აგრარული ბიზნესი დედამიწის მოსახლეობის არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს სექტორს ქმნის. აგროინდუსტრია გლობალურ ეკონომიკაში საკუთარ, დამსახურებულ ადგილს იკავებს და მსოფლიოს მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის, ვინც ამ სექტორში ფულს აბანდებს, ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობს.

მსგავსად გლობალური ეკონომიკის სხვა სექტორებისა, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ეს ინდუსტრიაც შეაფერხა, თუმცა სოფლის მეურნეობის სექტორმა კორონაკრიზისის მარწუხებისგან მალევე დაიძვრინა თავი ამდენად, თუ ამ სექტორის გაცვლით სავაჭრო ფონდების რიცხვებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ახლა ეს ინდუსტრია საუკეთესო ფორმაშია.

დღეისთვის აგრობიზნესმა საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო. ის არაერთ ინდუსტრიას უკავშირდება და მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ სექტორის წარმომადგენელი ფირმები, რომლებიც გიგანტ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ, სტაბილური შემოსავლებით გამოირჩევიან და საკუთარ აქციონერებს მსუყე დივიდენდებს სთავაზობენ.

აგრობიზნესის ექვსი შესაძლებლობა, რომელიც ინვესტორთა ყურადღებას იმსახურებს

აგრობიზნესი უამრავი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, ყველაზე მეტ ყურადღებას ინოვაციური იდეები იმსახურებენ. სტატიის მომდევნო ნაწილში ამ სექტორის იმ შემადგენელ კომპონენტებზე გიყვებით, რომლებითაც ინვესტორები ინტერესდებიან.

1. სასუქები

ფოტო: depositphotos.com

აგროსექტორის ამ ნაწილს, როგორც წესი, აზოტს, კალიუმს და ფოსფატს მიაკუთვნებენ. ამ ნივთიერებებს ხორბლის, სიმინდის, სოიასა და სხვა კულტურების მოსაყვანად იყენებენ. ბოლო პერიოდში სასუქების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა სასუქებს საკვები კულტურების გაშენების პროცესში ჯერ კიდევ შეუცვლელად იყენებენ. ეს განსაკუთრებით იმ ადგილებს ეხება, სადაც ნიადაგის ცუდი ხარისხია. მაგალითად, ჩინეთსა და ბრაზილიაში.

ნუტრიენი სასუქების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. ეს ფირმა კალიუმსაც აწარმოებს და აზოტსაც. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული ბუმი ამ კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს — ნუტრიენმა 2021 წლის პირველ კვარტალში $109 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

Scotts Miracle-Gro ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს გაზონის მოვლისთვის საჭირო საშუალებებს სთავაზობს. პანდემიამ ამ კომპანიის გაყიდვებზე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან ადამიანებს მეტი დრო გაუჩნდათ და საკუთარი ეზოების მოსავლელად მოიცალეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავლები 47%-ით გაიზარდა.

2. პესტიციდები

ფოტო: www.sgs-latam.com

პესტიციდები კიდევ ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, რომელიც ამ სექტორში გამოიყენება. ბოლო წლების განმავლობაში პესტიციდების მწარმოებელ კომპანიებსაც შეექმნათ სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა არსებული სიტუაცია პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საფუძველს იძლევა.

2018 წელს კომპანია Bayer-მა შეიძინა Monsanto, რათა ამ სფეროში ბაზრის ლიდერი გამხდარიყო. გარდა ამისა, სექტორში სხვა კომპანიებიც გადალაგდნენ, იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები გაეუმჯობესებინათ.

პესტიციდების მწარმოებელ კომპანიებს მკაცრი კონტროლისა და რეგულაციების ქვეშ უწევთ მუშაობა. ეს ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ინვესტორმა, რომელიც ამ სფეროში აპირებს ფულის დაბანდებას. 2021 წლის თებერვალში Bayer-მა საკუთარი ბრენდის, Roundup-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ $2 მილიარდი გამოყო — ადამიანთა ნაწილი ამ ბრენდს კიბოს გამოწვევაში ადანაშაულებდა. მსგავსი გამოწვევების წინაშე ამ სექტორში მომუშავე სხვა კომპანიებიც ხვდებიან ხოლმე.

3. ციფრული აგრონომია

ფოტო:
Tomas Hertogh / Unsplash

მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური სექტორი არნახულად განვითარდა, ციფრულმა სამყარომ აგრონომიაშიც შეაღწია. ეს, როგორც წესი, კვლევებს ეხება და სექტორის პროდუქტიულობის გაზრდისკენ არის მიმართული.

