ჟესტები, რომლებიც დროს სამეტყველო ენაზე დიდხანს უძლებენ
ჟესტებით საუბარი კომუნიკაციის ერთგვარი ინტუიციური ხერხია, რომელიც ენობრივ ბარიერებს "ახტება". თუმცა დროთა განმავლობაში მათი მნიშვნელობები იცვლება და მხოლოდ რამდენიმე უნივერსალური ჟესტია, რომელთა შინაარსზეც ყველანი ვთანხმდებით.
ჩვენი ხელები საუბრისათვის მნიშვნელობის დასამატებლად ხელსაყრელი ინსტრუმენტებია. ისინი გვეხმარებიან სიტყვების გახსენებასა და ჩვენი აზრების დალაგებაში. მათ იმის შეცვლაც კი შეუძლიათ, თუ როგორ ესმით სხვებს ჩვენი პირიდან ამოსული ხმები.
საუბრისას ხელის ჟესტებს დაბადებიდან უსინათლონიც იყენებენ. შესაბამისად, შეიძლება გეგონოთ, რომ ხელის ჟესტების მნიშვნელობა მართლაც უნივერსალურია 一 თუმცა ეს ასე არაა.
სოციალურ მედიაში ზევით აწეული ცერა თითი (იგივე "ლაიქი") დაფასების გამოხატვის სიმბოლოა, თუმცა ევროპისა და შუა აზიის ზოგიერთ რეგიონში ეს ჟესტი შეურაცხმყოფელიც კია. მხოლოდ ის, რომ ჟესტი გავრცელებულია, არ ნიშნავს, რომ იგი უნივერსალურიცაა 一 გვაფრთხილებს ავსტრალიის ლა ტრობეს უნივერსიტეტის ლინგვისტი ლორენ გოუნი.
დროთა განმავლობაში ჟესტების მნიშვნელობებიც იცვლება. 2003 წელს აშშ-ის მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ერაყელი ადგილობრივები ზევით აწეული ცერა თითებით შეხვდნენ. ამით რისი თქმა სურდათ? მხარს უჭერდნენ თუ უხამსობის გამოხატვას ცდილობდნენ? ამერიკის თავდაცვის ენის ინსტიტუტის, ანუ იმ დაწესებულების თანახმად, რომელიც ამერიკელ სამხედრო ძალებს უცხო ენებში წვრთნის, შუააზიელებმა ზევით აწეული ცერა თითის დასავლური მნიშვნელობით 一 მხარდაჭერის გამოსახატად გამოყენება სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ დაიწყეს.
თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, გავრცელებულ კადრებში მოხვედრილი ერაყელები სულაც არ ცდილობდნენ ამერიკელი ჯარისკაცების შეურაცხყოფას. ბოლოდროინდელი ამერიკული დიპლომატიური მისიებიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ ჟესტის დასავლური მნიშვნელობა უკვე ფართოდაა გავრცელებული. თუმცა დასავლეთშიც კი ზევით აწეული ცერა თითი უნივერსალურად ერთსა და იმავე რამეს არ ნიშნავს. მაგალითად, მყვინთავები ზევით აწეულ ცერა თითს იმის გადმოსაცემად იყენებენ, რომ წყლის ზედაპირზე აპირებენ ასვლას.
აწეული ცერა თითის წარმომავლობა საკამათოა. ზოგი ამ ჟესტის დაბადებას გლადიატორთა ბრძოლებს უკავშირებს. ამ თეორიის თანახმად, დამარცხებული მებრძოლის ბედი ასე წყდებოდა 一 ზევით აწეული ცერი სიცოცხლეს ნიშნავდა, ქვევით ჩამოწეული კი — სიკვდილს. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, ზუსტად რა მნიშვნელობის გადმოსაცემად გამოიყენებოდა ეს ჟესტი. გოუნის თქმით, ძალიან შთამბეჭდავია, რომ ცერა თითის ჩვენების ჟესტმა უფრო დიდი ხანი გაძლო, ვიდრე ლათინურ ენაზე მეტყველებამ. ეს გვიჩვენებს ჟესტების ენის უნარს, გადაკვეთოს კულტურული და დროითი საზღვრები. თუმცა ის გარემოება, რომ ამ ჟესტის წარმომავლობა ბუნდოვანია და მისი მნიშვნელობა სიკვდილ/სიცოცხლის გადაწყვეტის მერე "ყველაფერი კარგადაათი" ან უხამსობის გამოხატვით შეიცვალა, გვიჩვენებს, როგორ ვერ ინარჩუნებს ხელის ჟესტები მუდმივად ერთსა და იმავე მნიშვნელობას.
