ბაქტერია რამდენიმეწლიანი "შიმშილის" შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს — კვლევა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაქტერიებს უამრავ რთულ სიტუაციაში შეუძლიათ არსებობა. ახლა კი, ახალი კვლევის თანახმად, მათ საკვების გარეშე გაძლებაც არ ეპრობლემებათ. კვლევა ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეი ლენონმა ჩაატარა და დაინახა, რომ დახურულ სისტემებში მყოფი სხვადასხვა ბაქტერიების 100-მდე პოპულაციას 1 000 დღის განმავლობაში ყველანაირი საკვების გარეშე არსებობა შეუძლიათ.
"თუ როგორ იტანენ ბაქტერიები შიმშილს და ყველანაირი ენერგიის წყაროს მიღმა არსებობას შეიძლება საინტერესოა იყოს მედიცინის კუთხით. საუბარია, ადამიანებში და სხვა მასპინძლებში ქრონიკულ ინფექციებზე და იმაზე თუ როგორ იტანს ზოგიერთი პათოგენი წამლებს, როგორიცაა ანტიბიოტიკები", — თქვა ლენონმა, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა.
ბაქტერიული ინფექციები რთულად სამკურნალო ნაწილობრივ იმიტომაც არის, რომ ბაქტერიებს ხშირად შეუძლიათ მიაღწიონ წყნარ ან მიძინებულ მდგომარეობას (ენერგიით შეზღუდული მდგომარეობა), რაც მათ ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის წამლების მიმართ. ამ მდგომარეობაში მათ შეუძლიათ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები იყვნენ.
კვლევაში ლენონმა და მისმა გუნდმა, მათ შორის ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორანტმა უილიამ შუმეიკერმა, აღმოაჩინეს, რომ ენერგიით შეზღუდულ ბაქტერიებს შეუძლიათ ამ მდგომარეობაში 100 000 წლამდე გაძლონ.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ცხადია ამ პროგნოზის ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, თუმცა ეს რიცხვები შეესაბამება სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიების ასაკს, რომლებიც ამოღებულია და გაცოცხლებულია უძველესი მასალებიდან, როგორიცაა ქარვა, ყინული და ნალექები ყველაზე ღრმა ოკეანეების ფსკერზე.
ლენონი და შუმეიკერი თვლიან, რომ ბაქტერიებს აქვთ ენერგიის დაზოგვის მრავალი მექანიზმი, როგორიცაა მიძინება.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბაქტერიები შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო იყვნენ, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, ყინულის გალღობის პარალელურად, შესაძლოა, უამრავმა ისეთმა ბაქტერიამ "გაიღვიძოს", რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები