ახალი აღმოჩენის თანახმად, მელანთევზას მეხსიერება ასაკთან ერთად არ უარესდება
როგორც აღმოჩნდა, მელანთევზას შეუძლია შეინარჩუნოს მახსოვრობა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ეპიზოდური მეხსიერება — წარსული გამოცდილების გახსენება — ასაკთან ერთად არ უარესდება. ეს მათ ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრების ფონზე უნიკალური ტვინის მფლობელს ხდის, რადგან როგორც წესი სხვა ცოცხალ არსებებში ეპიზოდური მეხსიერება ასაკთან ერთად მცირდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორი ჰიპოკამპუსია, რომელიც ჩვენგან განსხვავებით მათ არ გააჩნიათ.
"მელანთევზას შეუძლია დაიმახსოვროს რას ჭამს, სად და როდის აკეთებს ამას და ამ ყველაფერს მომავალში იყენებს კიდევაც. გასაკვირი ის არის, რომ ისინი არ კარგავენ ამ უნარს ასაკთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დაბერების სხვა ნიშნები ჩვეულებრივ აღენიშნებათ", — თქვა მკვლევარმა, დოქტორ ალექსანდრა შნელმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტიდან.
ეს ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the Royal Society B, პირველი ოფიციალური დასტურია, რის მიხედვითაც ცხოველის მეხსიერება წარსულის მოვლენებზე ასაკთან ერთად არ უარესდება. კვლევის ფარგლებში მელანთევზების ნახევარი ახალგაზრდა იყო, ხოლო მეორე ნახევარი ასაკიანი — 90 წლის ადამიანის ექვივალენტი.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მელანთევზები, ასაკის მიუხედავად, თანაბრად იმახსოვრებენ საკვებზე ინფორმაციას და ეს ინფორმაცია არ ავიწყდებათ.
"ასაკოვანი მელანთევზები ისეთივე კარგ შედეგებს აჩვენებდნენ, როგორც ახალგაზრდები. ზოგ შემთხვევაში უფროსი მელანთევზების მახსოვრობა უფრო კარგად ფუნქციონირებდა, ვიდრე ახალგაზრდების. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნარი მელანთევზებს დაწყვილებაშიც ეხმარება. ისინი იმახსოვრებენ ვისთან შეჯვარდნენ, ასე რომ იმავე პარტნიორს აღარ უბრუნდებიან და ახალს ეძებენ. ეს მათ გამრავლებაში ეხმარებათ“, — ამბობენ მკვლევრები.
ეს მიგნება საინტერესოა მეხსიერების შესწავლის მხრივ და მომავალში მეცნიერებს ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს, მათ შორის იმაში, თუ როგორ "შევინარჩუნოთ" მეხსიერება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები