10 მიზეზი, რატომ არის "ბინდი" კარგი ნაწარმოები
"Still a Better Love Story than Twilight" ("ბინდზე უკეთესი სასიყვარულო ისტორია მაინცაა") — დარწმუნებული ვარ, ინტერნეტსივრცეში ამ კომენტარს არაერთხელ გადაწყდომიხართ. თქვენ კი, შეგიძლიათ, იმაში იყოთ დარწმუნებული, რომ კომენტარის ავტორების უმეტესობას არასდროს წაუკითხავს სტეფანი მეიერის საკულტო საგა.
ალბათ დასაწყისშივე სჯობს აღვნიშნოთ, რომ ხელოვნებასთან, მით უმეტეს, ლიტერატურასთან ურთიერთობა, იმდენად ინტიმური პროცესია, რომ სულაც არ მოითხოვს წიგნსა და მკითხველს შორის შუამავლის (მიმომხილველის, კრიტიკოსის) ჩარევას, ნებისმიერი აზრი კი, რომელიც ნაწარმოებზე გამოითქმება, თავიდან ბოლომდე სუბიექტურია (მათ შორის წინამდებარე სტატია), რადგან, ობიექტური სტანდარტები, საბედნიეროდ, არ დაუდგენიათ. უფრო მარტივად და ბანალურად რომ ვთქვათ, გემოვნებაზე არ დავობენ.
თუმცა, ბინდის შემთხვევაში საქმეც ის იყო, რომ მის მკითხველებს და გულშემატკივრებს გემოვნებას უწუნებდნენ. არადა, როგორც ვთქვით, ბევრს საერთოდ არ წაუკითხავს წიგნი. ან ყური მოკრეს მასში მოთხრობილი ამბის დამახინჯებულ შინაარსს ან, უბრალოდ, ჰოლივუდში გადაღებული ფილმის ნაწყვეტები ნახეს და გადაწყვიტეს, რომ ცუდი ნაწარმოებია, მისი ფანები კი — უგემოვნოები. შესაძლოა, სწორედ ბინდის ფენომენის "გაპაპსავებამ" ჩამოაყალიბა უარყოფითი განწყობები ნაწარმოების მიმართ, მაგრამ რაღაცის გაცნობაზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ეცნობა, არცთუ საზრიანი საქციელია.
ბინდის "სიკარგის" დამტკიცება სულაც არ იქნებოდა საჭირო, მისი "სიცუდის" დასაბუთებას რომ არ ცდილობდნენ. რეალურად კი, ამ განწყობამ ტენდენციაც შექმნა, რომელიც ბევრ მკითხველს მათდა გაუცნობიერებლად აღებინებს ხელს წიგნების წაკითხვაზე და მოუწოდებს, ასევე უარსოდ დასცინოდეს ბინდსაც და მისი მკითხველების გემოვნებასაც.
გაფრთხილება: სტატია, შესაძლოა, შეიცავდეს სპოილერებს ბინდის საგიდან.
1. ლიტერატურული ფენომენის საფუძველი
ბინდის საგის პირველი ნაწილი 2005 წელს გამოვიდა და მალევე იქცა ბესტსელერად, თუმცა, ნაწარმოებმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატურულ სამყაროზე, ვიდრე, უბრალოდ, წიგნების მაღაზიების გაყიდვების რეიტინგში ლიდერობაა. რომ არაფერი ვთქვათ ბინდის, როგორც ფრენჩაიზის ჩამოყალიბებაზე, მეიერის სამყარომ შეცვალა YA (მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა) ჟანრის მახასიათებლები და მკითხველების ინტერესები.
ბინდის შემდეგ გამოცემულ YA წიგნების უმეტესობას თვალნათლივ ემჩნევა, რომ ავტორები სწორედ მეიერის საგის ლიტერატურული ტენდენციების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები. ხოლო რა ტენდენციები, ანუ მახასიათებლებია ესენი, ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
2. წერის სტილი და ტექსტის ფორმა
ბინდს ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ მისი პერსონაჟები "გადაპრანჭულად" საუბრობენ. რეალურად კი, თუკი მოქმედი პირების ტემპერამენტს და წარმომავლობას გავითვალისწინებთ (ედვარდი ხომ საუკუნეზე მეტი ხნისაა), სულაც არაა გასაკვირი მათი მეტყველების უჩვეულო მანერა.
თუმცა, დიალოგების გარდა, მეიერის თხრობის სტილიც უჩვეულოა 21 საუკუნისთვის. ეს მარტივად იხსნება იმ ფაქტით, რომ მწერალი შექსპირის პიესებზე, ოსტინის და ბრონტეების რომანებზე თავდავიწყებითაა შეყვარებული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, ოსტინს რომ ჩვენს დროში ეცხოვრა, ალბათ სწორედ ასე დაწერდა თავის რომანებს.
3. მდიდარი და გავრცობადი ფიქციური სამყარო
საგას ხშირად იმასაც აბრალებენ, რომ მასში ფენტეზის ჟანრისთვის ზედმეტად "სუსტი" სამყაროა.
უპირველესად, ის უნდა აღინიშნოს, რომ მეიერის განზრახვა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოების დაწერა საერთოდ არ ყოფილა. ბინდიც უფრო მეტად სასიყვარულო რომანია, ვიდრე თუნდაც ეგრეთ წოდებული Low fantasy (ფენტეზი, სადაც უჩვეულო ამბები "ჩვენს სამყაროში" ხდება). უფრო მეტსაც გეტყვით — მაშინ, როცა მწერალს საგის შექმნის იდეა გაუჩნდა და პირველ რომანზე მუშაობა დაიწყო, საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული არცერთი ვამპირული ჟანრის წიგნი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მეირმა მაინც მოახერხა, "სარჩულად" ამოდებული სამყაროც კი მდიდარი და საინტერესო ყოფილიყო. შესაძლოა, პირველ წიგნში ბევრს ვერაფერს ვიგებთ ბინდისეულ ვამპირებზე, თუმცა, ჯერ მეორე წიგნში ჩნდებიან მაქციები (რომელსაც, სხვათა შორის, ადგილობრივი ამერიკელების ლეგენდა უდევს საფუძვლად), შემდგომ კი, მესამე და მეოთხე წიგნებში მეტს ვიგებთ სხვა ვამპირულ კლანებსა და სამყაროზე, რომელსაც საკუთარი წესები აქვს.
საინტერესოა ავტორისეული იმპროვიზაციებიც. ბინდის სამყაროში ვამპირები მზეზე, უბრალოდ, ბზინავენ და არ იწვებიან, როგორც ეს მითოსური პერსონაჟის შემთხვევაში ხდება. ნაცნობი ურჩხულის გათანამედროვებულ ვერსიებს კი საკუთარი "სამეფო" ოჯახიც ჰყავთ — ვოლტურები — რომლებიც ვამპირების საზოგადოებას აკონტროლებენ. მეოთხე წიგნში განვითარებული მოვლენების გარდა, საგის სხვადასხვა ნაწილში, რეტროსპექტივის საშუალებით ვეცნობით, როგორ ცხოვრობენ და არსებობენ ვამპირები.
2015 წელს, საგის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მეიერმა დამწყები რეჟისორების კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა საგაში არგამოჩენილ ეპიზოდებზე. წიგნების სერიას თან ერთვის ოფიციალური გზამკვლევიც, რომელშიც თითოეული კლანის მოკლე ისტორია და "მთვარის შვილების" ამბებიცაა მოთხრობილი. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მეიერის შექმნილი სამყარო არათუ მდიდარია, გავრცობადიცაა და ავტორს თავისუფლად შეუძლია, კიდევ არაერთი წიგნი დაწეროს მასზე (თუმცა, მწერალმა განაცხადა, რომ ახალი ისტორიების მოყოლა უყვარს და ბინდის სამყაროს მხოლოდ ორი წიგნითღა თუ დაუბრუნდება, რომელიც ჯერ არც დაწერილა და იდეის დონეზე არსებობს).
4. პროტაგონისტი, რომელმაც თანაგანცდა ბევრ მკითხველში გამოიწვია
და, აი, მივადექით იმ საკითხს, რომელშიც კრიტიკოსები ყველაზე დიდ პრობლემას ხედავენ. ბელა სუონის პერსონაჟს ზოგი პასიურად ახასიათებს, ზოგი — იდიოტად, ზოგიც, უბრალოდ, არაფრით გამორჩეულ გმირად აღიქვამს.
რეალურად, მკითხველების გამოხმაურებაც მოწმობს, რომ ბელაში საკუთარი თავი ამ თაობის ბევრმა წევრმა ამოიცნო: ჩუმი, მორიდებული, ცოტათი მოუხერხებელი პერსონაჟი, რომელსაც შფოთვასთან გამკლავება უხდება. ეს უკანასკნელი დეტალი, რომელიც, როგორც მეიერმა აღნიშნა, თავის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი, ბევრს გამორჩა. კი, ბელას შფოთვა და მისი სხვადასხვაგვარი გამოხატულება: მეტისმეტი ფიქრი (overthinking), აზრების აკვიატება და სოციალური შფოთვითი აშლილობა აქვს. ეს ბევრ რამეს ხსნის, მათ შორის კვლავაც იმას, თუ რატომ გამოიწვია მკითხველებში თანაგანცდა.
5. ტრაგიკული და ემპათიის გამომწვევი ურჩხულის არქეტიპი
წინა პუნქტში მოყვანილი მიზეზიდან გამომდინარე, იშვიათად, მაგრამ მაინც, წიგნს "დამთრგუნველად" მიიჩნევენ. აი, დამთრგუნველი ტექსტი მაშინ გენახათ, მთელი სერია რომ ედვარდის პერსპექტივით ყოფილიყო მოთხრობილი. ამაში გასულ წელს დავრწმუნდით, როცა 13-წლიანი ლოდინის შემდეგ საგის მეხუთე ნაწილი, შუაღამის მზე, გამოვიდა. წიგნში ბინდის ისტორიაა მოთხრობილი შეყვარებული ვამპირის თვალთახედვით, თუმცა, საგის პირველ წიგნს ზომაში ლამის ორჯერ აღემატება.
ედვარდი, რეალურად, საგის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. მუდმივი შუაღამე სწორედაც რომ მის ცხოვრებას აღწერდა ბელასთან შეხვედრამდე. ამას თავადვე ამბობს, წიგნში — "ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი, შეუცვლელი შუაღამე იყო. ასეც უნდა ყოფილიყო. ჰოდა, როგორ მოხდა, ახლა ჩემი შუაღამის შუაგულში მზე რომ ამოიწვერა?".
ცხადია, მეიერი პირველი არ იყო, რომელმაც უსულო ურჩხული გააცოცხლა — ეს არქეტიპი უძველესი თქმულებებიდან მეცხრამეტე საუკუნის ქანთერვილის მოჩვენებამდე და მეოცე საუკუნის საკულტო ვამპირულ ქრონიკებამდე არაერთხელ გამოუყენებიათ, თუმცა გრძნობებით ასე შეპყრობილი და დატანჯული მონსტრი ნამდვილად ცოტა მოიძებნება. ჯერ მხოლოდ ის, თუ როგორ უმკლავდებოდა საყვარელი ადამიანის მოკვლის წყურვილს, მიუთითებს, რამდენად უბედური ხვედრი ჰქონდა ედვარდს.
6. ეგზისტენციალური საკითხების გააზრება
რადგან ედვარდზე ვსაუბრობთ, ურიგო არ იქნებოდა, მისი ფიქრების მიზეზებს დავბრუნებოდით. საგის სხვადასხვა ნაწილში, არა მხოლოდ ედვარდისეული ნარატივით, მწერალი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს: სიკვდილი, ცოდვა, სული, დრო, მარადიულობა.
მეორე წიგნში ედვარდის მამობილი, კარლაილი, ბელას უმხელს, რომ ედვარდს ვამპირები დაწყევლილად მიაჩნია. მისი აზრით, ურჩხულს არ შეიძლება, სული ჰქონდეს, სწორედ ამიტომ არ სურს მას ბელას ვამპირად მოქცევა.
მესამე წიგნში კალენების ოჯახიდან ბელას მიმართ ყველაზე ცუდად განწყობილი წევრი, როზალი, ასევე უმხელს მას თავისი დამოკიდებულების მიზეზს. "შენ არჩევანი გაქვს, მე კი არ მქონია", — ეუბნება როზალი ბელას, რომელსაც ვამპირად მოქცევა გადაუწყვეტია. აქ როზალი მიანიშნებს, რომ მისთვის მარადიულობა, ედვარდის მსგავსად, წყევლაა და მიუხედავად იმისა, რომ თავისი პარტნიორი უყვარს, ვერასდროს ნახავს, როგორ ბერდებიან ისინი.
7. ნაცნობი, მაგრამ მაინც უჩვეულო სასიყვარულო ხაზი
თუმცა, ბინდი მხოლოდ ტრაგიკულ ამბებს როდი აერთიანებს. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ საგაში მთავარი თემა არა ფენტეზი, არამედ სასიყვარულო ხაზია, რომელიც ბანალურობისგან შორსაა.
სერიის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ახალი მთვარეა, როდესაც ედვარდი ბელას ტოვებს, მას კი ცხოვრების გაგრძელების აზრის ძებნა უწევს. სწორედ ამ გზაზე ხვდება იგი თავიდან ჯეიკობ ბლექს, რომელიც, ჩემი აზრით, ნაწარმოების ერთ-ერთი იშვიათი ნაკლია — უკეთესად შეიძლებოდა ამ პერსონაჟის დაწერა, განსაკუთრებით კი, ბოლო წიგნში.
თუმცა, ბელას, ედვარდისა და ჯეიკობის ხაზი კვლავაც არაა კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი. "ვერ აურჩევია, რომელთან დარჩესო", — ხშირად ამბობენ, თუმცა, ესეც ისტორიის ზედაპირული გააზრებაა. რთული არაა იმის შემჩნევა, რომ ბელას, რეალურად, ედვარდი უყვარს და მასთან დარჩენაც სამარადისოდ აქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ ის სურს, ჯეიკობი, როგორც ერთგული მეგობარი, არ დაკარგოს და, როგორც გამოუცდელ მოზარდს, მის შესანარჩუნებლად ბევრი გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმაც უწევს.
8. ოჯახის ცნების გააზრება
ალბათ ბინდის მკითხველების უმეტესობას კალენებისნაირი ოჯახის ყოლაზე ბევრჯერ უოცნებია. მიუხედავად იმისა, რომ ბელას დედაც და მამაც მის მიმართ სიყვარულს და მზრუნველობას იჩენენ, პირველ წიგნში ცხადი ხდება, რომ პროტაგონისტი მათ შორის "გახლეჩილია". სურს, ორივე მათგანს იმავე გრძნობით თანაბრად უპასუხოს და წილი ბედნიერება აჩუქოს. მეტიც, ოჯახის წევრისთვის თავის გაწირვასაც არ უშინდება.
თუმცა, ნათელია, რომ ბელამ უკეთესი ოჯახი კალენების სახით შეიძინა. თავად კალენების კლანმა კი ოჯახის ცნებაც გადაგვააზრებინა: სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან გადმოსული განსხვავებული ასაკის, ინტერესისა და ტემპერამენტის მქონე ვამპირები ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთზე ზრუნავენ. ეს ამტკიცებს, რომ სიახლოვისათვის აუცილებელი არა სისხლით, არამედ სულით ნათესაობაა (მიუხედავად იმისა, რომ ედვარდს დაჟინებით არ სწამს სულის).
9. სიმბოლიზმი
სიმბოლიზმი და მეტაფორებით ლაპარაკი აშკარად მეიერის გატაცებაა, რადგან ასეთ ფენომენს მის სხვა რომანშიც (The Host) ვხვდებით. ბინდის საგის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო პირველი წიგნის ყდაზე გამოსახული ვაშლია, რომელიც აკრძალული ხილის ნაყოფს განასახიერებს. ნაწარმოებში ეს არჩევანის სიმბოლოა: ერთი მხრივ, ბელას არჩევანის ადამიანურ და ვამპირულ ცხოვრებას შორის, მეორე მხრივ კი, კალენების — არ მოკლან ადამიანები წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ამაზე თავად მეიერმაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, "ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და რა გგონია, რომ უნდა გააკეთო, ყოველთვის შეგიძლია, სხვა რაღაც არჩიო".
თუმცა, სიმბოლიზმი საგაში ტექსტს სცდება. სერიის ყოველი წიგნის სათაურსა და ორიგინალური გამოცემის ყდას მეტაფორული დატვირთვა აქვს:
- ბინდი — დღესა და ღამეს შორის მოქცეული პერიოდია, რომელშიც ვამპირების არსებობაა გაყინული. ყდაზე გამოსახული ვაშლი, როგორც უკვე ვთქვით, დაბადებისეული აკრძალული ხილის ნაყოფის სიმბოლოა.
- ახალი მთვარე — ახალმთვარეობა იგივე უმთვარო ღამეა, როცა უკუნი სიბნელეა ჩამოწოლილი; ეს ბელას რთულ ცხოვრებისეულ პერიოდზე მიუთითებს. ყდაზე გამოსახული ტიტას მოწყვეტილი წითელი ფოთოლი ბელას თითის გაკაწვრიდან ჩამოვარდნილ სისხლის წვეთს განასახიერებს, როგორც რომანში განვითარებული ამბების დასაწყისი.
- დაბნელება — ბელა ჯეიკობს თავის "პერსონალურ მზეს" უწოდებს, რომელმაც ღრუბლები მიმოუფანტა, რაზეც იგი პასუხობს, რომ დაბნელებას მაინც ვერაფრით უმკლავდება. დაბნელებაში, ცხადია, ედვარდი იგულისხმება. წიგნის ყდაზე გამოსახული წითელი ლენტი, რომელიც წყდება, ერთი მხრივ, ედვარდსა და ჯეიკობს შორის არჩევანს განასახიერებს, მეორე მხრივ კი, მიუთითებს, როგორ უჭირს ადამიანურ ცხოვრებასთან გამოთხოვება ბელას.
- განთიადი — განთიადი პრობლემებით აღსავსე ახალი დღის დასაწყისია ვამპირად ახალმოქცეული ბელასთვის, ასევე მის არსებობაში ახალი ეტაპის სიმბოლო. წიგნის ყდას კი ასევე ორმაგი დატვირთვა აქვს; ერთი მხრივ, ყდაზე გამოსახული ჭადრაკის პაიკი და ლაზიერი ბელას ტრანსფორმაციის სიმბოლოა, მეორე მხრივ კი, ვოლტურებთან ბრძოლისას ტაქტიკური სვლის მნიშვნელობის.
10. ფანდომი
ბინდი წლების წინ წავიკითხე, მას შემდეგ ჩემთვის დღეს უკვე საყვარელი ბევრი წიგნიც შემხვდა, თუმცა, დამოკიდებულება საგის მიმართ არ შემცვლია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არაერთი ახლო მეგობარი სწორედ ბინდის დამსახურებით შევიძინე — საგას დღემდე ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური ფანდომი, თვაიჰარდები.
ფანდომი კი, როგორც ალბათ იცით, ყველა წიგნსა და ფილმს როდი ჰყავს; როგორც იტყვიან, ეს რჩეულთა ხვედრია. შესაძლოა, მკითხველებმა წიგნზე აზრები გაცვალონ, შემდეგ კი დაახლოვდნენ, თუმცა, ფანდომი, რომელსაც ქართულად ფანოჯახს ეძახიან, უფრო მეტია, ვიდრე რეცენზიების მიმოცვლა. ეს ერთი ამბის სიყვარულით გაერთიანებული მკითხველები არიან, რომლებიც, უბრალოდ, ცხოვრობენ ამ სამყაროთი და ამ სამყაროში. მერე კი, მართალია, მათი გზები ზოგჯერ იყოფა, ერთი სიახლეც კმარა კვლავ, იმავე შემართებით გასაერთიანებლად.
ასე მოხდა შარშან, როცა შუაღამის მზე გამოიცა და დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება, როცა სტეფანი მეიერი რენესმესა და ჯეიკობის ან კალენების ისტორიაზე დაწერილი ახალი წიგნის გამოსვლის თარიღს დააანონსებს.
კომენტარები