"მამაჩემი, მკვლელი" — რას ჰყვებიან გენოციდში დამნაშავეთა შვილები
"მამა, მართლა ასობით ადამიანი მოკალი?" — ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ბევრი როდი ეკითხება თავის მშობლებს, თუმცა არგენტინაში შვილების თაობის ერთი ნაწილი მას უბრალოდ ვერსად გაექცეოდა.
როცა ანალია კალინეკის ბუენოს-აირესში მდებარე სახლში სუსხიანი აგვისტოს ერთ შუადღეს ტელეფონი აწკრიალდა, სულაც არ ელოდა, რომ ეს ზარი მის ოჯახს დაანგრევდა.
"დედაჩემი იყო. მითხრა: "მისმინე, არ შეგეშინდეს, მაგრამ მამა ციხეშია. არ ინერვიულო, ეს მხოლოდ პოლიტიკაა". ამ სატელეფონო ზარამდე არასდროს დამიკავშირებია მამაჩემის სამსახური დიქტატურასთან ან რამე მსგავსთან..."
ანალიას მამა, ედუარდო ემილიო კალინეკი, ყოფილი პოლიციელია, რომელიც არგენტინის მმართველი სასტიკი სამხედრო ხუნტის ქვეშ მსახურობდა 1976-1983 წლებში.
მას ქვეყნის უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევებში ადანაშაულებდნენ, მათ შორის რეჟიმის საიდუმლო დაკავების ბანაკებში გატაცების, წამებისა და მკვლელობის 180 ფაქტის გამო.
შვიდწლიანი მმართველობის განმავლობაში სამხედრო მთავრობა მიზანში იღებდა პოლიტიკურ დისიდენტებს — კომუნისტებს, სოციალისტებს, პროფკავშირის ლიდერებს, სტუდენტებს და ხელოვანებს. დაახლოებით 30 ათასი ადამიანი "გაქრა" მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უშიშროების ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორიც კალინეკი იყო, გაიტაცეს და უკანონოდ დააპატიმრეს ისინი.
თუმცა ანალიას წარმოდგენაც არ ჰქონდა მამის გასაიდუმლოებული საქმიანობების შესახებ 2005 წლამდე, როცა 25 წლის იყო და ტელეფონზე დედის ზარს უპასუხა.
კალინეკი დააკავეს და მეუღლის თავდაპირველი ოპტიმიზმის მიუხედავად, არც არასდროს გაუთავისუფლებიათ. 2010 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
"მკითხა: "ურჩხული გგონივარ?" რას ელოდა, რომ ვეტყოდი? ჩემი საყვარელი მამიკო იყო, ძალიან ახლობელი ჩემთვის... გაოგნებული ვიყავი", — ამბობს ანალია.
პაულამაც (რომელმაც ითხოვა, არ გაემხილათ მისი სრული სახელი) გამოცადა მამის საიდუმლოს გამჟღავნება.
როცა 14 წლის იყო, მამამ ძმასთან ერთად კაფეში წაიყვანა და შვილებს უთხრა, რომ ფარული პოლიციელი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მემარცხენე ჯგუფებში ჩანერგილი ჯაშუში იყო, რომელიც რეჟიმს ხალხის იდენტიფიცირებაში ეხმარებოდა, რათა ისინი შემდეგ დაეჭირათ.
"როცა ერთხელაც გავიაზრე, რომ რაც დიქტატურის შესახებ ვიცოდი, მამაჩემის ჩადენილი იყო, ან ის, რომ მათთვის მუშაობდა, მას შემდეგ ძალიან მრცხვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თითქოს ამ ყველაფრის თანამონაწილე მეც ვიყო", — ამბობს პაულა.
"ახლა ყველაფერი ვიცი და არაფრის გაკეთება შემიძლია. ეს იმ საიდუმლოს შენახვას ჰგავს, რომლის შენახვაც არ გსურს".
ამ ქალებს წლები დასჭირდათ, რომ თავიანთი ოჯახების ისტორიისთვის თვალი გაესწორებინათ და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაუჩნდათ სურვილი, ამ თემაზე ხმამაღლა ესაუბრათ.