ერაყელების მიერ ამერიკელების შეხვედრის მაგალითში როგორც გამოჩნდა, ჟესტს ერთდროულად ორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ასევე შესაძლებელია, ორი ჟესტი ერთსა და იმავეს ნიშნავდეს.
"ხმელთაშუაზღვისპირეთის ზოგიერთ რეგიონში, თურქეთში, საბერძნეთსა და სამხრეთ იტალიაში არას თქმის ალტერნატიული გზები არსებობს. შეგიძლია, თავი გააქნიო ან თანამოსაუბრისგან გაწიო და ზოგჯერ ეს ორივე ჟესტი ერთდროულადაც გვხვდება", 一 გვეუბნება ჩიკაგოს უნივერსიტეტის კოგნიტური მეცნიერების პროფესორი, კენსი კუპერაიდერი.
მითითება ერთ-ერთი ისეთი ჟესტია, რომელსაც განსხვავებულად გამოხატავენ. სიდნეის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ანთროპოლოგიის პროფესორის ნიკ ენფილდის აზრით, მითითება თავად ენის წინაპარი იყო და ადრეული ადამიანების კომუნიკაციისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა. თუმცა, ყველა კულტურაში ერთნაირად სულაც არ მიუთითებენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ზოგიერთ ნაწილებში თავით, ცხვირით ან ტუჩებით მითითება ხშირად გვხვდება. კუპერაიდერის ვარაუდით, ამ კულტურებში სიფრთხილე განსაკუთრებით ღირებული იყო 一 მაგალითად, ნადირობისას. ასეთ შემთხვევებში, სამიზნის ადგილმდებარეობის გაზიარება 一 ყურადღების მიქცევის გარეშე 一 ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.
შესაბამისად, თუ კმაყოფილების, უკმაყოფილებისა და მითითების მსგავსი უნივერსალური მნიშვნელობები განსხვავებულ კულტურებში განსხვავებულად გვხვდება, არსებობს რაიმე, რასაც ყველასთვის ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს? გაუძლებენ მსგავსი ჟესტები დროის გამოცდას?
"ადამიანებს ყველა კულტურაში მოეპოვებათ დროის აღმნიშვნელი ჟესტები. ისინი ხვალინდელსა და გუშინდელ დღეებს განსხვავებულ 'ადგილას აყენებენ' იმის მიხედვით, თუ რომელი კულტურის წარმომდგენლები არიან. ინგლისურენოვანთათვის დრო მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს და მომავალზე საუბრისას სხეულის წინ მდებარე სივრცისკენ მივუთითებთ, ხოლო წარსულზე საუბრისას 一 ზურგს უკან სივრცისკენ", 一 გვეუბნება კუპერაიდერი.
გოუნიც და კუპერაიდერიც გვიმხელენ, რომ ზევით ატრიალებული ხელისგულებით მხრების აჩეჩვა ძალიან გავრცელებული ჟესტია, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ. ლეონარდო და ვინჩი მას ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ხატავდა 一 მისეული საიდუმლო სერობის სამი დამსწრე სწორედ ამ ჟესტს იყენებს. კუპერაიდერმა ასევე თანამედროვე კულტურებიც 一 არაბულიდან ზულუმდე 一 შეისწავლა, რომლებშიც, როგორც ჩანს, ასევე გამოიყენება ეს ჟესტი.
ისეთ ჟესტებს, რომლებსაც კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ — მაგალითად, "არ ვიცი" ანდა "ყველაფერი კარგადაა" — ემბლემატური ჟესტები ეწოდებათ. "თუ კულტურებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ემბლემატური ჟესტები პირად ურთიერთობებში, თანამოსაუბრის გასაკონტროლებლად გამოიყენება", 一 ამბობს კუპერაიდერი, — "მათ ნივთების აღსაწერად არ ვიყენებთ. ხომ შეიძლებოდა, რომ ადამიანებს წყლის, ხორცის, სირბილის და ა.შ. აღსაწერი ჟესტები გვქონოდა, მაგრამ ასე არაა. ეს ჟესტები, უპირველეს ყოვლისა, სოციალური სამყაროს სამართავად გამოიყენება 一 მათი დახმარებით ჩვენ ადამიანებს მივუთითებთ, რომ შეწყვიტონ, რასაც აკეთებენ ან შეკითხვებზე გვიპასუხონ".
შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მცირე განსხვავებები არსებობს, ჟესტებს ისეთი გარკვეული საბაზისო მნიშვნელობები მაინც აქვთ, რომლებსაც კულტურათა უმეტესობაში ჩვენი სხეულისა და ხელების გამოყენებით გადმოვცემთ. ფრანკფურტის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორი კორნელია მიულერი ვარაუდობს, რომ ჟესტიკულაციის მთავარი მახასიათებლების უფრო მარტივ მამრავლებად დაშლაც შესაძლებელია. ის ხელის ჟესტების ოთხ კატეგორიას აღწერს: მძერწავს, მხატავს, მოქმედს და აღმნიშვნელს.
ძერწვითი კატეგორია თქვენ წინ არსებული საგნის ფორმის აღსაწერად ხელების გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად, ფეხბურთის მსაჯმა შეიძლება ამოტრიალებული ხელისგულების შეტყუპებით ბურთი გამოსახოს იმის ნიშნად, რომ მცველმა მოწინააღმდეგეს ბურთი წესების დაცვით აართვა. ხატვის კატეგორიასაც მსგავსი შინაარსი აქვს, თუმცა ამ დროს, ძირითადად, თითის წვერს ვიყენებთ საგნის კონტურის შემოსახაზად 一 მაგალითად, როდესაც მსაჯი მართკუთხედს ხატავს ვიდეოჩანაწერის ჩვენების სათხოვნელად.
მოქმედებითი კატეგორია საგნის მოძრაობის გამეორებას გულისხმობს 一 გეგონება, ობიექტი პანტომიმის მდუმარე შემსრულებელს ხელში ეჭიროს (მაგალითად, თითქოს, კალმით წერსო). ხოლო აღმნიშვნელი კატეგორია საგნის მაგივრად ხელის გამოყენებას გულისხმობს (მაგალითად, ხელისგულის ქაღალდის აღმნიშვნელად გამოყენება). გაშლილ ხელისგულზე წარმოსახვითი კალმით "ჩეკს რომ წერდეთ", ამ ორივე მეთოდს ერთდროულად გამოიყენებდით. ასეთ დროს გაშლილი ხელის გული ქაღალდია, ხოლო მეორე ხელი "თავს იკატუნებს", თითქოს კალამი უპყრია.
უკონტაქტო და აპლიკაციური გადახდის მეთოდების გათვალისწინებით, შესაძლოა, ახალგაზრდა მკითხველთა უმეტესობას ხელმოწერილი ჩეკით არც არასოდეს გადაუხდიათ. თუმცა, ამ ჟესტს მაინც სასურველი ეფექტი აქვს, რაც გვიჩვენებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობის დაკარგვის მიუხედავად, ჟესტის სიმბოლური ღირებულება მაინც ნარჩუნდება.
ჰონგ-კონგის საქალაქო უნივერსიტეტის ჟესტიკულაციის მკვლევრის, საიმონ ჰარისონის ვარაუდით, ძირითადი კატეგორიები საყოველთაოდ აღქმადია. ჩვენ ვაცნობიერებთ, როდესაც ვინმე ჩვენ თვალწინ რაიმე საგნის ფორმის აღწერას ან რაიმე მოქმედების გამეორებას ცდილობს იმის მიუხედავად, ვხვდებით თუ არა, კონკრეტულად რისი თქმა სურს ჟესტის ავტორს.
ემბლემატური ჟესტების ძირითადი ელემენტებით ახალი ნიშნების შექმნაც შესაძლებელია. ჰარისონმა ჟესტები შეისწავლა ინდუსტრიულ გარემოში 一 მაგალითად, საკვების ხმაურიან საწარმოებში, სადაც მუშებს ნიღბების ტარება მოეთხოვებათ. მსგავს გარემოში ჟესტებით კომუნიკაცია ყველაზე ხეირიანი გზაა. ჰარისონის თქმით, ისეთი მარტივი მოქმედებების გამომხატავ ჟესტებს, როგორებიცაა, მაგალითად, "შეჩერდი", "ახლიდან", "კიდევ", ადამიანები ინტუიციურად აკეთებენ და ხვდებიან, რითაც საკუთარ ჟესტების ენას იგონებენ.
ჟესტი უფრო სუბიექტური მაშინ ხდება, როდესაც აწეული ცერა თითის მსგავს სიმბოლურ ფორმას გამოხატავს. ეს უნებლიე სიმბოლოები პირდაპირ ვერანაირად უკავშირდებიან იმ ცნებებს, რომელსაც აღნიშნავენ 一 აწეულ ცერში თვალსაჩინოდ არაფერი გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა. სწორედ სუბიექტურობის გამოა, რომ მნიშვნელობები ჩნდებიან და ქრებიან 一 გვეუბნება გოუნი.
ზევით აწეული ცერის მსგავსად, mano in fico-ს, იმავე "ლეღვის ნიშანსაც" ისეთი განსხვავებული მნიშვნელობები აქვს, როგორებიც ვულგარულიდან უწყინრამდე მერყეობს. ეს ნიშანი ერთ-ერთია იმ დაახლოებით ოც ჟესტს შორის, რომლებიც განხილულია 1832 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ჟესტები ნეაპოლიდან და ჟესტები კლასიკურ ანტიკურ ხანაში. იტალიასა და ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანაში ეს ჟესტი შუა თითის ჩვენების ტოლია, თუმცა სხვაგან 一 მაგალითად, ხორვატიაში 一 ეს ნიშანი გულისხმობს, რომ მანიშნებელს ის არ აქვს, რასაც მეორე ადამიანი ეძებს. ამერიკელი ან ბრიტანელი მკითხველებისთვის ეს ნიშანი ბავშვებისათვის "ცხვირის წართმევის" ჟესტად უფრო იქნება ცნობილი.
ჰარისონის თქმით, კონტექსტი მნიშვნელობას ათვალსაჩინოებს. როდესაც ერთსა და იმავე ჟესტს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მანიშნებლის განზრახვასა და კონტექსტს ერთიანად აღვიქვამთ. ამიტომ ასეულობით წლის წინ დახატული ხელების ნახატების კვლევამ ჟესტების მნიშვნელობის შესახებ მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა შეიძლება შეგვიქმნას.
ხელის არცერთი ჟესტი არ იკითხება იზოლაციაში, ერთადერთის გარდა. გაიცანით 一 ემოჯი.
თუ ოდესმე გაგჭირვებიათ ტექსტში სარკაზმის გამოხატვა, თქვენი მიზნის მისაღწევად ემოჯი შეიძლება მოგეშველიებინათ. გოუნის თქმით, ჩვენი წერილობითი ენა, ზუსტადაც რომ, ემოციების გამოხატვაში მოიკოჭლებს, ვინაიდან არაფორმალური მწერლობა შედარებით ახალი კონცეფციაა. ათასწლეულების განმავლობაში არაფორმალურობა მხოლოდ მეტყველებით შემოიფარგლებოდა.
