ნბა-ს 2016-2017 წლის რეგულარული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და მოახლოვდა გათამაშების დასკვნითი ნაწილი - პლეიოფები. ბრძოლა კვლავ გრძელდება, თუმცა საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდების რეალური ძალა მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია.
ამ სტატიაში შევეცდები აღმოსავლეთ კონფერენციის ფავორიტები და მათი შანსები მიმოვიხილო.

1. კლივლენდ კავალიერსი

ფოტო: charnsitr / Shutterstock

East-ის, ისევე როგორც სუპერ ფინალების, მთავრი ფავორიტი შარშანდელი ტრიუმფატორი კლივლენდ კავალიერსია.

ლებრონი და მისი ბიჭები წლევანდელ სეზონსაც იგივე მიზნით შეხვდნენ. შარშანდელი სეზონის შემდეგ, ჩემპიონმა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა - სასტარტო ხუთეული უცვლელია, ბალასტი გაუშვა და რამდენიმე ვეტერანიც დაიმატა. თუმცა ძირითადი გაძლიერება თებერვლის ტრეიდების დედლაინის წინ მიიღო.

პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, გუნდში ატლანტელი კაილ კორვერის დამატება იყო. ვის სანაცვლოდაც ქორებმა მაიკ დანლივი, მო ვილიამსი და კავალიერსის 2019 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკი მიიღეს. შესაბამისად, ლებრონის გუნდმა ბოლო წლების საუკეთესო პერიმეტრიდან მსროლელი მიიღო, რომლის დამატებაც კლივლენდის დირექტორატს დიდი ხანია სურდა, ხოლო ატლანტამ ახალგაზრდა კალათბურთელის დამატების შანსი სამომავლოდ გაინაღდა.

ამ გაცვლის შემდეგ კავალიერსი თავისუფალი აგენტების ბაზარს მიადგა და ყველაზე მსუყე ნაჭრებიც ერგო. რაც ლებრონის ფაქტორის გათვალისწინებით, სულაც არაა გასაკვირი.
სათადარიგო სკამის გაძლიერებისთვის, ჯერ დერიკ უილიამსის სახით, ენერგიული ფორვარდი დაიმატეს, შემდეგ ლებრონის დიდი ხნის სურვილი, გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით, აასრულეს და თანაც როგორ?! არც მეტი, არც ნაკლები, სეზონის ბოლომდე კონტრაქტს ხელი დერონ უილიამსმა მოაწერა, რომელიც მანამდე დალას მავერიქსმა გარიცხა გუნდიდან.

სულ ბოლოს, რიგით მეორე სუსტ პოზიციაზე, ცენტრი ენდრიუ ბოგატი დაიმატეს, თუმცა პირველი ორისგან განსხვავებით, აქ, ჩემპიონს არ გაუმართლა და ავსტრალიელი პირველი თამაშის პირველივე წუთებზე დაიმტვრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოგატი სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა პარკეტს.

ახლა მიდის საუბარი, რომ ავსტრალიელის ადგილას ლარი სანდერსი აიყვანონ, რომელიც ორიოდე წლის წინ, ხასიათის და პირადი პრობლემების გამო კალათბურთს ჩამოშორდა და ახლაღა გადაწყვიტა დაბრუნება. თუ სანდერსი ძველ ფიზიკურ კონდიციებს აღიდგენს და კვლავ გადაწყვეტს ითამაშოს ის კალათბურთი, რისი დამსახურებითაც თავის დროზე ლიგამ დააფასა და სარფიანი კონტრაქტიც ერგო, კავალიერსისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით კი ისეთ გუნდებთან, რომლებსაც ძლიერი “სამწამიანი” ჰყავთ და მათ წინააღმდეგ ე.წ. Shot-blocker აუცილებლად გამოადგებათ. თან დიდია იმის ალბათობა, რომ პირველივე წრეში დეტროიტ პისტონს, ან ლებრონის ძველ გუნდს - მაიამი ჰიტს დაუპირისპირდნენ. ამ ორ გუნდს კი მთლიანად ლიგის მასშტაბით გამორჩეული ცენტრები ყავთ - ანდრე დრამონდის (წელს საშუალოდ: 14,6 ქულა; 13,9 მოხსნა; 1,1 დაფარება) და ჰასან უაითსაიდის (16,6 ქულა; 14,1 მოხსნა; 2,1 დაფარება) სახით.

