როგორ მოკვდა რასპუტინი სინამდვილეში
რომ დაფიქრდეთ, რამდენი ადამიანი გახსენდებათ, რომლის სიკვდილზეც სიმღერა დაუწერიათ? ალბათ, მხოლოდ რასპუტინი, რომლის მკვლელობაზე შექმნილ Boney M.-ის სიმღერაზე ხალხი დღემდე ცეკვავს და ერთობა. იმ ლეგენდებისგან განსხვავებით, რაც მისი მკვლელობის გარშემო დღემდე არსებობს, აუტოფსიამ სრულიად განსხვავებული შედეგი აჩვენა.
სანამ მთავარ ამბავზე გადავალთ, გაგახსენებთ, რომ გრიგორი რასპუტინი ციმბირელი ბერი იყო, რომელიც 1869 წელს დაიბადა. 28 წლის ასაკში იგი დაქორწინდა და შვილებიც შეეძინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რელიგიისადმი გაუჩნდა ინტერესი, სოფელი წმინდა ადგილების მოსანახულებლად დატოვა. თავისი ქარიზმის წყალობით მან სწრაფად მიიზიდა მიმდევრები, შემდეგ გავლენიანი მიმდევრებიც, ბოლოს კი იმპერატორსა და მის მეუღლესაც დაუმეგობრდა.
რასპუტინის მიმართ სამეფო ოჯახის კეთილგანწყობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბერმა მათი ჰემოფილიით დაავადებული ვაჟი "განკურნა", რომლის ჯანმრთელობაც უბრალოდ იმ დროისთვის გაუმჯობესდა. ამ ამბავს ზოგი ისევ მისტიკურ ძალებს მიაწერს, თუმცა სინამდვილეში რასპუტინის დაჟინებით ბიჭს ასპირინის მიღება შეაწყვეტინეს. იმ დროისთვის ჯერ ცნობილი არ იყო, რომ ასპირინი სისხლს ათხელებს — სავარაუდოდ, ბიჭის ავადმყოფობას აღნიშნული წამლის მიღებაც უწყობდა ხელს.
რატომ უნდა მოენდომებინა ვინმეს ასეთი კაცის სიკვდილი? ერთი შეხედვით, წმინდა ადგილების მონახულებით და ავადმყოფი ბავშვების განკურნებით ბევრი ხალხი არ უნდა გადაემტერებინა.
რასპუტინი მხოლოდ "ზებუნებრივი ძალების მფლობელი მკურნალი" და მომლოცველი არ ყოფილა. ცნობილია, რომ იგი, იმ ადამიანთა დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც თავს "წმინდა კაცებს" უწოდებენ, თავის რეპუტაციას ხშირად ქალებისთვის თავის მოსაწონებლად იყენებდა. რასპუტინს ურთიერთობა ჰქონდა როგორც მაღალი საზოგადოების ქალებთან, ასევე მეძავებთანაც. გარდა ამისა, მისი გავლენა რუსეთის იმპერიის მმართველებზე იმ ხალხს აშფოთებდათ, რომლებიც თვითონვე ცდილობდნენ სადავეების ხელში ჩაგდებას. გავრცელდა ჭორები, რომ მას რომანი ჰქონდა დედოფალ ალექსადნრასთან და რომ სანქტ პეტერბურგში სწორედ მან გაავრცელა ქოლერას ეპიდემია საომარი მოქმედებების შესასუსტებლად (ორივე მათგანი უსაფუძვლო ჭორებს წარმოადგენს).
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდგვაროვნებს სამეფო ოჯახზე რასპუტინის გავლენა აშფოთებდათ და გადაწყვიტეს, ძველმოდური, თუმცა გამოცდილი მეთოდებით მოეშორებინათ იგი თავიან. მათ გრიგორის მოსაკლავად იგი შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილის — არისტოკრატ ფელიქს იუსუფოვის სახლში დაპატიჟეს.
გავრცელებული ამბის მიხედვით, რომელიც ალბათ თქვენც გსმენიათ, რასპუტინი მიპატიჟებას დათანხმდა და იუსუფოვს ესტუმრა. მას მოწამლული ნამცხვარი და ასევე ციანიდით გაზავებული ღვინო შესთავაზეს. ბერმა ნამცხვარი მიირთვა, ჭიქა ღვინოც დააყოლა და როცა მაინც არ მოკვდა, იუსუფოვმა მას პირდაპირ გულში ესროლა. ამ ამბის მიხედვით, რასპუტინი არც ტყვიამ მოკლა — იგი ეზოსკენ გაიქცა, სადაც მას თავდამსხმელი გაეკიდა.
"მოწამლული და გულში ტყვია დახლილი ეშმაკი ბოროტი ძალების საშუალებით მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო", — ნათქვამია ყველაზე ცნობილ მოხსენებაში. "მის დემონურ ურჩობაში სიკვდილის მიმართ იყო რაღაც შემზარავი და შემაძრწუნებელი".
საბოლოოდ, ამავე მოხსენების მიხედვით, თავში რამდენიმე ტყვიის დახლის შემდეგ იგი ყინულივით ცივ მდინარე ნევაში ჩავარდა და დაიხრჩო. თუმცა, სხვა მოხსენებების მიხედვით, იგი წყლიდან ამოთრევის შემდეგ ისევ ცოცხალი იყო, ზოგი კი იმასაც ირწმუნებოდა, რომ ყინულში ბრჭყალების ნაკაწრებიც იყო, იმიტომ რომ, რატომაც არა?!
გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ამ ამბის ყველაზე გავრცელებული და მიღებული ვერსია გახდა, შემდეგი ორი ფაქტორის მიუხედავად:
- ამ მოხსენების მიხედვით, რასპუტინს გაცოცხლებაში ბოროტი ძალები ეხმარებოდნენ;
- მოხსენება რასპუტინის მკვლელის მიერაა დაწერილი.
მოხსენების დაწერის ინტერესი ამ მკვლელობის, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის ომის წარმოჩენა იყო და იმის დაფარვა, რაც სინამდვილეში მოხდა.
აუტოფსიამ აჩვენა, რომ რასპუტინი წყლიდან (სიკვდილიდან) ორი დღის შემდეგ ამოათრიეს, ყინულზე კი არანაირი ბრჭყალების კვალი არ ყოფილა. გარდა ამისა, მისი ფილტვები წყლით არ იყო სავსე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი არ დამხრჩვალა, არამედ სიკვდილის შემდეგ გადააგდეს მდინარეში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი მოწამვლის ნიშანი საერთოდ არ არსებობს. რასპუტინის ქალიშვილი ამტკიცებდა, რომ ბერი ტკბილეულს საერთოდ არ ჭამდა.
აუტოფსიის შედეგად რასპუტინის სხეულზე სამი ნატყვიარი აღმოაჩინეს — ერთი თავში, ერთი ზურგში და ერთიც მკერდში — სავარაუდოდ, იგი მკერდში მოხვედრილმა ტყვიამ მაშინვე მოკლა. ეს ვერსია ბევრად დამაჯერებელია, თუმცა შედარებით მოსაწყენიც და მისი სიმღერად ქცევა ალბათ უფრო რთული საქმე იქნებოდა.
კომენტარები