ის, რაც კომუნიკაციების სექტორში ინვესტირებაზე უნდა იცოდეთ
ჩვენი ყოველდღიურობა კომუნიკაციების გარეშე წარმოუდგენელია. მოთხოვნა დიდია, რის საპასუხოდაც არ აყოვნებს მიწოდება — შესაბამისად, კომუნიკაციების სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და მნიშვნელოვან ინდუსტრიას ქმნის გლობალურ ეკონომიკაში.
კომუნიკაციების მომსახურების სექტორი ორი სახის კომპანიას აერთიანებს: ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები, რომლებიც კომპიუტერების, სხვა მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით ეხმარებიან ბიზნესებსა და ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი. სამაუწყებლო კომპანიები, ინტერენეტ პროვაიდერები, ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი და სხვა მსგავსი ფირმები სწორედ კომუნიკაციების სექტორს მიეკუთვნებიან.
კომუნიკაციების სექტორში მომუშავე კომპანიები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდნენ და გლობალურ ეკონომიკაში საკმაოდ დიდი ადგილიც დაიკავეს. როგორც ტენდენცია აჩვენებს, ეს ფირმები სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდებიან და ზრდას გააგრძელებენ.
საუკეთესო აქციები კომუნიკაციების სექტორიდან
კომუნიკაციების სექტორი სხვადასხვა ტიპის კომპანიას მოიცავს, მათგან რამდენიმეს შესახებ სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით:
Verizon
ამ სატელეფონო ქსელების კომპანიას იმაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვას აშშ-ში. ის კომუნიკაციების სექტორში იმიტომაც ჩამოყალიბდა ლიდერად, რომ როგორც ფიზიკურ, ასევე ბიზნეს-სუბიექტებს 5G ტექნოლოგიის გამოყენებას სთავაზობს.
ვერიზონი ძირითადად მობილური სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული, თუმცა ის მედია ბიზნესშიც არის წარმოდგენილი. კომპანიაში 5G სერვისზე დიდ იმედებს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ ამ ტექნოლოგიას მათი შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდა შეუძლია.
AT&T
ეს კომპანია მობილური ქსელების მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მასვე ეკუთვნის კომპანია DIRECTV, რომელიც ფასიანი საკაბელო არხების ყველაზე მსხვილი პროვაიდერია შტატების ბაზარზე. AT&T-ს ეკუთვნის WarnerMedia-ს განყოფილებაც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ბიზნესია გასართობ სფეროში.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად, როდესაც ბევრ ადამიანს შემოსავლები შეუმცირდა, DIRECTV-ის გამომწერთა რიცხვმა იკლო. აღსანიშნავია, რომ AT&T მსგავს პრობლემებთან გამკლავებას რესტრუქტურიზაციის საშუალებით გეგმავს.
Netflix
ნეტფლიქსი ონლაინ ვიდეო გაქირავების ლიდერი კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად ვითარდება. კომპანია სწრაფად აფართოებს საკუთარ ბიზნესს მთელს მსოფლიოში და მუდმივად კონტენტის გამრავალფეროვნებით არის დაკავებული.
ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც პანდემიამ მსგავსი ბიზნესები ახეირა. როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ჩაჯდა, ონლაინ ვიდეო გაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ნეტფლიქსზე მოთხოვნა იმიტომაც იზრდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადამიანები გაურბიან ტელევიზიას და გასართობს ინტერნეტ სივრცეში ეძებენ.
როგორ გავაკეთოთ კომუნიკაციების სექტორის ანალიზი
იმის გათვალისწინებით, რომ ეს სექტორი ბევრი ტიპის კომპანიას მოიცავს, ანალიზის დროს უმჯობესია, ისეთი ფირმები შევადაროთ ერთმანეთს, რომლებიც ამ სექტორის მსგავს ინდუსტრიებში ოპერირებენ და განვითარების შედარებით თანაბარ საფეხურზე არიან.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ კომუნიკაციების სექტორში ჩართული კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობას — მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენ ადამიანს სურს ამ ფირმასთან თანამშრომლობა. ამასთან, ბუნებრივია, რომ კომპანიის საქმიანობის ანალიზისას დაგვჭირდება მისი შემოსავლების გათვალისწინება. ასევე, უნდა განვიხილოთ შესაძლო, სარისკო სცენარიც — რამდენად შეიძლება შეიცვალოს კომპანიის შემოსავლები იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, უხდის თუ არა კომპანია დივიდენდებს საკუთარ აქციონერებს და რამდენად რეგულარულად აკეთებს ამას. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ტელეკომუნიკაციების სექტორში უფრო მეტად იხდიან დივიდენდებს, ვიდრე ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში. გადახდილი დივიდენდების ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ რა მოცულობის თანხებს გასცემს კომპანია და ამასთან, რამდენად პერმანენტულად ზრდის მის მოცულობას წლების მიხედვით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს კომპანიის ფიქსირებულ და ცვალებად ხარჯებს — ყველა ტიპის ხარჯი გაწეული უნდა იყოს იმისთვის, რომ მან კომპანიის ზრდას შეუწყოს ხელი.
ღირს თუ არა ამ სექტორში ფულის ჩადება
კომუნიკაციების სექტორი მნიშვნელოვნად უკავშირდება სხვა ინდუსტრიებს, რისი საშუალებითაც იქმნება უწყვეტი ჯაჭვი — გლობალური ეკონომიკა. ამ სექტორს კიდევ უფრო მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ. წლების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ჭკვიან მოწყობილობას მივიღებთ, რაც მათზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და ამ სექტორში მყოფ კომპანიებს მეტად მიმზიდველებს გახდის. შესაძლებელია ითქვას, რომ ინვესტორები, რომლებიც კომუნიკაციების სექტორში არსებული კომპანიების აქციებს ყიდულობენ, სამომავლოდ მაღალ მოგებას მიიღებენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები