Facebook-მა წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის, 2Africa-ს გაყვანა 2020 წლის მაისში დააანონსა და მაშინდელი გეგმებით მისი სიგრძე 37 000 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. ახლა ტექნოლოგიური გიგანტი თავის ქსელის დაგრძელებასა და ახალი მონაკვეთის დამატებას გეგმავს.

ახალი კაბელი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის 23 ქვეყანას ერთმანეთთან დააკავშირებს და მისი სიგრძე 45 000 კილომეტრი იქნება. ახალი მონაკვეთი, 2Africa Pearls, ინდოეთსა და პაკისტანსაც მიწვდება.

2Africa პროექტი Facebook-მა მრავალ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ერთად შეიმუშავა. ის ერთ-ერთი ნაწილია Facebook-ის გეგმისა, შექმნას "ღია და ინკლუზიური ინტერნეტ ქსელი, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს სწრაფი ინტერნეტი". ახალი წყალქვეშა კაბელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფრიკის მოსახლეობისთვის. აფრიკის 1.3 მილიარდიანი მოსახლეობიდან ინტერნეტი მხოლოდ ერთ მეოთხედს მიეწოდება. თავდაპირველი ჩანაფიქრისას კაბელს 1.3 მილიარდი მომხმარებელი უნდა ყოლოდა, ახალი გეგმით კი მის მოხმარებას 3 მილიარდამდე ადამიანი, ანუ დედამიწის მთელი მოსახლეობის 36% შეძლებს.

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, 2Africa-ზე მომუშავე ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ კაბელი წყალში 50 პროცენტით უფრო ღრმად ჩადონ და თავიდან აიცილიონ ოკეანეების ის რთული მონაკვეთები, რომლებიც ინტერნეტის გავრცელებისათვის სახიფათოა.

გასულ კვირას ახალ ინტერნეტ კაბელზე მუშაობა დაასრულა Google-მაც. მათი 6 276 კილომეტრიანი Grace Hopper ქსელი ატლანტიკის ოკეანის გავლით აკავშირებს ნიუ-იორკსა და დიდ ბრიტანეთს, შემდეგ კი ესპანეთისკენ მიემართება.

წყალქვეშა ინტერნეტ კაბელების გაყვანა საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, ოკეანეების ფსკერი ერთგვაროვანი არ არის და იქ ბევრი დაბრკოლებაა. ტექნოლოგიურ გიგანტებს იმ წყალქვეშა გზების შესასწავლად სადაც კაბელები უნდა განთავსდეს, წლები სჭირდებათ.

ასევე, გასათვალისწინებელია ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დამზადების მეთოდებიც. ოპტიკური კაბელები სპილენძის საფარშია გახვეული, თუმცა მაგალითად Facebook-ის 2Africa ქსელი ალუმინისგანაა დამზადებული, რადგან ეს ამცირებს წარმოების ხარჯებს და ამასთანავე, შესაძლებელი ხდება უფრო გრძელი ხაზების გაყვანა.