კორონავირუსის 0 მსხვერპლი ორჯერ აცრილთაგან — NCDC-ის ანგარიშის შეჯამება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ის 2021 წლის 15 მარტიდან — 15 ივლისის პერიოდს მოიცავს.
2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 სხვდასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით დღემდე ვირუსით 194 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან აქტიურად მუშაობდნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები ადამიანებს დაინფიცირების შემთხვევაში მაღალი ეფექტურობით იცავენ ვირუსის მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობისგან. 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გლობალური ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო უკვე დღეს აცრები დაწყებულია ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,4 მილიარდზე მეტი დოზა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში
საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო და ეს იყო კოვაქს პლატფორმიდან მოწოდებული ასტრაზენეკას ვაქცინა. მეორე ეტაპზე კოვაქს პლატფორმიდან ქვეყანას ფაიზერის ვაქცინა მიეწოდა, რომლითაც აცრები 30 მარტს დაიწყო. უკვე 4 მაისს საქართველოში სინოფარმის ვაქცინით აცრები დაიწყო, ხოლო 24 მაისიდან სინოვაკის ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი.
როგორც NCDC-ში ამბობენ, გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე ქვეყანაში უნდა აიცრას მოზარდი მოსახლეობის მინიმუმ 60%.
NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394. ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა შეადგენს სამიზნე პოპულაციის 12.2%-ს.
მეტი სიცხადისთვის შეგიძლიათ იხილოთ ინფოგრაფიკები:
რეგიონები
NCDC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისათვის, ადმინისტირებული დოზების რაოდენობით თბილისი — 202 904, აჭარა — 34 848 და იმერეთი — 27 262 ლიდერობენ.
რეგიონების მიხედვით პირველი აცრისათვის ადმინისტრირებული და სრულად აცრისათვის მოხმარებული დოზების რაოდენობა წარმოდგენილია ცხრილებში:
ასაკობრივი ჯგუფები
NCDC-ის მონაცემებით, ასაკობრივ ჭრილში აცრით მოსახლეობის მოცვის სიხშირის მხრივ ლიდერობს 70-74 ასაკობრივი ჯგუფი, მას მოჰყვება 65-69 და 75 წლის და ზემოთ მყოფი ადამიანები.
ქვეყანაში საერთო ჯამში აცრილთაგან 67% ქალია და 33% მამაკაცი.
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი გვერდითი მოვლენები
NCDC იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ გვერდით მოვლენებზეც აქვეყნებს (იშგამ) სტატისტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი ფუნქციის არეში, თავის ტკივილი, ცხელება თუ სხვა დროებითი რეაქციაა და ვაქცინაზე ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ პასუხზე მიუთითებს. საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 15 ივლისამდე, ადმინისტრირებული დოზების საერთო რაოდენობაში (334 133) მსგავსი გვერდითი მოვლენები აღირიცხა 0.2%-ში.
NCDC-ის მონაცემებით სულ ასეთი 670 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 101 (ჯამურად ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 0,03 %), აქედან 90 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზირებული: 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა ამბულატორიული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ნორმალურია, მოყვანილია შემდეგ ცხრილში:
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ინფიცირების მაჩვენებელი
NCDC-ის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში, SARS-CoV-2 ვირუსით დაინფიცირების რისკისა და გამოსავლის სიმძიმის შესაფასებლად ჩატარდა COVID-19 ვაქცინით ვაქცინირებული ინფიცირებული შემთხვევების აღწერილობითი ანალიზი. კვლევის პერიოდისათვის მინიმუმ ერთი დოზით აცრილი იყო 161 799 მოქალაქე, მათ შორის სრულად 106 084.
"იმუნიზაციის და ტესტირების ლაბორატორიული მოდულების მონაცემთა შეჯერებისას, აღნიშნულ პერიოდში იდენტიფიცირებული იქნა 1 207 ადამიანი. მათ შორის ერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილია 407, რაც იმავე პერიოდში საერთო ვაქცინირებულთა რაოდენობის 0,75%-ს შეადგენს. შესადარებლად დროის იმავე პერიოდში ინფიცირებულთა ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით ≥18 წლის პოპულაციაში 2.8%-ია", — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 407 შემთხვევიდან, რომელთაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ მიღებული, 49%-ის შემთხვევაში დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა მეორე დოზის ადმინისტრირებიდან 2 კვირაზე ნაკლები დროის ინტერვალში. (ეს ინტერვალი სჭირდება ორგანიზმს ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად). შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა ხვედრითი წილი 0.19%-ია.
ვაქცინირებულების დიდ ნაწილში, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.
ვაქცინების ეფექტიანობა
დასასრულს, NCDC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალიზის შედეგები ასახავს ვაქცინაციის ეფექტურობას როგორც SARS-CoV-2-ის ვირუსით დაინფიცირების რისკის შემცირების, ასევე ვირუსის გართულებების გარეშე გადატანის მხრივ.
მინიმუმ ერთი დოზით აცრილ ინფიცირებულთა შორის კორონავირუსით დაავადების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.99%-ის ტოლია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში, COVID-19-ით დაავადებულთა შორის დაფიქსირებულ ლეტალობის მაჩვენებელზე (2.16%). უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება ადამიანებში ორი დოზის მიღებიდან 2 კვირის ინტერვალში ხდება. ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობაში ერთი დოზით აცრილთა ხვედრითი წილი 0.22%-ია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2 დოზით აცრილთა შორის კორონავირუსის გადატანის შედეგად სიკვდილის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები