10 საუკეთესო მომენტი The Leftovers-დან
ჩვენი ყოველდღიურობა რწმენისა და ცოდნის მუდმივი მონაცვლეობისგან შედგება. ზოგიერთი მოვლენის სისწორეში დარწმუნებულები ვართ, ზოგიერთს მხოლოდ მტკიცე რწმენის მეშვეობით ვხსნით, ზოგ რამეზე კი პასუხი უბრალოდ არ გვაქვს. რამდენადაც ფიზიკის კანონებს ვენდობით, თავს იმაზე ფიქრით არ ვიტვირთავთ, რომ დღეს მსოფლიო მოსახლეობის ორი პროცენტი გაქრება და ძვირფას ადამიანებს ასე დავკარგავთ. სერიალი მიტოვებულები (ან ნარჩენები, როგორც ამავე სახელწოდების მქონე რომანი ქართულად ითარგმნა) კი იმ ტიპის საზოგადოებას წარმოგვიდგენს, რომელმაც ამ ამოუხსნელი მოვლენის შემდეგ ცხოვრება უნდა განაგრძოს.
ერთია კითხვა "რატომ?" რომელზე პასუხსაც ადამიანების ნაწილი სამყაროს აღსასრულის ფანატიკურ რწმენამდე მიჰყავს, სხვები კი შერჩენილი რაციონალურობის ფარგლებში ხელმოსაჭიდს ეძებენ. მეორეა კითხვა "როგორ?", ანუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება ამის შემდეგ, რაზეც თითოეული პერსონაჟი განსხვავებულ ნარატივს გვთავაზობს.
ჩვენ ეტაპობრივად ვიგებთ, რომ პერსონაჟების ცხოვრება არც 14 ოქტომბრამდე იყო იდეალური, ხოლო ამ მოვლენის შემდეგ უფრო მძაფრად ვეცნობით მათ სევდას, ტკივილს, იმედსა თუ შიშებს. ამ სტატიაში ვეცდები, სერიალიდან ის განსაკუთრებული მომენტები განვიხილო, რომლებიც ემოციურად და იდეურად მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელია.
გაფრთხილება მათთვის, ვინც სპოილერებს უფრთხის: ქვემოთ მოცემული ტექსტი შეიცავს სიუჟეტურ დეტალებს ან/და გარკვეულ ნაწყვეტებს აღნიშნული სერიალიდან.
1. ნორას შეხვედრა "ოჯახთან"
პირველივე ეპიზოდში ვხედავთ, როგორ ქრება პატარა სემი, ლორის მუცლადმყოფი შვილი, კევინის პარტნიორი, მაგრამ რამდენია იმის შანსი რომ ადამიანმა ოჯახის 3 წევრი ერთდროულად დაკარგოს? "მხოლოდ ერთი 128 ათასიდან", — ვიგებთ ნორას პასუხიდან. როგორ უნდა იგრძნო თავი? ყველაზე უიღბლოდ? ან იქნებ ასეთ დროს გამოსავლად ისღა რჩება, რომ სხვას გადაუხადო ფული, რათა გესროლონ?
სანამ ნორა თავისი შვლებისა და ქმრის მანეკენებს შეეჩეხებოდა, მას უკვე ჰქონდა გარკვეული "თავდაცვის სისტემა" და ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა, მაგრამ ფაქტთან პირისპირ შეჯახება, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეუძლებელია, რომ ტკივილის მომტანი არ იყოს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი ღრმა მწუხარება და ტკივილი ათასნაირად შევფუთოთ, თვალი ავარიდოთ, ყურადღება არ მივაქციოთ და სახლიდან უკანა კარით გავაპაროთ. მაგრამ თუ ის წინა კარიდან ამაყად შემოაბიჯებს და მოკალათდება, ნორაზე უკეთეს პოზიციაში ვერც ჩვენ ვიქნებით.
2. ლორის სტვენა
არ აქვს მნიშვნელობა, გადარჩენისთვის ბრძოლაში შემთხვევით "ცოდვილი ნარჩენების" მხარეს აღმოჩნდი თუ სხვა დარჩენილების, რადგან ორივე შემთხვევაში მიტოვებული ხარ. როგორც თავად ლორის პერსონაჟი ამბობს: "ძალადობა სისუსტეა", მაგრამ არც სიჩუმეა სამყაროს მიმართ ერთადერთი სწორი პასუხი.
ამ სცენაში, მართალია, ლორი "არ ლაპარაკობს", მაგრამ ასე სათქმელს აშკარად უკეთ გადმოსცემს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვები დაარწმუნოს, რომ მათ გარდაცვლილ ნათესავებს ესაუბრა და სიმშვიდის განცდა დაუბრუნოს, რომელსაც შეუძლია "ცოდვილ ნარჩენებს" მსხვერპლი გამოსტაცოს, ჩახუტების იდეის მანიპულირებით ხალხს ტანჯვა შეუმსუბუქოს, სერიალის ამ ეტაპზე სიჩუმეს ირჩევს. რატომ? იმიტომ, რომ არ იცის, რა უპასუხოს სემის დედას, როცა ეკითხება, დაბრუნდება კი ის? ან თუ დაბრუნდება, ხომ ისევ იმ ადგილზე უნდა დახვდეს? ამ კითხვებზე ლორის პასუხი არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ვერც ადამიანის მოტყუებაში ხედავს გამოსავალს. თუმცა მთელი სერიალის განმავლობაში სამყაროსადმი პერსონაჟის დამოკიდებულება იცვლება და უფრო დიდი სიკეთისათვის ტყუილი დასაშვები ხდება, თუ ეს ადამიანებს დაეხმარება.
3. მეთის ტირილი
პერსონაჟი, რომელიც პირველ ეპიზოდში ფლაერებს არიგებს და ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ ყველა გაუჩინარებული გმირი არ ყოფილა, ეჭვს გვიჩენს, რომ მანაც დაკარგა ახლობელი ადამიანი. ამ ქმედების მოტივაციას მაშინ ვიგებთ, როცა მოგვიანებით მეთი ერთ-ერთ დიალოგში აღნიშნავს, რომ "თუ ცოდვილებისა და უცოდველების გარჩევას ვეღარ შევძლებთ, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს".
ახლობელი ადამიანი მან მართლაც დაკარგა, თუმცა ეს სხვების ტრაგედიისგან განსხვავდება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მძაფრიც კია. მას ცოლი ფიზიკურად ახლოს ჰყავს, მაგრამ არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის მართლაც მის გვერდით არის. მეთს მხოლოდ რწმენა გააჩნია, რომელიც აჯერებს, რომ ერთ დღეს მერი გონს მოვა და რომ მის მიერ გაუჩინარებულთა გამოაშკარავება სწორი ქმედებაა.
როგორი ფანატიკური მორწმუნეებიც უნდა ვიყოთ, მაინც დგება ხოლმე ის სკეპტიციზმის მომენტი, როცა ჩვენს თავს გარედან ვაკვირდებით და წამიერად ვაცნობიერებთ, რწმენის გარეშე ყველაფერი როგორი დიდი აბსურდია. ეს სცენა სწორედ ამ გარდამტეხ წამს ასახავს, თუმცა უმრავლესობასა და მეთს შორის ის განსხვავებაა, რომ ის ნახატზე გამოსახულ იობში მინიშნებას ხედავს. რამდენია იმის შანსი, რომ ადამიანმა ზედიზედ წითელზე ფსონის დადებით მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა მთლიანად კაზინოში ჩადოს და მოიგოს კიდეც? ძალიან ცოტა, თუმცა არა იმისთვის, ვინც რწმენის ნახტომი დიდი ხანია, უკან მოიტოვა.
4. ნორას ჩახუტება უეინთან
ჩვენი ტკივილისა და მწუხარების დიდი ნაწილი ხშირად იმით არის განპირობებული, რომ მისი გამომწვევი მიზეზებისგან გათავისუფლება თავად არ გვინდა. შეიძლება მიჩვეული სევდა კომფორტის ზონად იქცა, ან თავს კარგად ყოფნის ღირსად არ თვლი, ან ფიქრობ რომ ეს განცდა დაგავიწყდება, თუ მას გაუშვებ. ნორას კითხვაც უეინთან შეხვედრისას ზუსტად ეს იყო, ის ღელავდა, რომ სევდასთან დამშვიდობების შემდეგ თავისი ოჯახიც არ დავიწყებოდა.
რატომ არის დავიწყება იმაზე უფრო საშიში, ვიდრე იმედიანი მომავლისთვის შანსის მიცემა? იმიტომ, რომ ყველა ჩვენი მოგონება, როგორიც უნდა იყოს ისინი, ჩვენი იდენტობის ნაწილია და მათი დავიწყებით გარკვეულწილად ჩვენს თავსაც ვკარგავთ. უეინს მართლა აქვს თუ არა ტკივილის განკურნების უნარი, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან მთავარი იმის აღიარებაა, რომ რაღაც გვაწუხებს და მზად ვართ, სევდას თვალი გავუსწოროთ. სწორედ გაცნობიერებით შეგვიძლია ჩვენც და ნორამაც პირველი ნაბიჯები გადავდგათ, ამ ქმედებას ჩახუტების სახე მიეცემა თუ უეინის ნაცვლად ამას ტომი გააკეთებს, ეს შედეგზე გავლენას აღარ ახდენს.
5. კევინის სიმღერა
სიკვდილის ზღვარზე მყოფმა კევინმა უკან დასაბრუნებელი ბილეთის მოსაპოვებლად უბრალოდ უნდა იმღეროს. ის არც დაქირავებული მკვლელია და არც მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ კაცად ყოფნის ტვირთი აწუხებს. მას არ ევალება არც ბავშვის სახით მოვლენილი პატის მოკვლა, არც "ცოდვილი ნარჩენების" ლიდერი პატის მოკვლა, არც სენატორი პატი ლევინის ორეულის მოკვლა, რადგან ამ სცენარში ის მეიპლტონის პოლიციის შეფი კევინ გარვია.
კევინის სიმღერა მიტოვებულებში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენაა. როგორც ვხედავთ, საკუთარ კანში ყოფნის ტვირთი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვის მიერ შერჩეული როლის შესრულება. სიმღერის ტექსტი კი კევინის რეალური სურვილების გამჟღავნებაა. მას მხოლოდ შინ უნდა დაბრუნება, თუმცა ეს სურვილი მისი პერსპექტივიდან მარტივად არ აღიქმება, რადგან არ იცის, რომ ოჯახი და საყვარელი ადამიანი მართლა შინ ელოდება.
6. ერიკასა და ნორას დიალოგი
დანაშაულის გრძნობა ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორია, რამაც ეს დიალოგი ბრძოლის ველად აქცია. ამ კონკრეტულ სცენაში ორივე პერსონაჟი უშვებს იმას, რომ თავადაა საკუთარი შვილების გაქრობაზე პასუხისმგებელი, თუმცა თავის დამშვიდების სხვადასხვა გზას მიმართავენ. ერიკას იმ გადარჩენილი ჩიტის იმედი აქვს, რომელმაც მიწაში ყუთით დამარხულმა შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება. ნორა კი კითხვარით შეიარაღებული ცდილობს იმაში დარწმუნდეს, რომ ან თავად არ არის სხვა ადამიანების გაქრობის მიზეზი, ან ივი საერთოდაც არ გამქრალა.
ნორასთვის მიუღებელია, რომ მის ახალ სამყაროში, რომელშიც თუნდაც მოჩვენებითი სტაბილურობა და უსაფრთხოების განცდა აქვს, 14 ოქტომბრის მოვლენა კვლავ განმეორდეს. თუ მისთვის გამარჯვების მიმანიშნებელი შეკითხვა ის იყო, რომ ერიკას არ ახსოვდა ივისთან ბოლო დიალოგი, ერიკამ ამით მედლის მეორე მხარის დანახვა შეძლო. ნორას არასდროს უხსენებია მისი შვილები გარდაიცვალნენ თუ გაქრნენ, რის ამოტივტივებასაც ისევ ნორას გადაულახავ ტრაგედიამდე მივყავართ და აშკარა ხდება, რომ ამ ბრძოლაში მარცხდება.
7. Miracle-ის დაპყრობა
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 14 ოქტომბერს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი გაქრა, შეუძლებელი არ არის ისეთი ადგილის არსებობა, რომელსაც ეს მოვლენა არ შეხებია. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ეს მოვლენა აუხსნელია, ადამიანთა ნაწილისთვის უფრო მარტივი დასაჯერებელი ხდება, რომ Miracle, იგივე "სასწაული", აღთქმული მიწაა.
ყველაფერს თუ შემთხვევითობებს დავუკავშირებთ, მაშინ იმის დაჯერებაც შეიძლება, რომ "სასწაულში" სასწაულები არ ხდება. რეალურად, ამ ადგილს განსაკუთრებულად მისი მიუწვდომლობა აქცევს.