ციფრულ აგრონომიაში ერთგვარი სერვისი იგულისხმება. ფერმერი იხდის თანხას, რის სანაცვლოდაც ის იღებს მომსახურებას. ამ მომსახურებაში შესაძლებელია, შედიოდეს იმის გასაზღვრა, თუ რა ოდენობის თესლი უნდა შეიტანოს ფერმერმა მიწის გარკვეულ ფართობზე. ასევე, როდის და როგორ უნდა გამოიყენოს სასუქები და სხვა.

4. მცენარეული ხორცი

ფოტო: freshplaza

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო იცვლება და ვითარდება, ბაზარზე მცენარეულ ხორცზე მოთხოვნაც გაჩნდა. ეს პროდუქტი მცენარეებისგან იქმნება, თუმცა ის გამოიყურება როგორც ხორცი და გემოვნური თვისებებიც მსგავსი აქვს. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელმა არაერთმა ფირმამ საკუთარი საქმიანობის ამ მიმართულებით განვითარება დაიწყო.

კომპანიები, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ეწევიან, ფოკუსირდებიან იმ მიმართულებაზე, რომ მათ მიერ წარმოებულმა მცენარეულმა საკვებმა ხორცის ჩანაცვლება შეძლოს. მაგალითად, Precision BioSciences ნეიტრალური გემოს მქონე წიწიბურას შექმნაზე მუშაობს, რომელიც მცენარეულ პროტეინებზე იქნება დაფუძნებული. ასევე, Beyond Meat საკუთარ ნაწარმში ბარდის პროტეინს ეყრდნობა.

5. მიწის დამუშავების ბიოლოგიური საშუალებები

ფოტო:
Bence Balla-Schottner / Unsplash

სოფლის მეურნეობაში, როგორც წესი, ქიმიურ პესტიციდებს იყენებენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სფეროში ბუნებრივ ტექნოლოგიებზე დამზადებულ საშუალებებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინვესტორები ისეთი კომპანიებითაც დაინტერესდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოყენებად ბუნებრივ საშუალებებს აწარმოებენ. აქ ისეთი პროდუქტები იგულისხმება, რომლებიც ქიმიური საშუალებების ჩამნაცვლებლები არიან და რომლებსაც სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის ზრდისათვის იყენებენ.

6. აგრობაზრების მომავალი

ფოტო: Quang Nguyen Vinh / Pexels

ეს ინდუსტრია არ ჩერდება და რადგან მოთხოვნა მუდმივად არსებობს, მასში შემავალი სექტორებიც მიწოდების უზრუნველყოფაზე მუდმივად მუშაობენ. აქ სიახლეებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. შესაძლებელია, სიახლეებში მეტად უსაფრთხო პროდუქტის შექმნა იგულისხმებოდეს, ან ისეთი ტექნიკების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც მოსავლიანობა გაიზრდება.

ერთ-ერთი ასეთი ტექნიკაა ვერტიკალური მეურნეობა, რომელიც სხვადასხვა კულტურის გაზრდის ერთგვარი მეთოდია. ეს ტექნიკა ითვალისწინებს იმას, რომ მცენარეები განთავსებულნი არიან ვერტიკალურად თაროებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, რაც სივრცის დაზოგვის უწყობს ხელს და მოსავლიანობას რამდენადმე ზრდის.

და ბოლო, შეუძლებელია ამ ინდუსტრიის პერსპექტივებზე ვისაუბროთ, თუ არ განვიხილავთ სოფლის მეურნეობისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს — წყალს. წყალი შეზღუდულ რესურსების რიგს მიეკუთვნება. ამასთან, მისი მოხმარება მზარდია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი წყლის გამოყენებას. სოფლის მეურნეობის სექტორი იმ კომპანიებსაც მოიცავს, რომლებიც წყლის ხარისხის კონტროლსა და მომხმარებლებამდე მათ მიტანას უზრუნველყოფენ. პოტენციურ ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, ამ მიმართულებითაც დაინტერესდნენ.

სურსათის უვნებლობა — გამოწვევა, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას

ფოტო: Megan Thomas / Unsplash

ბოლო 70 წლის განმავლობაში კაცობრიობის დიდმა ნაწილმა შიმშილის წინააღმდეგ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა. ამის მიუხედავად, სურსათის უვნებლობის საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია. იმის გამო, რომ მსოფლიოში საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები გაჩნდნენ, საკვებსა და სასმელზე მოთხოვნა გაიზარდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა მზარდია.

ადამიანების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ერთგვარ გამოწვევასაც კი წარმოადგენს. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ამ სექტორში ფულის ჩადებამდე ინვესტორებმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის გაანალიზებას მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.