სოციალური უნარების გზამკვლევი ზრდასრულთათვის — როგორ ვიურთიერთოთ წარმატებულად
მათემატიკასა თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული თემებისგან განსხვავებით, სოციალურ უნარებს ადამიანები უფრო მეტად პრაქტიკაში ვითვისებთ, ვიდრე თეორიული სახელმძღვანელოებიდან. როდესაც ბავშვი ხარ, შენ შეგიძლია ისწავლო, როგორ მოაგვარო კონფლიქტი, გაიჩინო მეგობრები და ამგვარად სოციალურ ურთიერთობებში გზა გაიკვლიო. მაგრამ ერთსა და იმავე გაკვეთილებს ერთნაირად ყველა ვერ სწავლობს. ზოგჯერ ამ უნართა დახვეწას მთელ ცხოვრებას ვანდომებთ, ბევრი ჩვენგანი კი მათ ვერც ვერასდროს ეუფლება.
თუ ბავშვობაშივე არ გამოგიცდია ჯგუფებს შიგნით წარმოქმნილი სხვადასხვა სახის დინამიკა; თუ ისეთ მენტალურ აშლილობებთან გამკლავება გიწევს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია; ან თუ, უბრალოდ, მოზარდობისას არ გყავდა ბევრი პოზიტიური მისაბაძი მაგალითი, სოციალური უნარების ათვისება ერთიორად რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ადამიანები, როგორც წესი, თავისთავად სწავლობენ, როგორ მართონ საკუთარი ემოციები, შეამჩნიონ სხვების განცდები და ორივე მათგანს სოციალიზაციის მეშვეობით ეფექტიანად გაუმკლავდნენ. მაგრამ თუ ეს უნარები მოზარდობისას არ განგივითარებიათ, არ იდარდოთ — თქვენ მარტო არ ხართ.
სოციალური ურთიერთობების საფუძველი: ემოციური ინტელექტი
სანამ კონკრეტული სოციალური სიტუაციების განხილვამდე მივალთ, ემოციური ინტელექტის არსი უნდა განვმარტოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის თქვენი შესაძლებლობა, შეიცნოთ საკუთარი ემოციები, ამოიცნოთ სხვების ემოციები და გამოიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენი ქცევების სამართავად. ეს ფსიქოლოგიის დარგში შედარებით ახალი სფეროა, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ემოციური ინტელექტის განვითარებით სოციალური ურთიერთობების უკეთ გაგება და გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
ემოციური ინტელექტის რამდენიმე მოდელი არსებობს, თუმცა ამ სტატიაში სამეცნიერო ჟურნალისტის და მწერლის, დენიელ გოულმენის ნააზრევზე ვკონცენტრირდებით. ის გამოყოფს ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად კატეგორიას, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ.
1. თვითშემეცნება
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, შეგვეძლოს საკუთარი ემოციების ამოცნობა და იმის გაგება, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ხმაურიან გარემოში შფოთი გიტანთ? ბრაზდებით, როდესაც ხალხი საუბარს არ გაცდით? თუკი ამ კითხვებზე პასუხები მოძებნილი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს თვითშემეცნებას უკვე ავარჯიშებთ. ეს შეიძლება იმაზე რთული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ პროცესი გამარტივდება, თუ საკუთარი გრძნობებისადმი გულისყურის მიპყრობას დავიწყებთ.
2. თვითრეგულირება
თუ პირველი ნაბიჯი საკუთარი ემოციების გაგებაა, მეორე ნაბიჯი მათ მართვას მოიაზრებს. ზოგჯერ ეს შეიძლება გულისხმობდეს უნარს, გაუმკლავდე ამ გრძნობებს მათი გაჩენისთანავე. როცა რაიმე გვაბრაზებს, იმის ცოდნა, თუ რა გვამშვიდებს ხოლმე, ძალიან გამოსადეგია. თუ იცით, რომ თქვენი ყოფილის ფეისბუქ გვერდის თვალიერება თავს ცუდად გაგრძნობინებთ, თვითრეგულირება დაგეხმარებათ, ამის ნაცვლად სხვა, უკეთეს საქმეს მოჰკიდოთ ხელი.
3. მოტივაცია
ისეთი გარე ფაქტორები, როგორებიცაა ფული, სტატუსი ან ტკივილი, ძლიერი მოტივატორები არიან. მაგრამ გოულმენის მოდელში მთავარი კომპონენტი შინაგანი მოტივაციაა. ეს ნიშნავს, რომ იცით, როგორ მართოთ საკუთარი მოტივაცია. შედეგად, ამა თუ იმ პროექტის დაწყება თუ გაგრძელება თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და არა იმიტომ, რომ რაიმე გარე ფაქტორზე ხართ დამოკიდებული.
4. თანაგრძნობა
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიაყურადოთ სხვის ემოციებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს უნარების განვითარებას იმის გასარკვევად, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები საკუთარ თავს — შეგიძლიათ გაარჩიოთ ის, ვინც თავს კომფორტულად გრძნობს იმისგან, ვინც ღელავს? — მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რა რეაქცია ექნება სხვა ადამიანს ამა თუ იმ მოვლენაზე.
5. სოციალიზაცია
ეს კომპონენტი ეხება თქვენს უნარს, მართოთ ურთიერთობები და გზა გაიკვლიოთ სოციალურ სიტუაციებში. ეს სხვების კონტროლს არ ნიშნავს, არამედ — იმის გაგებას, თუ როგორ უნდა მიაღწიო ადამიანებთან ურთიერთობის სასურველ ფორმას. ეს შეიძლება ნიშნავდეს თქვენი იდეების თანამშრომლებისთვის გაზიარებას, გუნდის მართვას ან ურთიერთობაში კონფლიქტის მოგვარებას.
ყველა სოციალური სიტუაცია განსხვავებულია და არ არსებობს უნივერსალური "სწორი გზა" მათთან გასამკლავებლად. თუმცა, თუ ზემოთჩამოთვლილი უნარების გათვალისწინებით შევხედავთ სოციალურ სიტუაციებს, მათი უმეტესობა უფრო მართვადი ხდება. ამაში დასარწმუნებლად გადავხედოთ ზოგიერთ სცენარს, რომელშიც ზრდასრულები ხშირად ხვდებიან.
არ შეუშინდეთ კონფლიქტისთვის თვალის გასწორებას
დაუპირისპირდე ადამიანს, რომელთანაც პრობლემა გაქვს, საშიში შეიძლება იყოს. თუ თქვენ კონფლიქტის თავიდან აცილება გახასიათებთ, დაძაბული სიტუაციისგან თავის არიდებას მშვიდი გარემოს შენარჩუნებით ან მეორე ადამიანის გრძნობების დაზოგვით შეიძლება ხსნიდეთ. თუმცა ამგვარ ტაქტიკას, შესაძლოა, საკუთარი გრძნობების იგნორირების შედეგად მივმართავდეთ. მართლაც, თუ თავს დავარწმუნებთ, რომ არაფერი გვაწუხებს, მაშინ არც იმის მიზეზი გვექნება, რომ ვინმეს დავუპირისპირდეთ.
კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორ რაიან ჰოუვსი გვიხსნის, რომ ჩვენი შიშები გვაიძულებს, თავი შევიკავოთ სხვებისთვის პასუხის მოთხოვნისგან. ესაა შიში იმის, რომ რაიმეს დავკარგავთ; რომ ვაწყენინებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს; ან რომ ეს მტკივნეული იქნება და ამ დროს შედეგსაც კი ვერ გამოიღებს. ვინმესთან დაპირისპირების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის, რომ აღიაროთ საკუთარი შიში და გააცნობიეროთ, რეალურად რამ გააღვივა კონფლიქტი. თუ იმან გაგაღიზიანათ, რომ თქვენს პარტნიორს თქვენი დაბადების დღე დაავიწყდა, იმის უგულებელყოფა, თუ როგორ გრძნობთ თავს, კონფლიქტს ვერ მოაგვარებს.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გრეგ უოლკერი გვირჩევს, რომ როდესაც მზად ვიქნებით, წამოვიწყოთ საუბარი საკითხის განსახილველად. ამ დროს მსგავსი ფრაზების თქმა შეგვიძლია: "ჩემი დაბადების დღისთვის რომ არაფერი გავაკეთეთ, თავი ცუდად ვიგრძენი". თავიდანვე ბრალდებების წაყენების ნაცვლად, ყოველთვის სჯობს, აღვწეროთ ქცევა და მისადმი ჩვენი რეაქცია. ჯანსაღი დაპირისპირება მოითხოვს, სიღრმისეულად გვესმოდეს საკუთარი ემოციების — ასე რომ, თვითშემეცნების უნარის ქონა ასეთ სიტუაციებში ნამდვილად წაგვადგება.
