რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
დღეს, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და მაღალი ალბათობით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამას წინ უძღოდა შარლ მიშელის განცხადება, სადაც ის დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა.
რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
ევროკავშირის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ერთგვარი სესხია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის მხარდაჭერის მიზნით გამოეყო. ის 150 მილიონ ევროს მოიცავს და მისი ერთი ნაწილი ქვეყანამ გასული წლის ნოემბერში მიიღო. მეორე ნაწილის, 75 მილიონი ევროს მიღებას წინაპირობები ახლავს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ მემორანდუმშია გაწერილი. სწორედ ამ წინაპირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა აიღეს ვალდებულება შესრულებულიყო წინაპირობები შემდეგ მიმართულებებში: საჯარო ფინანსების მართვა, მმართველობა, სასამართლო სისტემა, სექტორალური მიმართულებები და შრომითი ბაზარი.
აქ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ 2017 და 2019 წლებში მიღებული ორი პაკეტის შესაბამისად:
- გააძლიერებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით;
- წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის 949/2019 დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, რომელიც ეხება დანიშვნებთან დაკავშირებულ შეშფოთებას და გაკვირვებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმის მიცემის ღიაობას და ამ უკანასკნელის მხრიდან ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობას;
- თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისგან;
- მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას 2019 წლის ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების შემუშავებით.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი შეაფასებს პირობების შესრულების პროგრესს და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვაში, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიზნესის გარემოს მიმართულებით და ასევე, სექტორულ რეფორმებს, სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით.
მემორანდუმში ნათლად არის მითითებული, რომ უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია უარი თქვას დახმარების თანხის ნაწილების ჩარიცხვაზე, სანამ ქვეყანა პირობების შესაბამისობას უზრუნველყოფს.
რატომ ამბობს საქართველოს მთავრობა ამ მხარდაჭერაზე უარს
ქვეყნის პრემიერმინისტრი, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ამბობენ, რომ ამ მომენტისთვის ქვეყანაში ამგვარი მხარდაჭერის მიღების აუცილებლობა არ დგას, რადგან ეკონომიკა ვითარდება და დამატებითი საგარეო ვალის აღება არ არის საჭირო.
რეალურად კი, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობა ცდილობს მოვლენებს დაასწროს და აღნიშნულ პაკეტზე ევროკავშირის მანამდე უთხრას უარი, ვიდრე ის თავად შეწყვეტს მხარდაჭერის გაგრძელებას და უარს განაცხადებს დარჩენილი თანხის, 75 მილიონი ევროს გადმორიცხვაზე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მიმდინარე წლის 12 ივლისს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა. მაშინ სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.
გარდა ამისა, ევროკომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ამ ნაბიჯს, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.
საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ ამაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
საკითხს გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტოც. უწყების მიერ გავრცელეულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლები იძლევა საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შემცირდეს საგარეო ვალის აღებაც. მათივე თქმით, მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
კომენტარები