ასე რომ, დღეის მდგომარეობით კავალიერსის გუნდი სრულად დაბალანსებულია. 3 სუპერ ვარსკვლავით, ძლიერი სასტარტო ხუთეულითა და გრძელი სათადარიგო სკამით. მთავარია ლებრონის ბრძოლას მორიგი ტიტულისთვის ტრავმებმა არ დაასვან დაღი.

სასტარტო ხუთეული კევინ ლავისა და ჯ.რ. სმიტის გამოჯანმრთელების შემდეგ, რაც პლეიოფების დაწყებამდე იგეგმება, წესით, ტრადიციულ სახეს მიიღებს:

  • PG - კაირი ირვინგი
  • SG - ჯ.რ. სმიტი
  • SF - ლებრონ ჯეიმსი
  • PF - კევინ ლავი
  • C - ტრისტან ტომპსონი

ეს სწორედ ის ხუთეულია, რომელმაც შარშანდელ სუპერფინალში 1:3-დან, სტეფ კარისა და მის ფანტასტიკური კალათბურთის მოთამაშე უორიორს, ჯერ გაუთანაბრა და შემდეგ ოკლენდში, ბოლომდე გადაყვითელბულ დარბაზში, მოუგო.

დევიდ ბლატის გაშვების შემდეგ, კავალიერსი ახალგაზრდა სპეციალისტმა ტაირონ ლუმ ჩაიბარა, რომლის კარიერის მთავარ ჰაილაითად 2001 წლის სუპერ ფინალში ალან აივერსონის ფეხთით წოლა შეიძლება ჩაითვალოს. ლუმ წარმატებით გაართვა თავი ლებრონის გარშემო გუნდის აწყობას და პირველი რაც გააკეთა იყო რუსი ტიმაფეი მოზგოვის ღრმა სათადარიგოებში გადაყვანა, ხოლო მის მაგიერ ტრისტან ტომპსონის დაწინაურება. ტომპსონი მშვენიერ ცენტრად ჩამოყალიბდა და მას შემდეგ კავალიერსისის სამწამიანის უცვლელი წევრია.

სმიტმა კარიერის ბოლოს დაცვის თამაშიც დაიწყო, რაც გუნდისთვის მოულოდნელი კოზირი აღმოჩნდა. ჩემპიონის ძირითადი იარაღი, რა თქმა უნდა, ლებრონი, კაირი და კევინი იქნებიან, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ შემადგენლობა უფრო ღრმაა და პოპოვიჩისებრი როტაცია მეტად მოსალოდნელია, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გუნდის შანსებს ერთი ორად ზრდის. მივყვეთ.

სათადარიგოები:

  • PG - დერონ უილიამსი
  • SG - კაილ კორვერი, აიმან შამპერტი
  • SF - რიჩარდ ჯეფერსონი
  • PF - ჩენინგ ფრაი, დერიკ უილიამსი
  • C - ლარი სანდერსი

ჩემპიონს აშკარად ერთ-ერთი საუკეთესი სკამი აქვს, თუ საუკეთესო არა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ცენტრების გარდა, როგორც სასტარტო ხუთეულის, ასევე თადარიგის მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა პერიმეტრიდან სანდო მსროლელია, რაც გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ, მათივე იარაღის გამოყენების წინაპირობაა. ეს კი ნამდვილად არ უნდა ახარებდეს კალიფორნიელებს.