ისინი იმ ჯგუფის ნაწილები არიან, რომლის წევრებიც თავიანთ თავს "გენოციდის მონაწილეების შვილებსა და ნათესავებს" უწოდებენ. მათ საჯაროდ უარყვეს თავიანთი მამები, რის გამოც ოჯახებიდან ხშირად იდევნებიან.
ფსიქოლოგი და სკოლის მასწავლებელი ანალია კალინეკი 1980 წელს დაიბადა, როცა არგენტინაში ხუნტასა და მემარცხენეებს შორის ბრძოლა იყო გაჩაღებული. მისი მოგონებებიც პოლიციელ მამაზე ამ პერიოდის შემდეგ იწყება — ახსოვს, როგორ ამზადებდა მამამისი ბარბექიუს, როგორ დაჰყავდა შვილები სპორტულ კლუბში და სათევზაო ლაშქრობებში.
ის და მისი სამივე და ახალგაზრდები დაქორწინდნენ და პოლიტიკა სულ არ აინტერესებდათ.
იხსენებს, რომ დედის იმ საბედისწერო ზარიდან მეორე დღეს მამის მოსანახულებლად წავიდნენ ციხეში.
"როცა დაველაპარაკეთ, მან უბრალოდ გვითხრა: "არ დაიჯეროთ, რასაც ჩემზე იტყვიან, ყველაფერი ტყუილია", — იგონებს ანალია.
მან ოჯახს განუცხადა, რომ მოსანანიებელი არაფერი ჰქონდა, უბრალოდ "ომში" იბრძოდა და ახლა "მემარცხენეების" რევანშისტული დევნის მსხვერპლი იყო.
"ერთი სიტყვაც კი არ გამიგია", — ამბობს ანალია.
ანალიასთვის დიქტატურა უკვე წარსული იყო და მამის დაპატიმრებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში სრულ უარყოფაში ცხოვრობდა.
"მხარი დავუჭირე ქალაქ პლაზა დე მაიოში მცხოვრებ დედებსა და ბებიებს, რომლებმაც მათი გაუჩინარებული საყვარელი ადამიანებისთვის კამპანია წამოიწყეს. თუმცა მჯეროდა, რომ ამ ყველაფერთან მამაჩემს არაფერი ჰქონდა საერთო. თავს ვარწმუნებდი, რომ ეს რაღაც გაუგებრობა უნდა ყოფილიყო... გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სასამართლო პროცესი დაიწყო და გავიაზრე, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მამაჩემი გვეუბნებოდა", — ამბობს ის.
როცა საქმის მასალების გაცნობა დაიწყო, მამის წარსულთან პირისპირ აღმოჩნდა. 800 გვერდზე უფრო ვრცელ მოხსენებებში გადარჩენილები იმ საშინელ ტერორზე ჰყვებოდნენ, რომელშიც ანალიას მამა მათ ამყოფებდა.
"წავიკითხე საკონცენტრაციო ბანაკების აღწერილობა, სადაც სამხედროებს გატაცებულები მიჰყავდათ. ეს ყველაფერი რუკას ჰგავდა, რომელზეც მამაჩემის ადგილი უნდა მეპოვა, რაც აუტანელი იყო", — ამბობს ის.
მსხვერპლებმა კალინეკის ნამდვილი სახელი არ იცოდნენ. როგორც ბევრი სხვა, ისიც საიდუმლო საპყრობილეში ფსევდონიმს იყენებდა — "დოქტორი ქეი".
"ვიცოდი, რომ ასე ეძახდნენ, რადგან ამის შესახებ ერთხელ ბებიაჩემს უთხრა და როდესაც ვკითხე, საიდან შეიქმნა ეს მეტსახელი, მითხრა, რომ ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული იყო და ადვოკატივით გამოიყურებოდა, აქ კი იურისტებს დოქტორებად მოვიხსენიებთ. თუმცა ისიც შეიძლება, რომ ის იმ წამების პალატის "დოქტორი" იყო, რომელსაც 'საოპერაციო თეატრს' უწოდებდნენ".
საბოლოოდ, ანალია მამას ციხის საკანში დაუპირისპირდა.
"როცა ეს მოხდა, ჩემ წინ განრისხებული კაცი იდგა, რომელიც გაუმართლებლის გამართლებას ცდილობდა. ამით ჩემი ყველაზე უარესი ეჭვებიც დამიდასტურდა, რომ მან პირადად მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. ეს იყო... (შესაფერისი სიტყვების პოვნას ცდილობს) წარმოუდგენელი. სრულიად გამაოგნებელი".
დამნაშავესთან დაკავშირებული სიყვარულით სავსე ურთიერთობა და ბავშვობის ბედნიერი მოგონებები ყველაფერს ართულებს, ამბობს ანალია
"თავიდან განცალკევება დამჭირდა: ვამბობდი, 'კარგი, ერთ მხარეს მამაჩემია, მეორე მხარეს კი — მწამებელი'. ეს მჭირდებოდა, თორემ ტვინი ამიფეთქდებოდა. თუმცა შემდეგ გავიაზრე, რომ, სინამდვილეში, ეს ორი ერთი და იგივე ადამიანია. ყოველთვის იგივე ადამიანი იყო".
სასამართლო პროცესებზე ათობით მოწმემ დაადასტურა ედუარდო კალინეკის თანამონაწილეობა წამებასა და დაკითხვებში, რომლებიც სამ სხვადასხვა საიდუმლო დაკავების დაწესებულებაში ხორციელდებოდა.
ისინი მას ახასიათებდნენ, როგორც ტანდაბალ და კუნთმაგარ ახალგაზრდა კაცს (მაშინ ოცდაათი წლისაც არ იყო) ომახიანი ხმით, სქელი კისრითა და ულვაშით.
გადარჩენილების ჩვენებების თანახმად, ის ძალიან "საშიში" და "სასტიკი ხასიათის პატრონი" იყო. თუმცა უმეტესობამ ამის თქმაც ვერ შეძლო — ტყვეების დიდი ნაწილი თავის დროზე "გაუჩინარდა" და დღეს დახოცილებად ითვლებიან.
16 წლის ანა მარია კარიგა სამი თვის ორსული იყო, როცა გაიტაცეს. ის იხსენებს, რომ ტყვეების ბანაკში "დოქტორმა ქეიმ" წიხლი დაარტყა, როცა საპირფარეშოში დაინახა. ერთხელ კი იმის გამო გაბრაზდა, რომ გამტაცებლებს ორსულობა არ გაუმხილა და დაუყვირა — "გინდა, ფეხები გაგაშლევინო და ბავშვი მოგაშორო?!"
მიგელ დ’აგოსტინომაც ამოიცნო კალინეკი, როგორც ერთ-ერთი იმ სამი ადამიანიდან, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში აწამებდნენ მას ე.წ. "საოპერაციო თეატრში" საიდუმლო საპყრობილეში ყოფნისას, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა.
დელია ბარერა 22 წლის იყო, როცა რეიდის დროს სახლიდან წაიყვანეს — კაცების ჯგუფმა იარაღის მუქარით გაიტაცა ელ ატლეტიკოში, საიდუმლო საპყრობილეში, სადაც იმ დროს კალინეკი მსახურობდა.
"გარშემო მხოლოდ ხმებს აღვიქვამ, რადგან თვალახვეული ვარ. მაშიშვლებენ და რკინის საწოლზე მაბამენ. ელექტროშოკის გამოყენებას იწყებენ. პოლიციის განყოფილებაში ბომბის დამონტაჟებაში მადანაშაულებენ, რაც არ გამიკეთებია და მაიძულებენ, თანამზრახველები დავასახელო. ასე გრძელდება და გრძელდება..." — იხსენებს ის.
ერთხელაც, პატიმრობის 92-ე დღეს, ის კალინეკს შეხვდა, როცა თვალები ძალიან მჭიდროდ აღარ ჰქონდა ახვეული. ჩათვალა, რომ "დოქტორი ქეი" ექიმი იყო და შესჩივლა, რომ ნეკნები ჰქონდა მოტეხილი.
"შემეძლო, ქვემოდან მის სახეს დავკვირვებოდი. ამ სახეს ვერასდროს დავივიწყებდი. როცა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მკითხა, შემეძლო თუ არა რომელიმე ბრალდებულის ამოცნობა, ვუთხარი: "ის არის დოქტორი ქეი".
