ბიზნესდაჯილდოება 2021 გამოავლენს კომპანიებს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობით — გაიგეთ მეტი
თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს მეექვსედ იმართება და მიზნად ისახავს ისეთი ბიზნესების წახალისებასა და მხარდაჭერას, რომლებიც ინდუსტრიას უკეთესობისკენ ცვლიან, მუდამ განვითარებისკენ ისწრაფიან და ახალ სიტყვას ამბობენ ამა თუ იმ დარგში.
წელს ნომინანტები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
ნომინაცია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რადგან იმ კომპანიების ცნობადობის გაზრდაზე ზრუნავს, რომლებიც გარემოსდაცვითი საქმიანობის, თანასწორობის, ინდუსტრიის უკეთესობისკენ გარდაქმნის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ და კომპანიის მუშაობის კონცეფციას სწორედ სოციალურ გამოწვევებზე აგებენ.
ამ სტატიაში აღნიშნული კატეგორიის შესახებ მეტს გაიგებთ.
ჯილდო გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
თანამედროვე ადამიანის მოთხოვნა გარემოს დაცვა, ინკლუზიურობა, სხვადასხვა სოციალური გამოწვევის გათვალისწინებაა, შესაბამისად კომპანიები, რომლებიც იმავე იდეების მხარდაჭერას ისახავენ მიზნად, ბევრად ახლოს არიან მომხმარებელთან და ლოკალურ ბაზარზე წარმატების მოპოვების თუ საერთაშორისო აღიარების ბევრად დიდი შანსიც აქვთ.
კომპანიები, რომლთაც აღნიშნულ კატეგორიაში ნომინაციის მოპოვება სურთ უნდა ითვალისწინებდნენ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს, ზრუნავდნენ პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრისთვის, მათი კორპორაციული ინტერესი გარემოზე ზრუნვა და ინკლუზიურობა უნდა იყოს და სხვებისთვის სამაგალითო მიდგომებს უნდა ავითარებდნენ.
აღნიშნული კატეგორიის ჟიურიც სწორედ ამას მიაქცევს ყურადღებას — კომპანიის მამოძრავებელ იდეას, ბიზნესს, რომელიც მხოლოდ ერთჯერად კამპანიაზე არ აკეთებს აქცენტს და თანმიმდევრულია.
ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის ნომინაციაში
ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჟიური ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური მეწარმეობის, კრეატიული სფეროსა და საკონსულტაციო მიმართულებით საქმიანობენ. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს გამოავლენენ:
- ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- ქეთევან ებანოიძე Impact Hub Tbilisi-ს დამფუძნებელი;
- ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ს დამფუძნებელი;
- ლევან ლეფსვერიძე; ლივინგსტონის თანადამფუძნებელი;
- გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი.
ნომინაციაზე განაცხადის შეტანა სტარტაპებს, მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებს შეუძლიათ, მთავარია ეს კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით მუშაობდნენ.
ჟიურის წევრები თანხმდებიან, რომ თანამედროვე გამოწვევებიდან უმთავრესი ინკლუზიურობაა და ისეთი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იჩენენ, საერთაშორისო წარმატების ბევრად დიდი შანსით სარგებლობენ.
21-ე საუკუნის ადამიანები — თაობა Z ითხოვს პასუხისმგებლიან ბიზნესებს, ამიტომ თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ საკუთარი ადგილი ბაზარზე და გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური პასხუხისმგებლობა.
ქეთევან ებანოიძე კი აღნიშნავს, რომ ელის ისეთი კომპანიების ხილვას, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჭრიან პრობლემებს და სხვასაც მაგალითს უჩვენებენ.
"ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორმა ბიზნესმა უნდა გაიმარჯვოს ამ ნომინაციაში — ვფიქრობდით უნდა ყოფილიყო თუ არა ის აუცილებლად სოციალური საწარმო თუ მსხვილი ან საშუალო ბიზნესი ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკით, თუმცა შევთანხმდით, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც უამრავი სოციალური თუ გარემოსადაცვითი პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ამ ნომინაციაში", — ამბობს ქეთევანი.
ბიზნესი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობით 2020 წელს
კატეგორიის მოთხოვნების გააზრებაში წინა წლის მაგალითიც დაგეხმარებათ. 2020 წლის გამარჯვებული ჩიკატაი გახდა — კომპანია, რომელიც ხელნაკეთ მუსიკალურ სათამაშოებს გია ყანჩელის მელოდიით ქმნის. რაც მთავარია, მათი საქმიანობა საქველმოქმედო მიმართულებითაც შთამბეჭდავია — მაგალითად, მათ შექმნეს სათამაშო ქურციკი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკებისთვის მონიტორინგის საყელურების შეძენას ხმარდება. სწორედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო, ჩიკატაი გასულ წელს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი, შემდეგ კი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
დაჯილდოების ისტორია
თიბისის ბიზნესდაჯილოდება ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ქართული ბაზრისთვის და მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ეს არის შესაძლებლობა, რათა მცირე თუ საშუალო ბიზნესებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ერთმანეთის მაგალითზე კომპანიის სამომავლო გეგმები გადააფასონ და საკუთარ ბიზნესს ახალი შესაძლებლობები გაუხსნან.
ელენე ჟვანიას აზრით, თიბისის ბიზნესდაჯილდოება ბიზნესებს საშუალებას აძლევთ დიდ აუდიტორიას დაუკავშირდნენ და ამის გამო ღონისძიებაში მონაწილეობაც კი დადებითი შედეგის მომტანია.
"უფრო და უფრო მეტი ბიზნესი თვლის, რომ საჭიროა მისი საქმიანობა საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისკენ იყოს მიმართული. ამას ძალიან დადებითად ვაფასებ. რაც მთავარია, თიბისის დიდი აუდიტორია ჰყავს, ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია უსმენს მას, შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობაც კი სასარგებლო იქნება", — ამბობს ელენე ჟვანია.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
კომენტარები