ელექტრომობილების სექტორში ის კომპანიები ერთიანდებიან, რომლებიც თავად ელექტრომობილებსა და მის შემადგენელ კომპონენტებს აწარმოებენ. აქ მთავარი პირობაა, რომ მანქანას ელექტრო ძრავა უნდა ჰქონდეს — იყენებდეს ელექტროენერგიას და არა ბენზინსა და დიზელს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მსხვილი საავტომობილო კომპანიები, მათ შორის, Ford და General Motors ელექტრომობილების მინიმუმ ერთ მოდელს აწარმოებენ, მათ ამ სექტორს ვერ მივაკუთვნებთ, რადგან მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ელექტრომანქანების წარმოება არ არის.

სტატიის მომდევნო ნაწილში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების აქციებზე, მათ საინვესტიციო მიმზიდველობასა და მიმდინარე ტენდენციებზე მოგიყვებით.

Tesla

ფოტო: Tesla

Tesla ამ ინდუსტრიის ლიდერია. ბოლო მონაცემებით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 803 მილიარდ დოლარს აღწევს, მისი აქციების ფასი კი წლიურ ჭრილში 75%-ით არის გაზრდილი.

რა დაემართა Tesla-ს აქციებს მიმდინარე კვირაში: ორშაბათს, 11 ოქტომბერს Tesla-ს აქციებზე ფასები გაიზარდა, რაც ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა — ამ პერიოდში ბაზარზე ზოგადი პოზიტიური დინამიკა შეიმჩნეოდა და ამასთან, ანალიტიკოსებმა კომპანიის შესახებ ოპტიმისტური შეფასებები არ დაიშურეს.

ილონ მასკის კომპანიისთვის 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა. გასულ წელს Tesla-მ ბაზარს ნახევარი მილიონი ელექტრომობილი მიაწოდა, რომლის დიდი ნაწილიც მეოთხე კვარტალში აწარმოვა. კომპანია კიდევ ორ გიგანტურ ქარხანას აშენებს, გერმანიასა და აშშ-ში, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

კომპანიის წარმატებამ მისი ფასიანი ქაღალდები ღირებულებას ზრდას შეუწყო ხელი, რის გამოც 2020 წელს ტესლას აქციებზე ფასი 750%-ით გაიზარდა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, Tesla ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა.

NIO

ფოტო: NIO

NIO ელექტრო ავტომობილების ჩინური მწარმოებელია. მან აქციებით ვაჭრობა 2018 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც სავაჭროდ საკუთარი ფასიანი ქაღალდები ამ სექტორში მომუშავე სხვა ჩინურმა კომპანიებმაც გამოიტანეს, ინტერესი NIO-ს მიმართ კიდევ უფრო გაზარდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში NIO-მ ბაზარს 20 000 ელექტრომობილი მიაწოდა, რაც წლიურ ჭრილში 400%-იანი ზრდაა. კომპანიამ მეორე კვარტალში — 22 000, ხოლო მესამე კვარტალში — 23 500 ელექტრომობილი აწარმოვა. აღსანიშნავია, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო, კომპანიის საქმიანობა მესამე კვარტალში გარკვეულწილად შეფერხდა.

NIO ფოკუსირებულია ჩინური ელექტრო ჯიპების წარმოებაზე და Tesla-ს Model Y-ს კონკურენტად მოიაზრება. კომპანია ჩინეთის მთავრობისგან სუბსიდირდება, რის გამოც ამ ბაზარზე Tesla-ს ფასების შემცირება შეძლო.

სექტორის სხვა წარმომადგენლები

სექტორს წარმოადგენენ Lordstown Motors, რომელიც ელექტრო პიკაპების მწარმოებელია და Workhorse, რომელიც ელექტრო ფურგონებს უშვებს. უცხოური მედიის ცნობით, ეს კომპანიები გარკვეული საკითხების გადაწყვეტის ფაზაში არიან.

როგორც ცნობილია, Lordstown Motors-მა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ არ გააჩნდა საკმარისი რესურსები, რათა Endurance-ის მარკის ელექტრომობილების წარმოება დაეწყო. რაც შეეხება Workhorse-სს, ამ კომპანიის საქმიანობას აქტიურად იძიებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია.

თუ ამ სექტორში თანხის დაბანდებით შენი პორტფელის დივერსიფიცირება გსურს და ამავდროულად ისეთ აქციებს ეძებ, სადაც სადავო საკითხების გადაწყვეტით არ არიან დაკავებულნი, განიხილე ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ფასიანი ქაღალდები:

  • QuantumScape — ეს კომპანია ელექტრომობილებისთვის საჭირო ლითიუმის ბატარეებს უშვებს;
  • Blink Charging — ეს კომპანია ელექტრომობილების დამტენი სადგურების წარმოებით არის დაკავებული;
  • Hyliion — აწარმოებს ელექტრომობილების ძრავებს;
  • Velodyne Lidar და Luminar — აწარმოებენ ელექტრომობილებისთვის საჭირო სისტემებს;
  • Ballard Power Systems და Plug Power — აწარმოებენ წყალბადის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ საწვავს.

ამ სექტორში ფულის დაბანდების კიდევ ერთი ვარიანტია Lucid Group-ში ფულის ჩადება, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 37 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპანიას გაყიდვები ჯერ არ დაუწყია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მისი აქციების ფასი წლიურ ჭრილში 10,5%-ით არის შემცირებული.

ინვესტირება ფონდებში

ფოტო: Robert Linder / Unsplash

ინვესტორებს, რომლებიც ინდივიდუალური აქციების ყიდვას არ ანიჭებენ უპირატესობას, შესაძლებლობა აქვთ, ფული გაცვლით სავაჭრო ფონდებში დააბანდონ. აქ საუბარია აქციების ნაკრებზე, რომელიც, ამ შემთხვევაში, ელექტრომობილების სექტორში მომუშავე კომპანიებს აერთიანებს.

ერთ-ერთი ასეთი ფონდია Invesco PowerShares WilderHill Clean Energy ETF, რომელიც თვალყურს ადევნებს WilderHill Clean Energy-ის ინდექსს. ეს ფონდი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის არიან: NIO, Tesla, Workhorse Group, Kandi Technologies, ElectraMeccanica Vehicles და სხვები.

ინვესტირების ამგვარ შესაძლებლობას იძლევა Global X Autonomous & Electric Vehicles-ის ფონდიც, რომელიც ელექტრომობილებისა და თვითმავალი მანქანების მწარმოებელ ფირმებს მოიცავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ფონდი, ძირითადად, ფოკუსირებულია ტრადიციული ავტომობილების ისეთ მწარმოებლებზე, როგორიცაა, მაგალითად, Toyota. გარდა ამისა, ეს ფონდი მოიცავს ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც თვითმავალი ავტომობილების წარმოებით არიან დაინტერესებულნი.

რა განასხვავებს ელექტრომობილების სექტორს სხვებისგან?

იმ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც ავტომობილების ტრადიციულ ხაზს აწარმოებენ, ამ სექტორში მომუშავე ფირმები ახლები არიან. მიუხედავად ამისა, ელექტრომობილების წარმოებაზე ინტერესი მუდმივად მზარდია. სწორედ ამიტომ, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების ძირითადი ნაწილი ამ საქმიანობითაც ინტერესდება.

პარალელურად ჩნდებიან სტარტაპები, რომლებიც ელექტრომობილების ბაზარზე ავტომობილების ტრადიციულ მწარმოებლებთან კონკურენციაში შედიან. იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი შედარებით ახალია, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რომელი კომპანიები დაიკავებენ ბაზრის ლიდერის პოზიციას სამომავლო პერსპექტივაში. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ინვესტორთა ქცევაზეც.

ელექტრომობილების ინდუსტრიის მომავალი

ფოტო: Possessed Photography / Unsplash

ამ სექტორის პერსპექტიულობას ისიც ადასტურებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა ელექტრომობილების წარმოებას ახალისებს. სენატმა უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, $7,5 მლრდ გამოიყოფა ელექტრომობილების დამუხტვის სადგურებისთვის, 5 მლრდ — ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტობუსებისთვის, ხოლო $2,5 მლრდ ელექტრო ბორნებისთვის.

ელექტრომობილების მწარმოებელი ბევრი კომპანია აქციებით ვაჭრობას გეგმავს. ამასთან, ის ფორმები, რომლებიც ტრადიციული ავტომობილების მწარმოებლებად ითვლებიან, ელექტრომანქანების გამოშვებას აქტიურად გეგმავენ. სექტორი რომ აშკარად პერსპექტიულია ამაზე ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, თუმცა ისინი რისკების დაზღვევისკენაც მოგვიწოდებენ. სფეროს პროფესიონალები გვირჩევენ, რომ აქცენტი არა ინდივიდუალურ აქციებში ფულის დაბანდებაზე, არამედ პორტფელის დაბალანსებასა და გაცვლით სავაჭრო ფონდებში ინვესტირებაზე გავაკეთოთ.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.