენტავრის მიმდებარედ (ზონაში, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა არაა გამორიცხული) განლაგებულ ასეთ ობიექტებს, სავარაუდოდ, პრიმიტიული მანტია აქვთ, რომელიც სილიკატებითა და ნახშირბადის შემცველი მატერიითაა მდიდარი. მათი რკინის ბირთვი დედამიწისას ზომით ოდნავ აღემატება, წყლის ტევადობა კი იგივეა.
ნაშრომის თანახმად, აღნიშნული ეგზოპლანეტების ატმოსფერო ისეთივეა, როგორიც დედამიწას 40000000000-25000000000 წლის წინ ჰქონდა. ამ დროს ხმელეთი უკვე გაცივებული იყო კონტინენტები ყალიბდებოდა და სიცოცხლის ფორმები ჩნდებოდა. ამის მიუხედავად, წყალი მჟავური, ჰაერი კი ჟანგბადს მოკლებული გახლდათ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ალფა კენტავრ A-სა და B-ს მეტალურობა, ანუ წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ქიმიური ელემენტების სიუხვე ჩვენი მზისას 72 პროცენტით აღემატება. ეს კონდენსაციისა და ორთქლწარმოქმნის პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება უახლოესი ვარსკვლავური სისტემის ეგზოპლანეტების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
კომენტარები