ნახეთ ვიდეო: ეს შეფ-რობოტი ქათამს 3D ტექნოლოგიით ბეჭდავს და ლაზერებით ამზადებს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა რობოტი-შეფი შექმნა, რომელიც ქათმის მკერდის კატლეტებს 3D ტექნოლოგიით ბეჭდავს და, ამავდროულად, ძლიერი ლაზერებით ამზადებს.
ლაზერებმა საჭმლის მომზადებისა და მისი გაცხელების გასაოცარი სიზუსტე გამოავლინეს, კვლევა კი ჟურნალ npj Science of Food-ში გამოქვეყნდა. სისტემის უკან მდგარმა მეცნიერებმა Ars Technica-თან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი აზრით, ნაშრომი 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი საკვების მომზადებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ეს საკვების მომზადების ტრადიციული მეთოდებით არ ხერხდება.
"მაშინ, როცა პრინტერებს ინგრედიენტების გამოშვება მილიმეტრული სიზუსტით შეუძლიათ, არ არსებობს გაცხელების მეთოდი, რომელსაც გარჩევის ასეთივე უნარი ექნება", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა და უნივერსიტეტის მექანიკურმა ინჟინერმა ჯონათან ბლუტინგერმა.
აღსანიშნავია, რომ ახალ რობოტ-შეფს ლაბორატორიაში გამოზრდილი საკვების პრობლემა არ გადაუჭრია. სხვა მკვლევრებისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად გამოყვანილი ხორცის რეალისტური ნაჭრების შექმნას ცდილობენ, კოლუმბიის მეცნიერებმა უბრალოდ ქათამი წამოიღეს მაღაზიიდან, გაატარეს, შემდეგ კი 3D პრინტერში ჩატენეს.
Ars-ზე დაყრდნობით, საბოლოდ მათ ხელახლა შეკრული ქათმის კატლეტი მიიღეს, რომელსაც მეტი ტენი შეენარჩუნებინა და იმაზე ნაკლებადაც დაპატარავდა, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით მომზადებული კატლეტები. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ კონკრეტული ლაზერები სხვადასხვა რამეს უფრო ადგებოდა: ლურჯი ლაზერები ხორცს შიგნიდან ამზადებდა საუკეთესოდ, ინფრაწითელი ლაზერები კი უკეთესად ბრაწავდა ზედაპირს — შესაფუთი მასალის გარედანაც კი.
"მილიმეტრული სკალის სიზუსტე დაბეჭდვისა და ბურგერის სხვადასხვა დონეებზე მომზადების საშუალებას იძლევა, ნახევრად უმი იქნება ეს თუ კარგად მომზადებული", — წერენ ავტორები ნაშრომში — "ლაზერის სიცხეს საკვების მომზადება და შებრაწვა ჰერმეტული შეფუთვის გარედანაც შეუძლია. ეს მიკრობულ დაბინძურებას შეამცირებს, რამაც შესაძლოა, პროდუქტის შენახვის ვადა მნიშვნელოვნად გაზარდოს. მშვენივრად შეიძლება მისი კომერციული მიზნებით გამოყენება შეფუთული, თან წასაღები საკვებისთვის, რომელსაც მაღაზიებში ვხვდებით."
კვლევაში, რომელიც ორი ტესტერით ჩაატარეს, გემოთი ლაზერით მომზადებული ქათამი ლიდერი აღმოჩნდა — მიუხედავად იმისა, რომ ერთმა ტესტერმა ლაზერიდან მსუბუქი მეტალური გემოც შენიშნა.
"მიდიხართ ხოლმე კბილის დასაპლომბად? ისინი ამ დროს ლაზერს იყენებენ, თქვენ კი სპეციფიკური სუნი გცემთ — მრეწველობის სუნი, სიმკვეთრე, რომელიც ნორმალური ქათმის შემთხვევაში არ იგრძნობა" — განუცხადა ტესტერმა მკვლევრებს.
კომენტარები