სეზონის განმავლობაში, ლებრონმა გუნდის შევსების აუცილებლობაზე ბევრი ისაუბრა და მიუხედავად სახელფასო ჭერის გადამეტებისა, კავალიერსის დირექტორატმა “მეფე” არ დააღალატა და ლებრონიც კმაყოფილია დამატებული მოთამაშეებით.

გუნდში ასევე ირიცხებიან:

  • ჯეიმს ჯონსი, იგივე “ჩემპი”, რომელიც ლებრონის თილისმასავითაა და ბოლო 7 წელია მის გარეშე პურს არ ჭამს.
  • დეანდრე ლიგინსი
  • ქეი ფელდერი.

ცხადია, რომ ლებორნისთვის ჩემპიონობის გარდა სხვა ვარიანტი არც არსებობს და არც განიხილება. მისი შესაძლებლობების, ამბიციისა და გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე, ნომერ პირველი ფავორიტი აღმოსავლეთიდან სწორედ ოჰაიოს გუნდია.

აი, მისთვის წინააღმდეგობის გაწევას კი მხოლოდ 3 გუნდი თუ შეძლებს…

2. ბოსტონ სელტიქსი

ფოტო: NBA

კალათბურთის ერთგულ გულშემატკივარს ეცოდინება, ხოლო სტაჟიანს, 80-იანი წლების ბოსტონ სელტიქსის მსროლელი დენი ეინჯი, აუცილებლად ემახსოვრება. ლარი ბერდის მხარდამხარ თამაშით, 2 საჩემპიონო ბეჭედს გამოჰკრა ხელი და სხვათა შორის, ერთხელ All Star-შიც კი ითამაშა. სწორედ ეს კალათბურთელია დღევანდელი სელტიქსის შემოქმედი. ოღონდ, ამჯერად, როგორც გენერალური მენეჯერი.

დღევანდელი გუნდის შენება მაშინ დაიწყო, როდესაც ბოსტონში ლეგენდარული დიდი სამეული დაიშალა. რეი ალენის წასვლის შემდეგ, ეინჯმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და აქცენტი მომავალ წარმატებებზე გადაიტანა.

ამ პროცესის პირველი ნაბიჯი პოლ პირსის, კევინ გარნეტის და ჯეისონ ტერის ბრუკლინში 4(!) პირველი რაუნდის პიკის სანაცვლოდ გაცვლა იყო (2014, 2016, 2017 და 2018 წლების დრაფტებზე). ამ სუპერ რეზონანსულმა ტრეიდმა, რომელშიც სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი კალათბურთელებიც მონაწილეობდნენ, სრულად დაანგრია ბრუკლინის სამომავლო ამბიციები, ხოლო ბოსტონს ახალი სიცოცხლე შთაბერა.

ამის შემდეგ ეინჯმა ჯერ დოკ რივერსს მისცა კლიპერსში წასვლის უფლება, ვის სანაცვლოდაც მეორე რაუნდის პიკი მიიღო, ხოლო შემდეგ გუნდის სრულ დემონტაჟს შეუდგა და ერთმანეთის მიყოლებით გაცვალა გუნდის ორი ლიდერი - რაჟან რონდო და ჯეფ გრინი, რომელთა სანაცვლოდაც, რასაკვირველია, ისევ პირველი რაუნდის დრაფტ პიკები მიიღო. ბოლოს კი გუნდში ახალგაზრდა, სრულიად გამოუცდელი სპეციალისტი ბრედ სტივენსი მოიწვია და სწორედ მას ანდო ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელობა. აი, სწორად ამის შემდეგ დაიწყო ბოსტონის აღმასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალბედა კოლექტივს, ახალი მოთამაშეების დამატების რეჟიმში, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის პოტენციალის გასაჩენად რამდენიმე წელი უნდა დასჭირვებოდა, ბრედ სტივენსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან, უსახელო ბიჭებით, უმოკლეს დროში შეძლო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რომელსაც უკვე წელს საჩემპიონო ამბიციები აქვს.

