ფართოდ გამოყენებადი ქიმიკატები, შესაძლოა, ყოველწლიურად 100 000 ამერიკელის სიკვდილს იწვევდეს
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევა გვაფრთხილებს, რომ ფტალატების ყოველდღიური ზემოქმედება ადამიანებისთვის საშიშია და ის ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ხანდაზმული ამერიკელის სიკვდილთანაა დაკავშირებული. ცნობისთვის, ფტალატები ქიმიკატების ჯგუფია, რომელიც გამოიყენება ყველაფერში პლასტიკური კონტეინერებიდან მაკიაჟამდე.
ქიმიკატები, რომლებიც გვხვდება ასობით პროდუქტში, მათ შორის სათამაშოებში, ტანსაცმელში და შამპუნში, ათწლეულების მანძილზე ცნობილია როგორც "ჰორმონების დამრღვევი", რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე.
ახლა კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ტოქსინები სხეულში შედიან ამგვარი პროდუქტების საშუალებით და დაკავშირებული არიან წონის პრობლემასთან, დიაბეტსა გულის დაავადებებთან.
კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლის მიერ და მოიცავს 55-დან 64 წლამდე ასაკის 5000-მდე ზრდასრულ ადამიანს, აჩვენებს, რომ მათ, ვისაც შარდში ფტალატების მაღალი კონცენტრაცია აქვს, უფრო მეტად იღუპებიან გულის დაავადებებით.
ასევე: ფტალატების ზემოქმედების შედეგი თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც მდგომარეობას სულ უფრო აუარესებს.
თუმცა, ამ ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია არ ზრდის კიბოს სიკვდილით რისკს.
"ჩვენი დასკვნები ცხადყოფს, რომ ფტალატების გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია ნაადრევ სიკვდილთან, განსაკუთრებით გულის დაავადებების გამო. აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ქიმიკატები უკავშირდება გულის დაავადებებს და გულის დაავადებები, თავის მხრივ, სიკვდილის მიზეზია. ამჯერად ჩვენი სტატისტიკა უფრო ზუსტია", — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ლეონარდო ტრასანდე.
ამასთან, ტრასანდემ დასძინა, რომ კვლევა არ ადგენს უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ფტალატის ექსპოზიციასა და სიკვდილს შორის, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ურთიერთობის სპეციფიკური ბიოლოგიური მექანიზმები გაურკვეველია.
"ჩვენი კვლევა მეტყველებს, რომ ამ ქიმიკატის ზარალი საზოგადოებაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თავიდან გვეგონა. ნათელია, რომ ტოქსიკური ფტალატების ზემოქმედების შეზღუდვა დაიცვას ადამიანების ფიზიკურსა და ფინანსურ კეთილდღეობას", — აღნიშნა ტრასანდემ.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ფტალატების გამო ეკონომიკური ზარალი 40 მილიარდიდან 47 მილიარდ დოლარამდეა — ოთხჯერ მეტი, ვიდრე აქამდე იყო შეფასებული.
კვლევა ჟურნალ Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები