მეცნიერებმა ქალები წყლის უზარმაზარ საწოლებში ჩაუშვეს — როგორ მიმდინარეობს კოსმოსური უწონადობის კვლევა
მეცნიერები ადამიანის სხეულზე კოსმოსური ფრენის ეფექტების შესწავლას ცდილობენ, რისთვისაც გადაწყვიტეს, ქალები ხუთი დღით წყლის საწოლებში მოეთავსებინათ. ექსპერიმენტი 23 სექტემბერს, უკვე ორ ცდისპირთან დაიწყო.
ტულუზაში (საფრანგეთი), "მშრალი ჩაძირვის" კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 20 ქალს აბაზანისმაგვარ კონტეინერებში მოათავსებენ. ინფორმაციას ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) ავრცელებს.
ავზების შიგნით წყალი ასხია, თუმცა ისინი წყალგაუმტარი ქსოვილითაა დაფარული, რათა მოხალისეები არ დასველდნენ. შედეგად მათი სხეულები დაახლოებით ისეთივე "უსაყრდენობას" განიცდის, როგორსაც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტივტივისას.
ESA-ის მიზანია, უკეთ გაერკვეს, თუ რა გავლენას ახდენს უწონადობა მდედრობითი სქესის ასტრონავტებზე, როდესაც ისინი მისიებზე იმყოფებიან. ეს ზოგადად მეორე, ევროპაში კი პირველი შემთხვევაა, როდესაც მშრალი ჩაძირვის კამპანია მხოლოდ მდედრობითი სქესის მონაწილეებში ტარდება.
"თითქმის არაფერი ვიცით იმ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტების შესახებ, რომლებიც კოსმოსში მყოფ ქალებს ადგებათ. მშრალი ჩაძირვის კვლევა კაცთა ადრინდელ კამპანიებს შეუერთდება, რომლებიც ევროპასა და რუსეთში განხორციელდა", — თქვა ESA-ის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ხელმძღვანელმა ანჟელიკ ვან ომბერგენმა.
ავზში მყოფ ქალებს წყალი კისრებამდე სწვდებათ. მათი ფეხები და ტორსი მთლიანად შებოჭილია, თუმცა შეუძლიათ, თავი და ხელები ქსოვილის ზემოდან ამოძრაონ.
მოხალისეები თითქმის 24 საათს ატარებენ ამ მდგომარეობაში. მათი დღე დილის 7 საათზე იწყება შარდის, ასევე სისხლის ანალიზებით და არაერთ სამეცნიერო პროტოკოლსა თუ გაზომვებს მოიცავს, რომლებიც სხეულის ადაპტაციის შესწავლას ემსახურება.
ნებისმიერი აქტივობა, გასართობი იქნება ეს თუ ჰიგიენასთან დაკავშირებული, შეზღუდვების ფარგლებში მიმდინარეობს. სადილობისას ჭამის გასამარტივებლად მხოლოდ პატარა ბალიშია დაშვებული. შხაპის მიღება კი ქალებს ავზის გარეთ შეუძლიათ, თუმცა მთლად თავისუფალნი არც აქ არიან — ისინი ამ დროს ზურგზე უნდა იწვნენ, თავი კი 6 გრადუსით ჰქონდეთ დახრილი, რათა სითხის მოძრაობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
უწონობისას ასტრონავტთა სხეულები კუნთსა და ძვლის სიმკვრივეს კარგავს, მხედველობა იცვლება, სითხეები კი ტვინისაკენ გადაადგილდება. ორბიტაზე ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი გზების ძიება კოსმოსურ ფრენათა კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამგვარი კვლევისაგან მიღებული შედეგები არა მხოლოდ ასტრონავტებს, არამედ შეიძლება, დედამიწაზე მყოფ მოხუცებს და იმ პაციენტებსაც დაეხმაროს, რომელთაც მოძრაობასთან დაკავშირებული დაავადებები აღენიშნებათ.
კომენტარები