ილაპარაკეთ და ჯგუფს თქვენი ხმა გააგონეთ
მნიშვნელობა არ აქვს, საქმიან შეხვედრაზე ხართ თუ წვეულებაზე — ნებისმიერ დროს, როდესაც ბევრ ადამიანთან ერთად იმყოფებით, შეიძლება რთული იყოს (შეუძლებელი თუ არა), რომ ამ პირობებში სიტყვის თქმა მოახერხოთ. რჩევები, რომლებიც მსგავს სიტუაციასთან გამკლავებისთვის არსებობს, ხშირად საუბრის მანერის გამოწვრთნას ეხება (პაუზა გააკეთეთ წინადადების შუაში და არა — ბოლოში; დაასრულეთ წინადადება მაშინაც კი, როცა ვინმე სიტყვას გაწყვეტინებთ...). თუმცა ეს რეკომენდაციები არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი რეაქციები, როდესაც საუბარს არ გვაცდიან.
ძალიან კარგი იქნებოდა, ყველა თავაზიანი რომ იყოს და წინადადების დასრულებას გაცდიდეს ან შიგადაშიგ თავადვე წყვეტდეს საუბარს, რათა ნათქვამზე სხვების აზრიც გაიგოს. მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. თუ ვინმე სიტყვას შეგაწყვეტინებთ და თქვენ გაღიზიანდებით, ამას შეუძლია მოკლას თქვენი მოტივაცია, კიდევ ერთხელ ამოიღოთ ხმა. ან, შეიძლება, თქვენ აშკარად გაღიზიანდეთ და მოითხოვოთ, რომ მოგისმინონ, რაც სხვებისთვის ნაკლებად სასიამოვნოა და იმის შანსებსაც ამცირებს, რომ თქვენი სათქმელის გაგება მათ კიდევ მოუნდებათ.
ამის ნაცვლად, კრის მაკლეოდი, მრჩეველი და სოციალური უნარების სახელმძღვანელოს ავტორი, გვთავაზობს, მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჯგუფური საუბრები "ხმაურისა და ქაოსის მორევია" და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნაკადის მიმართულებით ცურვაა. არ დახარჯოთ მთელი თქვენი დრო იმის ცდაში, რომ თქვათ ის ერთი რაღაც, რისი თქმაც ასე ძალიან გინდოდათ. ნაცვლად ამისა, ყური უგდეთ საუბარს და მოძებნეთ ისეთი რაიმეს თქმის შესაძლებლობა, რასაც სიტყვა მოიტანს. ასეთ დროს ხმამაღლა და თავდაჯერებულად ისაუბრეთ. უფრო პრაქტიკული უნარები, როგორიცაა თქვენი სათქმელის მოკლედ გადმოცემა ან დაჩივლებისთვის ისტორიის ფორმის მიცემა, გამოცდილებასთან ერთად გაუმჯობესდება, მაგრამ მათი საფუძველი საკუთარი იმედგაცრუებისა და აღშფოთების რეგულირებაა.
შეიძინეთ და შეინარჩუნეთ ახალი მეგობრები ზრდასრულ ასაკში
ბავშვობაში მეგობრების გაჩენა შედარებით ადვილია. სკოლაში ჩვენი ასაკის ადამიანებით ვართ გარშემორტყმულნი და მათთან ერთად პირადი ძალისხმევის გარეშეც ვატარებთ ბევრ დროს. გარდა იმისა, რომ ამ თანატოლებს ყოველდღიურად ვხვდებით, ზოგიერთ მათგანთან გარკვეულ ინტერესებსაც ვიზიარებთ. აი, ზრდასრულობისას კი ახალი მეგობრების გაჩენა შეიძლება უფრო რთული იყოს. ყველა დაკავებულია, ყველა დაღლილია და დროც ცოტა გვაქვს — ან ასე გვეჩვენება. სინამდვილეში, ის, რაც შეიძლება გვაკლდეს, არა — დრო, არამედ მოტივაციაა.
როგორც Vox-ის სტატიაში ვკითხულობთ, ახალი მეგობრობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოჩენაა. თქვენ ორივე ამბობთ, "სადმე გავიდეთ", მაგრამ რატომღაც არასდროს აკეთებთ ამას. რატომ? რა თქმა უნდა, თქვენს ცხოვრებაში მუდამ რაღაცები ხდება, მაგრამ თქვენ მაინც ახერხებთ, ერთ დაჯდომაზე უყუროთ სერიალის მთლიან სეზონს. არა, არაფერია ცუდი, თუ საკუთარ თავს ცოტა დროს დაუთმობთ, მაგრამ ასევე კარგია, ცოტა დრო ახალი ადამიანების თქვენს ცხოვრებაში შემოშვებისთვისაც გამონახოთ.
