ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი წინაგულთა ფიბრილაციის რისკს ზრდის. ეს არის არითმია, რომელსაც ხშირად სერიოზული გართულებები მოჰყვება. ამის შესახებ მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა.

სპეციალისტები დიდი ხანია ცდილობენ გაარკვიონ, რა გავლებნა აქვს ალკოჰოლს ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ, იწვევს თუ არა ის გულთან დაკავშირებულ პრობლემებს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ სასმლის ზომიერად მოხმარებამ, შესაძლოა, ამ ორგანოზე დადებითი ზემოქმედებაც კი იქონიოს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ეს ასე ნამდვილად არაა.

ფოტო: clevelandclinic

100 ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმლის დალევიდან რამდენიმე საათში წინაგულთა ფიბრილაციის გამოვლენის რისკი ორმაგდება, ხოლო ორი ან მეტი ჭიქის შემთხვევაში, სამმაგდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცდაში მონაწილე ყველა პირს მსგავსი არითმია ისედაც ახასიათებდა, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ გულისცემის რიტმის დარღვევის პროვოცირებაზე და არა კონკრეტული დაავადების გამოწვევაზე.

ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ ამგვარი ცდის ჩატარება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან ის მასში მონაწილე ადამიანების მიერ ჩაბარებულ ანგარიშს ეყრდნობა. მათ, შესაძლოა, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მიღებული, ეთანოლის შემცველი სითხის რაოდენობა ზუსტად ვერ დაასახელონ. თუმცა, უკანასკნელი ექსპერიმენტის დროს თითოეული ინდივიდის სისხლში არსებული ალკოჰოლის დონე საგანგებოდ მოწმდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლევის შედეგები უტყუარია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.