მეცნიერებმა კატებში 7 განსხვავებული პიროვნული და ქცევითი მახასიათებელი გამოავლინეს
ახალი კვლევის თანახმად, თითოეული კატის პიროვნებისა და ქცევების განსაზღვრა შვიდი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვითაა შესაძლებელი, თუმცა სანამ თქვენი კატის პიროვნების კომპლექსურობაზე დაიწყებთ კამათს, გეტყვით, რომ ამ ყველაფრის ცოდნა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ბედნიერად ცხოვრებაში დაგვეხმარება.
"ძაღლებთან შედარებით, კატების ქცევასა და პიროვნულ თვისებებზე ნაკლები რამაა ცნობილი და მათთან დაკავშირებული პრობლემებისა და რისკფაქტორების შესწავლაზე მოთხოვნა არსებობს", — ამბობს ვეტერინარი მეცნიერი, სალა მიკოლა ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.
"მეტი ინფორმაცია და ანალიზი გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ კატების პრობლემური ქცევა და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. ყველაზე გავრცელებული ბიჰევიორული გამოწვევები უკავშირდება აგრესიას და არასათანადო ადგილას მოსაქმებას", — დაამატა მან.
კვლევა მოიცავდა 138 კითხვიან გამოკითხვას, რომელიც ცხოველთა კეთილდღეობის ვებგვერდ Petsofi-ზე გამოქვეყნდა და რომელსაც კატის პატრონები ავსებდნენ. გამოკითხვის ჩატარების მიზეზი ის იყო, რომ კატები ლაბორატორიულ გარემოში, შესაძლოა, სრულებით სხვაგვარად მოიქცნენ, ვიდრე ისინი სახლში იქცევიან, ამიტომ მათ დაკვირვებას ექსპერიმენტის ფარგლებში, შესაძლოა, არაზუსტი შედეგები ეჩვენებინა.
გამოკითხვაში შედიოდა შეკითხვები კატის სქესთან, ასაკთან, ჯიშთან, ბეწვის ფერთან, ძირითად აქტივობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გარკვეული დროის ინტერვალის შემდეგ ადამიანებს თავიდან სთხოვეს გამოკითხვაში მონაწილეობა. ამის მიზანი ორი გამოკითხვის შედეგების შედარება და ამ გზით მათი სიზუსტის შემოწმება იყო.
იმ პასუხების გამორიცხვის შემდეგ, რომლებშიც კატის ასაკი არ იყო მითითებული და რომლებსაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლდა, საბოლოოდ 4 316 კატის მონაცემები მიიღეს. ამათგან, მკვლევრებმა კატების მახასიათებლების გამოყოფა ხუთ პიროვნულ და ორ ბიჰევიორულ თვისებად შეძლეს. ესენია:
- აქტიურობა/თამაში;
- შიში;
- აგრესია ადამიანების მიმართ;
- ადამიანებთან კომუნიკაბელურობა;
- კატებთან კომუნიკაბელურობა;
- მოსაქმების პრობლემები (როგორიცაა მოსაქმების ყუთზე უარის თქმა ან მისი ცუდად გამოყენება);
- გადაჭარბებული თავის მოვლა.
შედეგებმა ასევე გამოავლინა, რომ სხვადასხვა ჯიშის კატები სხვადასხვა პიროვნული თვისებების მიმართ იყვნენ მიდრეკილნი.
"ყველაზე მშიშარა ჯიში რუსული ცისფერი იყო, ყველაზე მამაცი კი — აბიანური", — ამბობს ვეტერინარი ჰანეს ლოჰაი ჰელსინკის უნივერსიტეტიდან. "რაც შეეხება აქტიურობას, ამ მხრივ ბენგალური გამოირჩეოდა, ყველაზე პასიური კი სპარსული იყო. გადაჭარბებული თავის მოვლა ახასიათებდათ სიამისა და ბალინურ კატებს. ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა თურქული ვანი, რომელიც ასევე ყველაზე ნაკლებ კომუნიკაბელური იყო კატების მიმართ", — აცხადებს სალა მიკოლა.
კატების ხასიათის კვლევას ბევრი შეზღუდვები ახლავს თან. მაგალითად, შეუძლებელია ამ გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის შემოწმება. თუმცა, გუნდი მაინც ფიქრობს, რომ გამოკითხვის ეს მოდელი მომავალში კატების ხასიათის შესასწავლად, შესაძლოა, სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს.
დამატებით, შეგროვებული მონაცემები მკვლევრებს მონახაზის შექმნაში დაეხმარა იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავებული თვისებები შეიძლება ახასიათებდეთ კატებს. გარდა ამისა, კვლევა მოიცავს საბაზისო ინფორმაციას, რომელიც მომავალში ამ საკითხზე ახალი კვლევების ჩატარებაში დაეხმარება მეცნიერებს.
"ამ კვლევით გვინდოდა გაგვეგო, იყო თუ არა პიროვნული განსხვავებები სხვადასხვა ჯიშის კატებს შორის. მომავალ კვლევებში უფრო კომპლექსურ მოდელებს გამოვიყენებთ იმ ფაქტორების შესასწავლად, რომლებიც კატების პრობლემურ ქცევებზე ახდენენ გავლენას. მათში გავითვალისწინებთ კატის ჯიშს, ასაკს, გენდერს, ჯანმრთელობას და კიდევ ფართო სპექტრს გარემო ფაქტორებისა", — ამბობს სალა მიკოლა.
კომენტარები