"ცოდვილი ნარჩენები" კი სწორედ ამ მთავარ დაშვებას უტევენ და ანგრევენ. ქალაქში, რომელშიც არავინ გაუჩინარებულა და თითქოს ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც 14 ოქტომბრამდე, სამყაროს დასასრულის იდეას მიმდევრები არ უნდა ჰყოლოდა. ადგილობრივების ნაწილი კი ამბავს მეორე მხრიდან ხედავს. როცა შენი ყოველდღიურობა სამყაროსთვის საოცნებო ადგილი ხდება და შენთვის ამ ცრურწმენების საბაბი ნათელია, სურვილი გიჩნდება, რომ არაფრით გამორჩეული რეალობა სხვებსაც დაუმტკიცო და აჩვენო.
"სასწაულიც" სწორედ ასე კარგავს თავის სტატუსს, ამ სცენაში ის ყველასთვის მისაწვდომი ხდება და თანდათან ქალაქის შესასვლელი ხიდის მსგავსად ის იმედიც ითელება, რომ ვინმე აქ მაინც იგრძნობს თავს კარგად ან დაცულად.
8. მეთისა და "ღმერთის" დიალოგი
თვითგამოცხადებულ ღმერთთან დიალოგისას მეთი სერიალის მთავარ შეკითხვაზე, თუ რატომ გაუჩინარდა ხალხი 14 ოქტომბერს, ერთი შეხედვით მარტივ პასუხს იღებს: ამაზე ღმერთია პასუხისმგებელი და ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეეძლო. ჩვენი აზროვნება კი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფრის უფრო რაციონალურად ახსნას მოითხოვს. მხოლოდ შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას გავაკეთებთ, ამის უკან უფრო დიადი მიზეზი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, მეთს ასე სჯერა.
მეთისთვის ასეთი მიზეზი — რომელიც მის ყველა ქმედებას საფუძვლად უდევს — ხალხის დახმარება, მათი ტანჯვის შემსუბუქება და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ოჯახის დათმობაა, თუ ამას მისი რწმენა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ღმერთი უკარნახებს. ამ მომენტში კი "ღმერთისგან" იმ პასუხს იღებს, რომელიც მთელს მის სამოტივაციო სისტემას ცვლის: "ყველაფერს იმიტომ აკეთებდი, რომ გეგონა გიყურებდი და განგსჯიდი, რეალურად კი ამ ყველაფერს შენი თავისთვის აკეთებდი".
რთულია, ჩვენს მიზნებში იმდენად ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის არასდროს დაგვესვას. მართლა სხვებისთვის ან უფრო დიადი მიზნებისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, თუ ყველაფრის უკან ყოველთვის წმინდად ეგოისტური ზრახვებია? თან ეს ეგოიზმი იმდენად გარდაქმნილი ფორმით შეიძლება ცხადდებოდეს, რომ საკუთარი ალტრუიზმის გვჯეროდეს. ამ შეკითხვის პასუხის პოვნაზე უფრო რთული ამ პასუხის აღიარებაა, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ საკუთარ თავთან ხდება და ამ სახის გულწრფელობას სხვა ადამიანებთან ნაკლებად ვიჩენთ.
ალბათ, არც მეთს სჯერა, რომ ავსტრალიისკენ მიმავალ ბორანზე ღმერთს შეხვდა და მისგან განკურნებაც დაიმსახურა, თუმცა ეს დიალოგი პერსონაჟისთვის მნიშვნელოვანია. მეთმა რეალობა გააცნობიერა და პირველად აღიარა, რომ მისი დაავადება დაბრუნდა და კვდება. ასე თითქოს მთავრდება ამ პერსონაჟის გამოცდა, ღვთაებრივი ნიშნების ძიება და იმის მოლოდინი, რომ კიდევ ერთ სასწაულს უნდა ელოდოს. სიკვდილი მას დღითიდღე უახლოვდება და ეს ფაქტი უკვე მშვიდად შეუძლია მიიღოს.
9. კევინის წიგნი
კევინის მოგზაურობა "მეორე მხარეს" თუ მის არაცნობიერში მთელი სერიალის განმავლობაში თითქოს იმისთვის გვამზადებს, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს და სამყარო უნდა გადაარჩინოს. თუმცა სამყაროს მანამ ვერ იხსნი, სანამ საკუთარ თავს არ გადაარჩენ. თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის გადარჩენა, ამას ბოლო სეზონის ერთ-ერთი "სიკვდილის" დროს ვხედავთ, როცა უკან დაბრუნების გარანტია წარღვნის შემაჩერებელი სიმღერის მოპოვება კი არ არის, არამედ საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორება.
კევინის წიგნი, ანუ მისი რეალური სურვილი, უსათაურო სასიყვარულო რომანია. ერთი შეხედვით, საყვარელი ადამიანი მას მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით ჰყავდა და რატომ უნდა რჩებოდეს ეს მისი არაცნობიერის მთავარ მოთხოვნილებად? იმიტომ, რომ ხანდახან იმ ადამიანთან მისასვლელი გზა გაცილებით უფრო რთული და ლაბირინთულია, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით გვერდით გვყავს. ჩვენ არარსებულ რეალობას წარმოვიდგენთ, მიზნებსა და ოცნებებს ისეთ სამყაროს ვუკავშირებთ, რომლის დადგომის იმედიც გვაქვს, რადგან იმ შიშისა და სევდის აღიარება უფრო რთულია, რომელიც ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილია.
რაც უფრო ძვირფასია ადამიანია, მით მეტი შიშისა და დიდი ბეწვის ხიდის გადალახვა გიწევს, რომ თავი უსაფრთხოდ და გაგებულად იგრძნო. დაკარგვისა და მიტოვების შიში გაიძულებს, რომ შენი ბნელი მხარეები დამალო, რადგან რისკზე წასვლის გეშინია. მაგრამ ერთადერთი გამოსავალი სწორედაც რომ რისკზე წასვლაა, რადგან ასე თუ არ მოვიქცევით, შედეგად ნორასა და კევინის იმ ურთიერთობას მივიღებთ, რომელიც სერიალში მთავარი მოვლენების განვითარების პერიოდში ერთმანეთისგან წასვლით სრულდება. ასე რომ, შიშის გადალახვა კევინისთვის გარდამტეხი მომენტია, ჩვენ კი იმის გარანტიაც არ გვაქვს, რომ დამალულ სურვილებს ოდესმე თვალს გავუსწორებთ ან ყველაფერი ისე იმედისმომცემად დასრულდება, როგორც ეს სერიალი.
10. კევინისა და ნორას ბოლო დიალოგი
სამყაროში ყველაზე მამაც გოგოდ ყოფნა მხოლოდ იმისთვის არ არის საჭირო, რომ ისეთ მოწყობილობამდე შენი ფეხით მიხვიდე, რომელიც გაუჩინარებული მოსახლეობის ორ პროცენტამდე მიგიყვანს, რისი შანსიც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოჯახის სამი წევრის ერთდროულად აორთქლების. სიმამაცე იმისთვისაა საჭირო, რომ შენს წარსულ ისტორიას წერტილი დაუსვა, რომელიც ისევ და ისევ მეორდება, სანამ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლას შეძლებ.
პარალელურ რეალობაში, რომელშიც მოსახლეობის 98% გაუჩინარდა, ნამდვილად უფრო ბედნიერები არიან? თუ ნორამ ბოლო წამს თავისი გადაწყვეტილება შეცვალა? ამაზე პირდაპირი პასუხი არ გვაქვს ისევე, როგორც სერიალის ბევრ სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც მაყურებელს საშუალებას გვიტოვებს, რომ მიტოვებულებსა და ჩვენ შესახებ საკუთარი წიგნი ჩვენივე პერსპექტივიდან ვწეროთ. მეორეხარისხოვანია ნორამ პირდაპირი მნიშვნელობით იმოგზაურა თუ არა მეორე სამყაროში და თავი ზედმეტად იგრძნო, მთავარი ეს განცდა და მიხვედრაა, რომ ის ახლა დარჩენილებთანაა და მისი ადგილიც ყოველთვის აქ იყო.
ერთადერთი შიში, რომელიც უკან დაბრუნებულ ნორას აწუხებს, მხოლოდ იმას უკავშირდება, მის ისტორიას კევინი დაიჯერებს თუ არა. ეს კი სწორედ იქ გვაბრუნებს, საიდანაც მათი ისტორია იწყება — ნდობასთან. ამ ორი პერსონაჟის მენტალური თუ ფიზიკური მოგზაურობის ისტორია იქ მთავრდება, რომ ყველა კონტექსტში ისინი ახლა "აქ არიან". ეს კი ახალი დასაწყისის აუცილებელი წინაპირობაა.
კომენტარები