ერთწლიანი სასამართლო პროცესი, რომლის შედეგადაც კალინეკს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2010 წლის დეკემბერში, ისტორიული პროცესის ნაწილია, რომელიც დღემდე, დიქტატურის დასრულებიდან თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ მიმდინარეობს არგენტინაში.
ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის გასამართლებულ ათასზე მეტ ყოფილ სამხედროს და პოლიციელს უმძიმესი სასჯელი მიუსაჯეს, ხოლო 370 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს არგენტინის სასამართლო.
თუმცა ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ რეპრესიებში, არ დასჯილა. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს მათ პასუხისგებაში მისაცემად, როგორც პაულას მამის შემთხვევაში მოხდა ეს.
"ვიცი, რაც გააკეთა. ვიცი, რომ ამაში მონაწილეობდა, რადგან თავად მითხრა და ამის გამო სიამაყით სავსე იყო, თავს გმირად გრძნობდა", — ამბობს ის.
აქამდე მას სჯეროდა, რომ მამამისი იურისტი იყო, ის არასდროს უნახავს პოლიციის უნიფორმაში.
"მაშინ 20 წელს გადაცილებული იყო და ფოტოებში, რომლებიც სახლში მქონდა, პოლიციელს საერთოდ არ ჰგავდა: გრძელი თმა ჰქონდა, მოდური დიდსაყელოიანი მაისურები ეცვა... 70-იანი წლების ჩვეულებრივ ახალგაზრდა ბიჭს ჰგავდა".
დროთა განმავლობაში პაულამ დეტალები დააკავშირა და მიხვდა, რომ მამამისი ხალხს არჩევდა, რათა შემდგომში გაეტაცათ და საიდუმლო საპყრობილეებში წაეყვანათ.
ანალიას მსგავსად, პაულაც დაუპირისპირდა მამას.
"ვუთხარი: 'ხალხს არ უნდა აწამებდე. არ მაინტერესებს, დააშავეს თუ არა რამე. არ აწამო ხალხი!' და ასეთი საუბარი ბევრჯერ მქონდა მასთან".
ასეთ დროს მამამისი ეუბნებოდა, რომ ხელისუფლება "ტერორისტებს" ეწინააღმდეგებოდა და რომ "კომუნისტები მოდიოდნენ". პაულა ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ადამიანის სისხლში ჰქონდა მამამისს ხელები გასვრილი, თუმცა სინანული არასდროს გამოუხატავს.
"ტერორის მანქანის აუცილებელი ჭანჭიკი იყო. თქვა, რომ დანაშაულები უნდა ჩადენილიყო და ამას დანაშაულსაც არ უწოდებდა, მისთვის ეს უბრალოდ 'გასაკეთებელი საქმე' იყო".
ამ ყველაფრის გაგებიდან ათი წლის შემდეგ პაულას დედა გარდაიცვალა და მან, საბოლოოდ, ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მამასთან.
2019 წლის ბოლოს გაიგო, რომ ინსულტის შედეგად მამამისი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას აინტერესებდა, აპირებდა თუ არა შვილი მის მონახულებას.
არ მივიდა. და როცა გარდაიცვალა, დაკრძალვაზეც არ მისულა.
"მიმაჩნდა, რომ დაკრძალვაზე მისვლა იმ ადამიანების უპატივცემულობა იქნებოდა, ვისაც ის მართლა უყვარდა. ამასთანავე ჩემს რაღაც ნაწილს უკვე გამოგლოვილი ჰქონდა უმამობა. ასე რომ, ეს ნამდვილად არ მჭირდებოდა".
რამდენიმე წლის წინ ანალიამ და პაულამ ერთმანეთი იპოვეს და სხვა პოლიციელებისა და სამხედროების შვილებსაც მიაკვლიეს, რომლებიც ასევე გმობდნენ მამების დანაშაულებს.
ეს შემთხვევით არ მომხდარა. მათ შეხვედრას პრეზიდენტ მაურისიო მაკრის მემარჯვენე მთავრობის დროს, 2017 წელს სასამართლოს განჩინებამ შეუწყო ხელი, რომლითაც ასობით დამნაშავე, მათ შორის ედუარდო კალინეკიც, ნაადრევად უნდა გაეთავისუფლებინათ სასჯელისგან.
