მასშტაბური კვლევით კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პირბადის ეფექტიანობა დამტკიცდა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დავის საგნად რჩება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პირბადეების ეფექტიანობა. იმის მიუხედავადაც კი, რომ ამას მრავალი ცდა ადასტურებს. თუმცა, აშშ-ში მდებარე სტენფორდის, იელისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა მიერ კოლეგებთან ერთად ბანგლადეშში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ საბოლოოდ ცხადყო, რომ ნიღბის ტარება აღნიშნული ინფექციის გადადებას მართლაც მნიშვნელოვნად აფერხებს. მათი ნაშრომი ჯერჯერობით პრეპრინტის სახითაა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Science გამოქვეყნდება.
სპეციალისტთა გუნდმა შემთხვევითობაზე დაფუძნებული, ე.წ.რენდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური ცდა ჩაატარა, რომელიც მედიცინაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. მასში ბანგლადეშის 600 სოფელში მცხოვრები 342 000 ზრდასრული ადამიანი ჩაერთო. ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე მიმდინარეობდა, 178 000 მონაწილე წაახალისეს, რათა პირბადე გამოეყენებინათ. დანარჩენი 163 000 პირი კი საკონტროლო ჯგუფში გააერთიანეს.
აღმოჩნდა, რომ წახალისებამ პირველ ჯგუფში ნიღბის ტარების მაჩვენებელი, მეორე ჯგუფთან შედარებით, 28.8%-ით გაზარდა. ამან მათში COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 11.9%-ით, სიმპტომური ინფექციები კი 9.3%-ით შეამცირა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ყოველი 100 ადამიანიდან მხოლოდ 29-მ გადაწყვიტა პირბადის გამოყენება, შესაბამისად, ეს შედეგები სწორედ ამ რაოდენობიდან გამომდინარეობს.
ნიღბის პოპულარიზაცია ნაშრომის ავტორებმა სხვადასხვა ხერხით სცადეს. ისინი კვლევის მონაწილეებს უფასოდ დაურიგეს და მის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ახსენებდნენ, რომ გაეკეთებინათ და ამ საკითხის მიმართ ადგილობრივი ცნობილი პირების მიერ საჯაროდ გამოხატულ დადებით დამოკიდებულებასაც აჩვენებდნენ. იმის გასაგებად, თუ რამდენად გაამართლა მსგავსმა სტრატეგიამ, ცდისპირებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მკვლევრები ქუჩებში, სოფლის შესასვლელში, ბაზრებში, ჩაის დახლებსა და მეჩეთებში აკვირდებოდნენ. აქედან 5-9 კივირის შემდეგ, მეცნიერებმა მათში გამოვლენილი სიმპტომები შეისწავლეს, ხოლო 10-12 კვირაში სისხლის ანალიზები აუღეს.
ექსპერიმენტმა ისიც აჩვენა, რომ სამედიცინო ნიღბები, ნაჭრისგან დამზადებული ვარიანტებისგან განსხვავებით, უკეთ გვიცავს. მათმა გამოყენებამ კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევები 11.2%-ით შეამცირა, 60 წელს გადაცილებულებში კი - 34.7%-ით.
საყურადღებოა, რომ წახალისების სტრატეგიამ ძალა 5 თვეში დაკარგა. თუმცა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, პირბადეს მაინც 10%-ით მეტი პირი ატარებდა, რაც გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე მიანიშნებს.
კომენტარები