ინტერნეტმა არაფორმალური წერილობითი კომუნიკაციის დიდი აფეთქება გამოიწვია, თუმცა არაფორმალურ მწერლობაში სათქმელის გამოხატვისას ჯერ კიდევ არსებობს ნაპრალები. ემოჯი ერთ-ერთია იმ რესურსებს შორის, რომელიც ხალხმა ამ ნაპრალების ამოსავსებად გამოიყენა.
უნიკოდის ემოჯიების ლექსიკონის ხელის ჟესტების გასამრავალფეროვნებლად გოუნი ლინგვისტ გრეტჩენ მაკულოკთან და უნიკოდის თანამშრომელ ჯენიფერ დენიელთან ერთად მუშაობდა. უნიკოდის ლექსიკონში ხელის ჟესტების ჩასმის პროცესში გოუნს სწორედ მათი მრავალფეროვანი მნიშვნელობები აღაფრთოვანებს. "ის, რომ ემოჯიების მნიშვნელობები ხელით რეალურად გაკეთებული ჟესტების მნიშვნელობების მსგავსად იცვლება, ძალიან სასარგებლოა. ზღვის ვარსკვლავის ემოჯი ყველასთვის ზღვის ვარსკვლავია, მაგრამ ხელის ჟესტს იმ მნიშვნელობის შეძენა შეუძლია, რომელსაც მომხმარებელი მიაწერს", 一 გვეუბნება ის.
ხელის ჟესტების გამომხატველი სამი ყველაზე ძველი ემოჯი ზევით აწეული მუშტი, V ნიშანი (აწეული შუა და საჩვენებელი თითები) და გაშლილი ხელისგული იყო. თავდაპირველად ისინი "ქვას", "მაკრატელსა" და "ქაღალდს" აღნიშნავდნენ, თუმცა V ფორმა ასევე "მშვიდობას" ან "გამარჯვებას" ნიშნავს, ხოლო აწეული მუშტი დღეს პოლიტიკურ-სოციალური მოძრაობის, Black Lives Matter-ის სიმბოლოდაცაა ქცეული.
გოუნი იმედოვნებს, რომ აწეული ნეკა თითის ემოჯი მალე გახდება პოპულარული. ინგლისურენოვანთათვის [და არა მხოლოდ] ეს სიმბოლო "ნეკი-ნეკისა" დაპირებას ან თუნდაც ჩაის სმას აღნიშნავს. თუმცა ეს ხელსაყრელი ჟესტი ინდოეთში საპირფარეშოსკენ გზის ზრდილობიანად შეკითხვას გულისხმობს. გოუნისა და მისი კოლეგების მიერ შეთავაზებული აწეული ნეკა თითის ემოჯის შესაძლო მნიშვნელობებია: "დახვეწილობა", "ეტიკეტი", "გემოვნება", "პირობა", "საპირფარეშო", "ძალისხმევა" და "ძალის დემონსტრაცია".
ახალი შემოთავაზებების დამდასტურებელი კომიტეტი არ ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, ვინაიდან ახალი ემოჯები ლექსიკონში სამუდამოდ დარჩება. თუმცა, გოუნისნაირი მკვლევრებისთვის მსგავსი სამუდამო წყაროების არსებობა სასარგებლოა. "დიდი ალბათობით, ვიდეო და ციფრული ჩანაწერების შექმნამდე ჟესტური კომუნიკაციის დიდი დიაპაზონი დავკარგეთ და ამის შესახებ არც კი ვიცით".
აწეული ნეკა თითის ემოჯის დამატებას გოუნი დღემდე ელოდება. მისი დამატების შემთხვევაში, ჩვენს ციფრულ არქივში სამუდამოდ შეინახება საპირფარეშოსკენ გზის კულტურულად შეკითხვის გამომხატველი ნიშანი.
კომენტარები