ნახევარი მილიონი მომიტინგე ქუჩაში გამოვიდა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა — ასეც მოხდა.
"ის ფაქტი, რომ მამაჩემი საპატიმროშია, არგენტინის საზოგადოების ღირსებაზე მიუთითებს. ვიგრძენი, რომ სიჩუმე უნდა დამერღვია. მინდოდა მეთქვა: 'მოდით, ყველაფერი გავარკვიოთ, უკან დასახევი გზა არ არსებობს'. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მამები დანაშაულისთვის პასუხს აგებენ", — ამბობს ანალია.
ანალიამ თავისი მოსაზრებები Facebook-ზე მანიფესტად გამოაქვეყნა, რომელიც პოლიტიკური დამნაშავეების სხვა შვილებმაც წაიკითხეს.
"ყველაფერი ამით დაიწყო... ერთმანეთს დავუკავშირდით და შევხვდით. შევთანხმდით, რომ 'ამასთან მარტო გამკლავება ძალიან რთულია'. გადავწყვიტეთ, დემონსტრაციაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა. თავიდან ოთხი ქალი ვიყავით, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსენი".
საკუთარ თავს "დაუმორჩილებლებს" უწოდებენ, რადგან ოჯახში წესად ქცეული დუმილი დაარღვიეს.
მათმა უმეტესობამ მამებთან კონტაქტი დიდი ხნის წინ შეწყვიტა და ბევრს, ანალიას მსგავსად, და-ძმებიც ჰყავს, რომლებიც მათ აღარ ელაპარაკებიან.
"ისეთი ბედნიერი ვიყავი, ჩემნაირ ადამიანებს რომ ვპოულობდი. ვიცოდი, რომ მარტო არ ვიქნებოდი! მათ ისე გამიგეს, როგორც სხვა ვერავინ შეძლებდა", — ამბობს პაულა.
ის იმასაც აღნიშნავს, რომ მამამისზე თერაპევტის გარდა ვერავის ელაპარაკებოდა და 23 წლის შემდეგ დუმილის დარღვევა უდიდესი შვება იყო მისთვის.
ახლა მათი ჯგუფი უკვე 80 წევრისგან, ძირითადად ქალებისგან, შედგება და ყოველკვირეულ შეხვედრებს მართავენ: ერთად სადილობენ, განიხილავენ პოლიტიკას და საზოგადოებრივ საქმიანობას გეგმავენ.
მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მამებს დანაშაული აღიარებინონ და სასამართლოს სხვა დამნაშავეების დასჯაში დაეხმარონ.
"ახლაც ველოდები, რომ ალაპარაკდეს. ვიცი, რომ მსხვერპლების შესახებ ინფორმაცია აქვს. განსხვავებით სხვა ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ძალიან მოხუცები არიან, მამაჩემი ჯერ კიდევ გამჭრიახია და კარგი მეხსიერება აქვს. იმის ცოდნა, რომ მან დუმილი არჩია და ეს მსხვერპლებს ტკივილს აყენებს, ძალიან მწყინს", — ამბობს ანალია.
რადგან მათი მამები ლაპარაკს არ აპირებენ, "დაუმორჩილებლებს" სურთ, არგენტინის სისხლის სამართლის კოდექსი შეცვალონ, რომელიც მათ უფლებას მისცემს, მშობლების წინააღმდეგ ჩვენება მისცენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო. ხშირად თავსატეხების მაგვარი საქმეების გასარკვევად ბავშვები კარგი დამხმარეები არიან, რადგან ახსოვთ ოჯახის ამბები: მაგალითად, ანალიამ იცოდა, რომ მამამისს სამსახურში "დოქტორ ქეის" ეძახდნენ. სხვა დამნაშავის შვილმა ყური მოკრა, როგორ საუბრობდა მამა ვერტმფრენებიდან ოკეანეში ცოცხალი ხალხის გადაყრის შესახებ, თუმცა ჩვენება მანაც ვერ მისცა.
