ინფიცირებულთა 36.6%-ს 6 თვის შემდეგ პოსტკოვიდური სინდრომის 1 სიმპტომი მაინც აქვს — კვლევა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ინფექცია დაუდასტურდათ, გამოჯანმრთელების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდნენ და სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდათ. ამ საკითხის უკეთ შესასწავლად, მეცნიერებმა რამდენიმე კვლკევა უკვე ჩაატარეს, თუმცა მათი უმეტესობა მცირემასშტაბიანია და სრულ ინფორმაციას არ იძლევა.
ამ მხრივ განსხვავებულია დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტთა ანალიზი, რომლის შედგებიც გამოცემაში PLOS Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.
მეცნიერებმა საერთო ჯამში 273 618 ამერიკელი ინფიცირებულის ანონიმური მონაცემები გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მათ 57 პროცენტს 6 თვის განმავლობაში პოსტკოვიდური სინდრომის 1 ან მეტი სიმპტომი ჰქონდა, თუმცა ეს, ძირითადად გამოჯანმრთელების შემდგომ პირველ კვირებში ხდებოდა.
მკვლევრებმა ყურადღება დაავადების დადასტურებიდან მხოლოდ 3-დან 6 თვემდე დროის შუალედზეც გაამახვილეს. შედეგად, დაადგინეს, რომ პაციენტთა 36.6 პროცენტი ამ პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომისთვის დამახასიათებელ სულ მცირე 1 სიმპტომს მაინც უჩიოდა.
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია შფოთვა და დეპრესია, რომლებიც ამ ადამიანთა 16 პროცენტს აწუხებდა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მათი გამომწვევი მიზეზი სულ სხვა რამ იყოს. ხშირად ვლინდებოდა, ასევე, სუნთქვის გაძნელება (8%), გულმკერდისა და ყელის ტკივილი (6%), დაღლილობა (6%) და თავის ტკივილი (5%).
უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. განსაკუთრებით კი მათში, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდა გადატანილი, მაგრამ სხვაობა საკმაოდ მცირე გახლავთ.
ხანდაზმულებისთვის ასაკი მთავარი რისკ-ფაქტორია. კაცებზე მეტად მოწყვლადები აღმოჩდნენ ქალებიც. პირველ კატეგორიას უფრო ხშირად სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და გონების დაბინდვა აღენიშნებოდა, მეორეს კი შფოთვა და თავის ტკივილი.
ნაშრომის ავტორთა აზრით, ამაზე მეტის გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კომენტარები