გუნდის სული და გულია 175 სანტიმეტრის სიმაღლის აიზია ტომასი, რომელიც მე-4 მეოთხედების ნომერ პირველ სპეციალისტად ჩამოყალიბდა, ბოსტონი კი ცხრილის სათავეში მოექცა და ფეხ და ფეხ მიჰყვება მოქმედ ჩემპიონს.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ტომასი MVP-ს მაძიებელთა რიგებშიც განიხილება. სელტიქსის კოლექტივი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, უფრო მეტად გუნდურ კალათბურთს თამაშობს და გამორჩეული ინდივიდუალისტების სიმრავლეში მოიკოჭლებს, თუმცა კვლავ დენი ეინჯის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის წინ აიზია ტომასს ერთი სუპერ ვარსკვლავი მაინც მოუყვანა და ატლანტელი ალ ჰორფორდი 4 წლით ბოსტონელი გახდა (ამისთვის მან მაქსიმალური 113 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიიღო).

სასტარტო ხუთეული:

  • PG - აიზია ტომასი
  • SG - ეივერი ბრედლი
  • SF - ჯეი კრაუდერი
  • PF - ამირ ჯონსონი
  • C - ალ ჰორფორდი

სათადარიგოები:

  • PG - მარკუს სმარტი, ტერი როზიე
  • SG - ჯერალდ გრინი
  • SF - ჯელენ ბრაუნი
  • PF - კელი ოლინიკი, იონას იერებკო
  • C - ტაილერ ზეელერი

მასაჩუსეტსელების მთავარი პრობლემა “საპლეიოფო” მოთამაშეების ნაკლებობაა.

ახალგაზრდული გუნდების სენი სწორედ ესაა. თადარიგში სანდო კალათბურთელები ნაკლებად მოიძებნებიან, ამიტომ მიუხედავად საოცრად წარმატებული რეგულარული სეზონისა, ლებრონის გუნდთან 7 თამაშიან სერიაში 4 მოგების წამოღება ამ ეტაპზე საკმაოდ არარეალურია. ბოსტონის გულშემატკივრებს მხოლოდ იმ “პატარა სასწაულის” იმედი თუ ექნებათ, რომელიც მე-4 მეოთხედებში საშუალოდ 10 ქულას აგროვებს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე საუკეთესო შედეგია.

3. ვაშინგტონ უიზარდსი

ფოტო: Getty

შარშანდელი სეზონის შემდეგ დედაქალაქელებს დიდი გეგმები ჰქონდათ. ჯერ მწვრთნელი გამოცვალეს და რენდი უიტმენის ნაცვლად სკოტ ბრუკსი დაიქირავეს, ხოლო შემდეგ სწორედ ამ უკანასკნელის ფაქტორის გათვალისწინებით, კევინ დურანტის შინ დაბრუნება სურდათ. კევინი წარმოშობით ვაშინგტონიდან არის და თან კარგად ნაცნობ მწვრთნელთან დაბრუნება შესაძლოა მისთვის საინტერესო ყოფილიყო. ასეა თუ ისე, მარკიფ მორისის დამატების შემდეგ ჯონ უოლისა და ბრედლი ბილის დუეტს ღირებული ვერაფერი შემატეს.

ჯერ ზაზა ფაჩულიამ 2 წელზე $20 მილიონს, ოკლენდის სუპერ გუნდში $2.9 მილიონად თამაში ამჯობინა და ამიტომ, სხვა ცენტრის ძიებაში, იან მაიმნის 4 წლიანი კონტრაქტი $64 მილიონი დოლარი დაუჯდათ, რაც თავიდანვე ჩანდა, რომ გადამეტებული იყო და შემდეგ კიდევ ერთი ცუდი გარიგება გააფორმეს - ენდრიუ ნიკოლსონს 4 წელზე $26 მილიონი ერგო. ამ ტრანსფერების შემდეგ, სახელფასო ჭერი შეივსო და კარგი კალათბურთელების დამატების შანსი შემცირდა, რაც განსაკუთრებით მიმდინარე სეზონის სტარტზე აისახა.

ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ სკოტ ბრუქსის გუნდი კარგად ათამაშდა და შობის შემდეგ მთელ ლიგაში საუკეთესო გუნდია.

ცხრილის ბოლოდან 4-ეულში შესვლაც მოახერხეს და ტრეიდების დედლაინის წინ გამოიკვეთა, რომ უიზარდსის საპლეიოფო მიზნებიც მაქსიმალურად შორსმიმავალი იყო.

მარტივი ამბავია, დაბალანსებული სათადარიგო სკამის გარეშე, საჩემპიონო მიზნები საგრძნობლად მცირდება. სასტარტო ხუთეული რამდენადაც საუცხოოდ გამოიყურებოდა, სწრაფ ტემპში თამაშობდა და პერიმეტრიდანაც მაღალი პროცენტით ისროდა, იმდენად საპირისპირო მდგომარეობა იყო სკამიდან შემოსული კალათბურთელების პარკეტზე ყოფნის პერიოდში. ამის გამოსასწორებლად კი აუცილებელი, ცალსახად, ახალი მოთამაშეების დამატება იყო.

დედაქალაქელებს “win now” დროება უდგათ და ახალგაზრდა კალათბურთელებზე მეტად, მოქმედი ეფექტური მოთამაშეები ესაჭიროებათ. ამისთვის კი, გუნდს 2017 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკის დათმობა მოუწევდა, რადგან სხვა ღირებული აქტივი უიზარდს არ ჰქონდა. ტრეიდების დედლაინის წინ მშვენიერი გაცვლა გაახერხა დირექტორატმა და ბრუკლინიდან ბოიან ბოგდანოვიჩი დაიმატა, რომელსაც თავიდანვე შეეტყო, რომ ვაშინგტონის სქემაში იდეალურად უნდა ჩამჯდარიყო.

მაშ ასე, ტრეიდი იყო შემდეგნაირი - უიზარდსმა მიიღო ბოიან ბოგდანოვიჩი და კრის მაკალოუ (2015 წლის დრაფტის პირველი რაუნდის 29-ე პიკი) და სანაცვლოდ ბრუკლინს ენდრიუ ნიკოლსონი (ცუდი კონტრაქტით), ვეტერანი მარკუს ტორტონი და 2016 წლის დრაფტის 1 რაუნდის პიკი დაუთმო.

რადგან ბრუკლინის ლამის სულ ყველაფერი ბოსტონს ეკუთვნის, ნეტსს დრაფტ პიკები სასიცოცხლოდ ესაჭიროება, თან ბოგდანოვიჩს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გუნდში შენარჩუნება გაჭირდებოდა.

აი, ჯონ უოლმა კი სანატრელი “მეექვსე კაცი” მიიღო, რომელიც პერიმეტრიდან 46%-ით(!) ისვრის.

თავისუფალი აგენტების ბაზარზე კი ბრენდონ ჯენინგს მიაგნეს, რომელიც თავის მხრივ ნიუ იორკ ნიქსმა გარიცხა. შეტევაზე ორიენტირებული გამთამაშებლის დამატებით, გუნდის შემადგენლობამ უკვე დასრულებული სახე მიიღო.

