ვირუსები, შესაძლოა, სხვა პლანეტებზეც არსებობდეს — პროფესორი პოლ დეივისი
პროფესორი პოლ დეივისი, ასტრობიოლოგი, კოსმოლოგი და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების ფუნდამენტური კონცეფციების ცენტრის დირექტორი გვაფრთხილებს, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლე, შესაძლოა, მიკრობული სიცოცხლიდან ზეგანვითარებულ ცივილიზაციებამდე იცვლებოდეს და რომ ვირუსები სამყაროს ბევრ სხვა ადგილასაც შეიძლება არსებობდნენ.
დეივისი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადად, რაიმე ადგილას სიცოცხლის არსებობისთვის, რა ფორმისაც არ უნდა იყოს ეს სიცოცხლე, საჭიროა მთელი რიგი მიკრობები და მიკროსკოპული აგენტები. როგორც ჩანს ვირუსები — ან რაიმე სხვა, რაც ვირუსების მსგავს როლს ასრულებს, შესაძლოა, ასეთი სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ.
"სინამდვილეში, სიცოცხლის ქსელის გარკვეულ ნაწილს სწორედ ვირუსები ქმნიან", — ამბობს დეივისი. "ჩემი აზრით, თუ რომელიმე სხვა პლანეტაზე მდგრადი მიკრობული სიცოცხლე არსებობს, მაშინ იქ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლის მთელი სირთულეც აუცილებლად უნდა იყოს".
დეივისის თქმით, ვირუსები შეიძლება მივიჩნიოთ მოძრავ გენეტიკურ ელემენტებად. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსების გენეტიკური მასალა, გენების ჰორიზონტალური გადატანის პროცესის საშუალებით, ადამიანებისა და ცხოველების გენომშიც ხვდება.
"ჩემი მეგობარი ფიქრობს, რომ თუ უდიდესი არა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ადამიანის გენომისა ვირუსული წარმოშობისაა", — ამბობს დეივისი, რომლის ახალი წიგნი — "რა აწუხებს სამყაროს?" გასულ კვირას გამოქვეყნდა.
დეივისის მიხედვით, მიკრობების მნიშვნელობა სიცოცხლისთვის ყველასთვის კარგად ცნობილია, თუმცა ვირუსების როლი კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული და დაფასებული. მისი თქმით, თუ სადმე არსებობს უჯრედული სიცოცხლე, იქ სავარაუდოდ უნდა იყოს ვირუსი ან რამე მსგავსი ორგანიზმიც, რომელიც ორგანიზმებს შორის გენეტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს. მეტიც, მისი თქმით, უცხოპლანეტური სიცოცხლის ჰომოგენურობა ძალიან ნაკლებ სავარაუდოა.
"არ მგონია არსებობდეს რაიმე პლანეტა, სადაც მხოლოდ ერთი ტიპის მიკრობები ბინადრობენ. ჩემი აზრით, თუ სადმე სიცოცხლე არსებობს, მაშინ იქ მთლიანი ეკოსისტემები უნდა იყოს", — დასძინა მან.
არამიწიერი ვირუსების არსებობა, შესაძლოა, შემაშფოთებლად ჟღერს, თუმცა, დეივისის თქმით, პანიკა საჭირო არაა.
"საფრთხეს ისეთი ვირუსები წარმოადგენენ, რომლებიც ძალიან კარგად არიან ადაპტირებულნი თავიანთ მასპინძელ ორგანიზმებთან. თუ მართლა არსებობს უცხოპლანეტელი ვირუსი, მაშინ დიდი შანსია, რომ ის ჩვენთვის საშიში არ იყოს".
დეივისის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ჩვენ მიერ სხვა პლანეტის კოლონიზაციას.
"ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამისთვის უბრალოდ ძალიან დიდი კოსმოსური ხომალდი დაგვჭირდება, რაღაცების გადამუშავება, რომლებსაც ძალიან გრძელი მოგზაურობის დროს გამოვიყენებთ და ასევე რაღაც ტექნოლოგიები. სინამდვილეში, ამ პრობლემის ყველაზე რთული ნაწილი მიკრობიოლოგიაა".
მიუხედავად იმისა, რომ COVID-მა უმრავლესობას ვირუსებზე წარმოდგენა გაგვიფუჭა, დეივისის თქმით, ყველა მათგანი ასეთი ცუდი არაა. "მეტიც, მათი უმრავლესობა კარგ ვირუსებს წარმოადგენენ".
ყველა სიკეთესთან ერთად, ვირუსები, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიებს, ანუ ფაგები, ბაქტერიების პოპულაციების რიცხვის კონტროლს უწყობს ხელს, ისინი დაკავშირებულნი არიან ისეთ მნიშვნელოვან პროცესებთან, როგორებიცაა მცენარეების დახმარება ცხელ ნიადაგში გადარჩენისთვის და ბიოგეოქიმიურ ციკლზე გავლენის მოხდენა. დეივისი იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანის გენომის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, უძველესი ვირუსების ნარჩენებს წარმოადგენდეს.
"ჩემი აზრით, ვირუსების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა საერთოდ ვერ შენარჩუნებულიყო", — ამბობს პოლ დეივისი.
კომენტარები