ახალი მეგობრის გაჩენა შინაგანი მოტივაციის საფუძველზეა შესაძლებელი. თავდაპირველად, საკუთარ თავთან უნდა გადაწყვიტოთ, რომ მეგობრების გაჩენას აპირებთ და შემდეგ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც ამის განხორციელებას შეძლებთ. რაიმეს შემსწავლელ კურსებზე დაიწყეთ სიარული, გაწევრიანდით კლუბში ან, უბრალოდ, დაელაპარაკეთ ადამიანებს, რომლებსაც იცნობთ, მაგრამ მათთან ჯერ არ მეგობრობთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ ეს პროცესი. თუ იპოვით ვინმეს, ვისთან მეგობრობაც გინდათ — და თუ არის ნიშნები, რომ მასაც უნდა თქვენთან მეგობრობა — განათავსეთ მასთან კონტაქტი თქვენი გეგმების სათავეში. გაკვირვებული დარჩებით, რა ადვილია ვინმესთან დამეგობრება, როდესაც ამას გამიზნულად აკეთებ.
წამოიწყეთ საუბარი უცხოსთან
უცხო ადამიანთან პირველად საუბარი — იქნება ეს წვეულებაზე, სამსახურის ღონისძიებაზე ან უბრალოდ ქუჩაში — რთული შეიძლება იყოს. ასეთ დროს ხომ თქვენ მათ შესახებ არაფერი თუ არა, ძალიან ცოტა რამ იცით. მაგრამ ამ გარემოების თქვენ სასარგებლოდ გამოყენებაც შეგიძლიათ. ჩვენ გვიყვარს საკუთარ თავზე საუბარი; იმდენად, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები ზოგჯერ მზად არიან ფულიც კი გადაიხადონ, ოღონდ საკუთარ თავზე ისაუბრონ.
როდესაც სადმე მარტო ხართ, შეიძლება თავი უხერხულად ან არაკომფორტულად იგრძნოთ, მაგრამ თანაგრძნობის უნარის გამოწვრთნას ერთი მარტივი ჭეშმარიტების გაცხადება შეუძლია: სხვა ყველაც ასეა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტზე ნაკლებს სჯეროდა, რომ უცნობ ადამიანს მათთან საუბარი მოუნდებოდა. რეალობაში კი ყველა მცდელობა წარმატებული იყო. უმეტეს ჩვენგანს სურს საუბარი, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის არ გვინდა.
მაგრამ ნაკლებად თუ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უცნობებთან საუბრის დაწყება ნებისმიერ დროს ენდომებათ. ამის შემოწმების მარტივი გზაა, ყურადღება მიაქციოთ, რას აკეთებენ ისინი ამ დროს. ყურსასმენები უკეთიათ? სადმე ეჩქარებათ? სამსახურში არიან და მხოლოდ იმიტომ გესაუბრებიან, რომ მოვალეობა შეასრულონ? თუ ასეა, შეიძლება სჯობდეს, საუბრის წამოწყება სხვა დროს სცადოთ. თუ დაკავებულები არ არიან, დაიწყეთ გამარჯობის თქმით ან თუნდაც მსუბუქი კომპლიმენტით. ამის მერე საუბარი დაკვირვება-კითხვის დასმის მეთოდით შეგიძლიათ გააგრძელოთ: უბრალოდ, გაუზიარეთ მას რაიმე სახის დაკვირვება ან შეხედულება, დასვით შესაფერისი კითხვა და საუბარიც ბუნებრივად წარიმართება.
ჩამოთვლილი სოციალური სიტუაციები, რა თქმა უნდა, სრულად არ ამოწურავს ყველა იმ სცენარს, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად გვიწევს. მაგრამ პრინციპები, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა სახის ურთიერთობისას შეიძლება, თითქმის უნივერსალურია. გააცნობიერეთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა და მართეთ თქვენი საჭიროებები და გრძნობები კონსტრუქციული გზით. გამოიჩინეთ ინიციატივა, რათა მიიღოთ სასურველი სოციალური შედეგები. გამოხატეთ თანაგრძნობა მათდამი, ვინც იმავე ემოციებს უმკლავდებიან, რასაც თქვენ. პრაქტიკასთან ერთად, სოციალური ინტერაქციის სხვა რთული ნიუანსები ბუნებრივად განვითარდება.
კომენტარები