სასტარტო ხუთეული:

  • PG - ჯონ უოლი
  • SG - ბრედლი ბილი
  • SF - ოტო პორტერი
  • PF - მარკიფ მორისი
  • C - მარჩინ გორტატი

სათადარიგოები:

  • PG - ბრენდონ ჯენინგსი
  • SG - ბოიან ბოგდანოვიჩი, ტომას სატორანსკი
  • SF - კელი უბრე
  • PF - ჯეისონ სმიტი
  • C - იან მაიმნი

გუნდი დაბალანსებულია, ჰყავს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი, ახალგაზრდა და ამავდროულად პლეიოფში გამოცდილი მწვრთნელი. შესაბამისად, უიზარდსის ფანებისთვის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში თამაში მხოლოდ მინიმალური მიზანი უნდა იყოს.

რეგულარულ სეზონს, დიდი ალბათობით, ვაშინგტონი II ან III ადგილზე დაასრულებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ფინალამდე კლივლენდს არ შეხვდებიან, ხოლო თუ იქამდე გავიდნენ, მთავარი კითხვა იქნება, კონკრეტულად ვინ შეძლებს მეფის გაჩერებას?!

4. ტორონტო რეპტორსი

ლიგის ერთადერთი კანადური გუნდი კონფერენციის ფინალში მოხვედრის მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო, სადაც შარშანდელი მარცხის (2-4) შემდეგ ლებრონ ჯეიმსზე შურისსაძიებლად უნდა გასულიყო პარკეტზე, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, მეორე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოცურდა, რაც მეორე რაუნდისთვის კავალიერსთან შეხვედრის დაჩქარებას მოასწავებს.

სუპერ ფინალში გასვლის საუკეთესო შანსი, კლივლენდის შემდეგ, შემადგენლობისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც რეპტორსს აქვს. როგორც ტორონტოს სამედიცინო შტაბმა განაცხადა, პლეიოფებამდე ყველა მოთამაშე მწყობრში იქნება და თუ ამასობაში გუნდმა ფორმაში შესვლაც მოასწრო, მათი შანსები რეალური იქნება.

ჩემპიონისთვის სერიის მოგება ურთულესი ამბავია, რაც შარშანდელმა უორიორსმაც კი ვერ შეძლო და თან 3-1 ანგარიშზე. მიუხედავად იმისა, რომ სტივ კერის გუნდმა მაიკლ ჯორდანის(!) ჩიკაგოს 72 მოგებიანი რეგულარული სეზონი გადაფარა. კავალიერსის დამარცხებისკენ მიმავალი გზა ლებრონის განეიტრალებაზე გადის, რაც, ცხადია, შეუძლებელი საქმეა, თუმცა სწორედ აქ აქვს ტორონტოს უპირატესობა სხვა გუნდებთან, რადგან ტრეიდების დედლაინის სულ ბოლო ტრანსფერი სწორედ კანადელების იყო და სწორედ ამ ახალ დამატებულ კალათბურთელზე დგას რეპტორსის ის ოცნება, რომელის მიხედვითაც, მეფე ჯეიმსი თავის რიგით მე-7 ფინალს გამოტოვებს. ამაზე მოგვიანებით. ჯერ მივყვეთ თანმიმდევრულად.

ტორონტოს ძლიერი მხარე უკანა ხაზია. კაილ ლოურისა და დემარ დეროუზანის დუეტი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესოც. გუნდი მეტ ნაკლებად დაბალანსებულია და სეზონის წინ დრაფტიდან 2 საინტერესო ახალგაზრდაც დაიმატეს.

მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე დემარე კეროლი დგას, რომელსაც ცოტა რეგრესი კი აქვს, მაგრამ რეპტორსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ცენტრის პოზიციაზე ლიტველი იონას ვალანჩუნასი ირჯება და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მძიმე ფორვარდის ადგილზე ტორონტო ვერაფრით ჩამოყალიბდა. წლევანდელ სეზონში უკვე 6 მოთამაშე გამოსცადეს. ხოლო, როგორც ძველი საკალათბურთო ანდაზა ამბობს, თუ გყავს 6 კალათბურთელი ერთ პოზიციაზე, ე.ი. არცერთი არ გყავს.

