GeoLab — ბიზნესდაჯილდოების მონაწილე გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობით
თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს მეექვსედ იმართება და მიზნად ისახავს ისეთი კომპანიების წახალისებას, რომლებიც ინდუსტრიას უკეთესობისკენ ცვლიან. წელს ნომინანტები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობების მქონე კომპანიების გამოვლენას ბოლო წლებია განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ნომინანტები სოციალური გამოწვევების გადაჭრისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის გარდა, სხვა კომპანიებს მაგალითსაც უჩვენებენ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია — ჯეოლაბი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელი მონაწილეა ნომინაციაში "გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის". კომპანია დაარსების დღიდან სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებს ახორციელებს და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაახლოებას უწყობს ხელს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია — ჯეოლაბი
ჯეოლაბი ატარებს უფასო კურსებს პროგრამირების, დიზაინის და კომუნიკაციის (ციფრული მარკეტინგი) მიმართულებით. რაც მთავარია, იგი ცდილობს თბილისისა და რეგიონის მცხოვრებლებს თანაბრად მისცენ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
კომპანიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ პროექტებზე ჯეოლაბის დირექტორს, ლანა ლაბაძეს ვესაუბრეთ.
"2015 წლიდან, დაარსების დღიდან გვქონდა სტიპენდია ქალებისთვის, რომელსაც ჯეოსელთან ერთად ვახორციელებდით, იმავე წლიდან დავიწყეთ პროექტი — 50+, რომლის ფარგლებშიც 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ვასწავლიდით", — ამბობს ლანა და 2015 წელს დაწყებულ კიდევ ერთ პროექტზე GeoLab Junior-ზე გვიყვება — "ჯეოლაბჯუნიორიც 2015 წელს დავიწყეთ და სკოლის მოსწავლეებს ჩვენივე კურსდამთავრებულები უფასოდ ასწავლიდნენ ახალ ტექნოლოგიებს — გრაფიკულ დიზაინს, პროგრამირებას, თამაშების დეველოპმენტს და ასე შემდეგ. ეს პროექტი დღესაც მიმდინარეობს. პროექტი რამდენჯერმე GAU-სთან ერთად დისტანციურადაც განვახორციელეთ და მასში რეგიონიდანაც ჩაერთნენ მოსწავლეები. ახლა კი ლაგოდეხის ერთ-ერთ სკოლაში ვატარებთ კურსებს".
ლანა ლაბაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მათი კურსები კომპანიის Youtube არხზეც ხელმისაწვდომია და დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი პროგრამის სწავლა შეუძლიათ.
უფასო კურსები ემიგრანტებისთვის და პროექტი საქართველოს რეგიონებში
GeoLab-ის განხორციელებულ პროექტთაგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამოწყებად ლანა ემიგრანტებისთვის უფასო კურსების ჩატარებას თვლის.
"ემიგრანტებისთვისაც ჩავატარეთ უფასო კურსები. მათ გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მენეჯმენტი შევასწავლეთ. ეს კურსები აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ვთვლით, ემიგრანტებს განსაკუთრებით სჭირდებათ ბიძგი და ჩვენ კურსდამთავრებულებიც აღნიშნავენ, რომ ეს კურსები აღმოჩნდა მათთვის მოტივატორი. ისინი დამოუკიდებლადაც აგრძელებენ სწავლას, თანაც ეს მიმართულებები საზღვარგარეთ ბევრად მაღალანაზღაურებადია", — აღნიშნავს GeoLab-ის დირექტორი.
2017 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, კურსების ჩატარება საქართველოს რეგიონებში დაიწყეს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. იმავე წელს ჰიბრიდული მეთოდით სწავლება შემოიღეს, რაც როგორც ადგილზე, ისე ონლაინ სწავლის შერეულ მიდგომას გულისხმობს.
პროექტები ქალთა გაძლიერებისთვის
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მიმართულება ქალთა გაძლიერებაა. ლანა ლაბაძე გვიამბობს, რომ ჯეოლაბი 2020 წელს WEPS-ის (ქალთა გაძლიერების პრინციპები) ხელმომწერი გახდა. WEPS ქალთა გაძლიერების კუთხით აქტიური კომპანიების ერთობაა.
2021 წლის სოციალური პროექტები
GeoLab-ისთვის 2021 წელიც არანაკლებ დატვირთული იყო. წლევანდელი პროექტები დევნილი გოგოებისთვის ჩატარებულ უფასო კურსებს და საერთაშორისო საზაფხულო სკოლას მოიცავს.
"2021 წელს დევნილი გოგოებისთვის პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის უფასო კურსები ჩავატარეთ. ისინი სტაჟირებასაც გაივლიან და მოეწყობა მათი ნამუშევრების პრეზენტაცია", — აღნიშნავს ლანა და ამატებს, რომ უფასო საზაფხულო სკოლაც წლევანდელი პროექტია — "ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრთან ერთად უფასო საზაფხულო სკოლა მოვაწყვეთ მომავლის ტექნოლოგიური ლიდერებისთვის, რომლის ფარგლებშიც თინეიჯერებს ევროპიდან და საქართველოდან გრაფიკული დიზაინის, ვებ დიზაინის, გენ დიზაინის, UI/UX დიზაინის კურსები ჩავუტარეთ. კურსზე 200-მდე ბავშვი იყო დარეგისტრირებული. ვთვლით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ამ ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს".
2021 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისია და ჯეოლაბი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილეც არის. ისინი ქართველი ავტორების ინტერაქციული ნაწარმოებების შექმნაში მონაწილეობენ და 30-მდე წარმატებული კურსდამთავრებული ჩართეს თამაშის დეველოპმენტის მიმართულებით.
ნომინაცია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ლანა ლაბაძის თქმით, თიბისის ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის არის მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რათა კიდევ უფრო მეტი რამ გააკეთონ.
"ეს ნომინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიმართულებით აქტიურად ვშრომობთ და თანაც, გვინდა ეს იყოს მაგალითი სხვა კომპანიებისთვის, რადგან ჩვენთვისაც არის მოტივაცია და პასუხისმგებლობა, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი", — გვეუბნება ლანა ლაბაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მეტი კომპანია გამოთქვამს სასწავლო დაწესებულებებთან სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით თანამშრომლობისთვის მზაობას.
GeoLab-ის დირექტორი საუბრის დასასრულს გვეუბნება, რომ მზად არიან გამოცდილება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას გაუზიარონ.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
კომენტარები