ინდოეთში უკიდურესად მომაკვდინებელი ვირუსი კიდევ ერთხელ გამოჩნდა
ინდოეთის კერალას შტატში ხელისუფლება უკიდურესად მომაკვდინებელი ვირუსის — ნიპას გავრცელებას ებრძვის. ეს კი მას შემდეგ, რაც მან კვირას 12 წლის ბავშვის სიკვდილი გამოიწვია.
CBS News-ის მიხედვით, ნიპას ვირუსი (The Nipah virus) ერთ-ერთ ყველაზე ლეტალურ ვირუსად მიიჩნევა, რომლითაც ადამიანები დაინფიცირებულან. ინდოეთში ვირუსის ბოლო გავრცელების დროს მან 18-დან 17 დაინფიცირებული პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. COVID-19-თან შედარებით, რომლითაც ინდოეთში ყოველდღიურად 41 000 ადამიანი ინფიცირდება, იგი ბევრად ნაკლებად გადამდებია. ნიპას ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 45 დღეა, აცრისა და მკურნალობის გარეშე კი არსებობს იმის 20%-იანი შანსი, რომ გადარჩენილებს გრძელვადიანი ნევროლოგიური სიმპტომები განუვითარდებათ. ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75%-ია და მისი სულ მცირე მასშტაბზე გავრცელებაც კი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
ოფიციალური პირები ამ შტატში ნიპას ვირუსის გამოჩენას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. CBS-ის მიხედვით, ორშაბათს მათ ბიჭის კონტაქტები გამოიკვლიეს, რის შემდეგაც დაახლოებით 188 ადამიანს ჩაუტარეს ტესტები და კარანტინში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ბიჭის სახლიდან 3 კილომეტრის რადიუსში დახურეს მთელი ტერიტორია, რათა ფიზიკურად მოახდინონ პანდემიის პრევენცია იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტების გამოვლენის ღონისძიება წარუმატებელი აღმოჩნდება.
ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ბიჭს მკურნალობდნენ, ასევე აქვთ ნიპას ინფექციის სიმპტომები, CBS კი გვაუწყებს, რომ დადასტურებულია ინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და სისხლის ანალიზის შედეგებს ელოდებიან.
გასულ სექტემბერს თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კაცობრიობა "პანდემიის ერაში შევიდა, სადაც ვირუსის გავრცელება სულ უფრო და უფრო ხშირი მოვლენა გახდება".
კონკრეტულად ნიპას ვირუსი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში პრევენციის შემდეგ თავიდან ჩნდება და ვრცელდება. ეს ყველაფერი გარემოსა და ველური ცხოველების, მათ შორის ღამურების სახეობების (რომლებიც ამ ვირუსის მატარებლებად ითვლებიან) ჰაბიტატების განადგურებითაა გამოწვეული, რადგან ახლა ამ ცოცხალ ორგანიზმებს იმაზე უფრო ახლო კონტაქტი აქვთ ადამიანებთან ვიდრე ოდესმე. ამიტომ, კერალას ოფიციალური პირები ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ მოერიდონ ღამურებს და ისეთ ხილს, რომლებსაც ღამურების კვალი ეტყობა.
კომენტარები