სწორედ ამიტომ, რეპტორის გენერალურმა მენეჯერმა მასაი უჯირიმ მაღალ კვალიფიციური მოთამაშის დამატება თავიდანვე განიზრახა. სეზონის განმავლობაში ტორონტოს რამდენიმე კანდიდატს უკავშირებდნენ, საბოლოოდ კი თითქმის იდეალური ვარიანტი მოიძებნა.

ორლანდოში სულ ახლახანს გადასული სერჟ იბაკა კანადურ გუნდში ჩაირიცხა. სანაცვლოდ კი მეჯიქმა ტერენს როსი და 2017 წლის პირველი რაუნდის პიკი (რეპტორსისა და კლიპერსის პიკებს შორის საუკეთესო) მიიღო. ორლანდოსთვის გაუგებარი გადაწყვეტილებაა, თუმცა კაილ ლოურისა და დემარ დეროუზანს სათავისო კაცი ერგოთ - აგრესიული დამცველი, ე.წ. “Rim protector” და საშუალო და შორი მანძილიდან საიმედო მსროლელი. შედეგად სასტარტო ხუთეულიც ბოლომდე შეიკრა:

  • PG - კაილ ლოური
  • SG - დემარ დეროუზანი
  • SF - დემარე კეროლი
  • PF - სერჟ იბაკა
  • C - იონას ვალანჩუნასი

საპლეიოფოდ სკამიდან შემომსვლელებს შორის აღსანიშნავია ენერგიული კანადელი, გრეგ პოპოვიჩის სკოლა გამოვლილი, კორი ჯოზეფი და ვეტერანი პატრიკ პატერსონი, რომელსაც დუეინ ქეისი სწრაფი ხუთეულით თამაშისას განსაკუთრებით იყენებს. ხოლო, რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ტორონტოს ჯოკერს, ესაა ფინიქსიდან ბოლო წუთს მოსული პ.ჯ. ტაკერი (ფინიქსმა სანაცვლოდ ჯარედ სალინჯერი და მეორე რაუნდის ორი პიკი მიიღო, 2017 და 2018 წლების დრაფტებზე), რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა ასეა მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორც ზემოთ არაერთგზის აღვნიშნე, დიდ ფინალამდე გზა ნებისმიერი გუნდისთვის კლივლენდ კავალიერსზე გადის, ხოლო კლივლენდთან თამაშის დროს ლებრონის შეზღუდვის გარეშე, წარმატებაზე ფიქრი არარეალურია. აი, სწორედ ამ მიზნისთვისაა საჭირო პ.ჯ. ტაკერი, რომელიც, როგორც ამერიკულ მედიაში თვლიან, წლის საუკეთესო დამცველისთვის ბრძოლაში ფარული ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მაჩვენებლებით არ გამოირჩევა (7 ქულა; 6 მოხსნა; 1.5 ჩაჭრა), მისი ნიჭი სწორედ სხვებისთვის გამორჩეულად თამაშში ხელის შეშლაში გამოიხატება. ტაკერი მუშა და დაუღალავი კალათბურთელია, რომელიც თავის ფიზიკას კარგად იყენებს და შეუძლია რამდენიმე პოზიციის მოთამაშის წინააღმდეგ დაცვაში თანაბარი წარმატებით თამაში. ტრავმებს არ იღებს და ლებრონის წინააღმდეგ ელიტური დამცველების შემდეგ, თითქმის იდეალური ვარიანტია. პარკეტზე სხვა სამუშაო მას არ ექნება, გარდა ჯეიმსის მეურვეობისა.

სათადარიგოები:

  • PG - კორი ჯოზეფი, დელონ რაითი
  • SG - ნორმან ფაუელი
  • SF - პ.ჯ. ტაკერი, პასკალ სიაკამი
  • PF - პატრიკ პატერსონო
  • C - ლუკას ნოგუიერა, ჯეიკობ პოეტლი