"პატრიარქალურ საზოგადოებაში მამის წინააღმდეგ საუბარი მკაცრად იგმობა. შენი მამა შენი სისხლი და ხორცია. მაგრამ თუ მამაშენი მოძალადე და მწამებელია? მაშინაც არაფრის თქმა შეგიძლია?", — კითხულობს ანალია.
"ხალხი ამას კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ აყენებს. იქნებ დროა, ეს ჩვენ გავაკეთოთ".
2018 წელს "დაუმორჩილებლები" ქუჩაში გამოვიდნენ ეროვნული ხსოვნის დღეს, 24 მარტს, სამხედრო გადატრიალების წლისთავზე. მათ ფერად ბანერზე ეწერა: "ჩვენ გენოციდში დამნაშავეთა ნათესავები ვართ".
ანალია ამბობს, რომ ხალხს გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდა. რამდენიმემ ცრემლებიც ვერ შეიკავა. ბევრის ტაშიც დაიმსახურეს.
"პირველად მოხდა, რომ დამნაშავეების ნათესავები ასეთ საზოგადოებრივ პოზიციას აფიქსირებდნენ", — ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, ყველა არ არის მზად ასეთი აქტივიზმისთვის. ამ ჯგუფის არსებობა არასასიამოვნოა ზოგიერთი მსხვერპლის ახლობლებისა და გადარჩენილებისთვის.
"ამ 'დაუმორჩილებელ' შვილებს ბევრჯერ ჰქონდათ ხმის ამოღების საშუალება და რატომ არ გააკეთეს ეს აქამდე?" — იკითხა ერთ-ერთმა ცოცხლად გადარჩენილმა დელია ბარერამ 2019 წელს BBC-თან ინტერვიუს დროს.
ისიც აღნიშნა, რომ მათ არ ენდობოდა, განსაკუთრებით ამ გაერთიანების იმ წევრებს, რომლებმაც თქვეს, რომ ჩადენილის მიუხედავად, მამა მაინც უყვართ.
"მითხარი, რომ მამაშენი აღარ გიყვარს და ეს უკვე სხვა საქმე იქნება", — ამბობს ის.
ნასამართლევი კრიმინალების შვილებისთვის ეს ხშირად უფრო კომპლექსური საკითხია.
"ამას საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხები და დანარჩენებთან ერთადაც განვიხილავ. როგორ წაშლი სიყვარულს? როგორ გააქრობ კარგ მოგონებებს? როგორ შეგიძლია გადაწყვიტო, გიყვარდეს თუ არა? მე უარს ვამბობ მამაზე, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა, თუმცა ჩემს ერთ ნაწილს მისი შენარჩუნება სურს. ასე რომ, ამ წინააღმდეგობებით ვცხოვრობ", — ამბობს ანალია.
ზოგი უფრო შორსაც წავიდა და საკუთარ თავს "ყოფილ შვილს" უწოდებს და ოფიციალურადაც ითხოვს გვარის შეცვლას.
"ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩემთვის არაფრის შემცვლელი. არ ვაპირებ, მამაჩემს გვარის წართმევის უფლება მივცე. ეს ჩემი გვარიცაა, ჩემი ოჯახი და ჩემი ისტორიაა", — ამბობს ანალია და მას პაულაც ეთანხმება.
"შენ ბევრი რამ წაართვი ადამიანებს და ჩემი სახელის წართმევის უფლებასაც არ მოგცემ. შენ ის შებღალე და წაბილწე. მე კი ამ ყველაფრის ჩამორეცხვას ვაპირებ", — უთხრა მან მამამისს, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მამის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფს ჩამოშორდა, თუმცა ამბობს, რომ მისი "ეთიკური პოზიცია დიქტატურასთან და მასში მამის როლთან დაკავშირებით უცვლელი რჩება".
"ისევ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვილაპარაკო და შესაძლოა, ხალხი არგენტინის გარეთაც, მთელ მსოფლიოში გამოვაფხიზლო, განურჩევლად იმისა, თუ რა ურთიერთობა აქვთ დამნაშავეებთან. ასე რომ, ეს ბრძოლა არასდროს დასრულდება".
კომენტარები