ამ სტატიის სათაური მკითხველის ყურადღების მისაქცევად გაზვიადებული შეფასება არ არის. ამერიკელი მწერლისა და ზოოლოგის, დელია ოუენსის, სადებიუტო რომანი, რომელიც მან 70 წელს მიტანებულმა გამოსცა, ნამდვილად იქცა ბოლო წლების ლიტერატურულ სენსაციად.

რას ვგულისხმობ?

  • 16 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი მსოფლიოში
  • 180 კვირა The New York Times-ის ბესტსელერების სიაში
  • მკითხველებისა და კრიტიკოსების აღფრთოვანებული გამოხმაურება
  • გუდრიდსის რეიტინგი: 4,45/5
  • წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, ოსკაროსანი რიზ უიზერსპუნის პროდიუსერობითა და ტეილორ სვიფტის დაწერილი ორიგინალური სიმღერით

ალბათ დაახლოებითი წარმოდგენა უკვე შეგექმნათ, როგორ ლიტერატურულ ფენომენზე ვსაუბრობთ. 2018 წელს გამოქვეყნებული იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან, ბესტსელერების ყველაზე ავტორიტეტული სიის სათავეში წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, გამოცემიდან 4 წლის შემდეგ კი საუკეთესო ხუთეულს ისევ არ შორდება.

და მაინც — რატომ გახდა წიგნი ასეთი პოპულარული? მოდით, ავტორის გაცნობით დავიწყოთ.

"წადი იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან"

წიგნის ავტორი, დელია ოუენსი

ფოტო: CBS

წიგნი რომ პოეტური პროზაა, ამის მიხვედრა სათაურიდანაც შეიძლება. სად, როგორ და რატომ მღერიან კიბორჩხალები? ამის გასარკვევად რომანის ავტორმა თავისი პროფესიული არჩევანიც კი გააკეთა.

1949 წელს დაბადებული დელია ოუენსი აშშ-ის სამხრეთით, ჯორჯიის შტატში, იზრდებოდა. უხვი მწვანე საფარით გარშემორტყმულ სახლში მცხოვრებ პატარა დელიას დედა ყოველთვის მოუწოდებდა, რომ ტყეში რაც შეიძლება ღრმად შესულიყო.

"წიგნიდან გავიგე, რომ თურმე კიბორჩხალები სულაც არ მღერიან", — იხსენებს მწერალი, — "თუმცა, დედა მეუბნებოდა, რომ თუ ველურ გარემოში სრულიად მარტო წახვალ და ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ შენ და ბუნება დარჩებით, კიბორჩხალების სიმღერას გაიგებ".

ეს ფრაზა მწერალმა კარგად გაითავისა და კიბორჩხალების სიმღერის მოსმენას მოწადინებულმა ზოოლოგის შესწავლა გადაწყვიტა. მოგვიანებით, დოქტორის ხარისხიც მიიღო ეთოლოგიაში და ველური ბუნების შესასწავლად ქმართან ერთად შორეული აფრიკის კონტინენტზე, კალაჰარის უდაბნოში, გადასახლდა.

აფრიკაში ცხოვრებისა და მუშაობის შთაბეჭდილებებს დელია და მარკ ოუენსებმა რამდენიმე წიგნსა და სტატიაში მოუყარეს თავი. ცხადია, ყველა მათგანი სამეცნიერო ტექსტი იყო — ოუენსს კი მხატვრული არაფერი დაეწერა, სანამ ქმარს და საქმეს დაშორდებოდა და აღმოაჩენდა, რას ნიშნავს მარტოობა.

მარტოობა — სწორედ ესაა ერთ-ერთი საკვანძო თემა, რომელიც დელიას სადებიუტო რომანის ინსპირაციად იქცა. წიგნის მთავარი გმირი კაია კლარკია, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მარშში მარტოდმარტო იზრდება. მრავალგვარი მხატვრული საშუალებისა და პოეტური ენის გამოყენებით კი მწერალმა მოჰყვა, რას ნიშნავს ბუნებასთან ურთიერთობა, იზოლაციაში ცხოვრება და სტიგმა მარტოსული ან საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების მიმართ.

აფრიკაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის გატარებისა და ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ, ოუენსმა შენიშნა, რომ ველური არსებების უმეტესობა მდედრების ძლიერი გუნდების ნაწილი იყო.

"მომინდა, დამეწერა რომანი იმაზე, თუ როგორ ახდენს მარტოობა გავლენას ადამიანებზე, განსაკუთრებით კი, ქალებზე", — ამბობს ავტორი, — "ამასთან, მსურდა, ჩემი დაკვირვებით აღმოჩენილი ინსტინქტური ქცევები ისტორიის ნაწილად მექცია".

იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან ის წიგნია, რომელშიც სრულიად ჩავიკარგე, როცა წლების წინ წავიკითხე. მინდოდა, ამ დამატყვევებელი ამბის შესაფერისი დაუვიწყარი და ჰაეროვანი რაღაც შემექმნა.

ტეილორ სვიფტი, წიგნის ეკრანიზაციისთვის დაწერილი ორიგინალური სიმღერის ავტორი

ასეთი ამბის შეთხზვის დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, დელიას წიგნზე მუშაობის პროცესი გაეწელა. ამის მიზეზი დიდწილად რომანის სტრუქტურაა. იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან დროის ორ ხაზს მიუყვება და კონკრეტულ მომენტში ერთიანდება. ამ უჩვეულო ტექნიკის გამოყენებით, მწერალმა შეძლო, რომანი მულტიჟანრობრივ წიგნად ექცია — თუკი დროის ერთი ხაზის ლეიტმოტივი ეგრეთ წოდებული Coming of age ამბავია, ანუ მთავარი გმირის გაზრდისა და ჩამოყალიბების ისტორია, მეორე ხაზი ბურუსით მოცულ სანაპიროებს მიუყვება და დეტექტიური ელფერი დაჰკრავს.

დეტექტივი რომ ადვილი დასაწერი არაა, ეს ისედაც ცნობილი ამბავია — აქ დასასრულს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ოუენსმა რომანის წერა ბოლოდან დაიწყო, შემდეგ კი სწორედ ამ დასასრულს მოარგო მთელი დანარჩენი ამბავი.

მე კი გპირდებით, რომ წიგნის კითხვის პროცესში ვერაფრით მიხვდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და მით უმეტეს, როგორი დასასრული ექნება კაიას ამბავს. მახსოვს, გვიან ღამით რომ კითხვას მოვრჩი, გონებაში წიგნის სხვადასხვა ფრაგმენტი მიტივტივდებოდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა.

პოეზია და ბუნების სიყვარული

ფოტო: Hello Sunshine / Columbia Pictures

ოუენსს ეტყობა, რომ კარგად იცის, რაზეც წერს — მისთვის ნაცნობია მარტოობის შეგრძნებაც და ბუნებასთან სიახლოვეც. თუმცა, ტექსტზე მაინც ნელა და რუდუნებით მუშაობდა თითქმის ათი წლის განმავლობაში: როგორც თავად ხსნის წერის პროცესს, სიტყვას სიტყვაზე, წინადადებას კი მომდევნო სტრიქონზე აწებებდა. ავტორის თქმით, ძილის დროსაც კი გვერდით კალამი და ფურცელი უდევს, რადგან იდეები, მათ შორის, მხატვრული ხერხების გამოყენების, მოულოდნელ ვითარებაში სტუმრობს.

ამ წიგნმა განმაცვიფრა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნუ მოკლავ ჯაფარას ან სამხრეთული ლიტერატურის სხვა კლასიკურ ნიმუშს ვკითხულობდი.

რიზ უიზერსპუნი, წიგნის ეკრანიზაციის პროდიუსერი

სიტყვებთან ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა ტექსტს თვალნათლად ემჩნევა. მოკლედ რომ ვთქვათ, რომანი პოეტური პროზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ალაგ-ალაგ ჩართული ნამდვილი პოეზიითაც. თუმცა, ამ ყველაფრის დატვირთვა მხოლოდ იმის ჩვენება როდი იყო, რომ ოუენსს სიტყვაუხვი წერის სტილი იზიდავს — ეს წიგნი სხვანაირად ვერც დაიწერებოდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ხომ სწორედ ისაა, რომ პოეტური ტექსტი ამბის ატმოსფეროს ზედმიწევნით გაგრძნობინებს. და მნიშვნელობა არ აქვს, სად ან როდის კითხულობ წიგნს, სახეზე ოკეანის მონაბერ მარილიან ჰაერს გრძნობ, ყურში კი რატომღაც ხან თოლიების და ხანაც ჭრიჭინობელების ხმა ჩაგესმის.

აქვე უნდა აღინიშნოს წიგნის ქართული თარგმანი — იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან სოფო ქარჩხაძემ გადმოაქართულა და შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, წუთით არ გიჩნდება ეჭვი, რომ, რეალურად, ორიგინალურ ტექსტს კი არა, თარგმანს კითხულობ.

მწერალს კი, სულ რომ არ იცოდე მისი პროფესია, მაინც მიხვდები, ბუნებასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. წიგნი მესამე პირშია დაწერილი და ადგილ-ადგილ ჩანართებში ოუენსი ბევრ საინტერესო რამეს გვიზიარებს — როგორც სამეცნიერო ფაქტებს და თავის დაკვირვებებს, ასევე მის დამოკიდებულებებს გარესამყაროსადმი.

კაიამ იცოდა, რომ ბუნებაში განკითხვის ადგილი არ არის. ბუნებაში ბოროტება არ არსებობს, მხოლოდ სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, თუნდაც სხვა სიცოცხლის ხარჯზე. ბიოლოგია სწორსა და არასწორს სხვადასხვა შუქში დანახული ერთი და იმავე ფერივით აღიქვამს.

დელია ოუენსი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან (სოფო ქარჩხაძის თარგმანი)

ამდენად, რომანი მათთვისაც საინტერესო საკითხავია, ვისაც მხატვრულ ტექსტებზე მეტად ცოცხალი სამყარო და დოკუმენტური პროზა აინტერესებს. ზემოხსენებულ ჩანართებში უამრავ აქამდე უცნობ ფაქტს ამოიკითხავთ ცხოველებზე, ფრინველებზე, მწერებზე და მათ უცნაურ ჩვეულებებზე.

სიყვარული და განშორება

ფოტო: Hello Sunshine / Columbia Pictures

წიგნის მთავარ თემებს ეს ორი საკითხიც წარმოადგენს. ვერ იტყვი, რომ იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან სასიყვარულო რომანია. კი, აქ არის სიყვარულიც — თანაც, არა მხოლოდ რომანტიკული. თუმცა, ოუენსი ამ თემას აღმაფრენით კი არ ხატავს, ისე უყურებს, როგორც ცოცხალი სამყაროს დიდი, ბუნებრივი პროცესის ნაწილს, ამიტომ შეულამაზებლად წერს სიყვარულით გამოწვეულ ტკივილზეც და, რაც მთავარია, განშორებაზე — კაია ხომ ყველამ მიატოვა.

ერთ მომენტში უფროსი ქალი, რომელიც გოგოს მიმართ დედობრივ მზრუნველობას იჩენს, ეუბნება, რომ მას მეგობარი გოგოები სჭირდება (ოუენსისეული დაკვირვება უდაბნოში, რომ მდედრი არსებები ერთ გუნდებად ერთიანდებიან). კაია კი არა მხოლოდ მეგობრების, ოჯახისა და უახლოესი ადამიანების გარეშე იზრდებოდა. ამიტომ, მას მარტოობა აღარ აშინებს — მართალია, ამას მაინც გაურბის, მაგრამ ყველაზე მეტად განშორებას უფრთხის.

სოციალური სტიგმა

ფოტო: Hello Sunshine / Columbia Pictures

დეტექტივის ხაზს რომანში მხოლოდ სიუჟეტის დაძაბვის დანიშნულება არ აქვს. მისი საშუალებით ოუენსმა ასევე წარმოაჩინა, როგორ ექცევა საზოგადოება მისგან ნებსით თუ უნებლიეთ გამდგარ ადამიანს. როცა დასახლებაში ტრაგედია ხდება და ახალგაზრდა კაცი უცნაურ გარემოებაში იღუპება, მაშინვე ასკვნიან, რომ ეს მკვლელობაა და მთავარი ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, მარტო მცხოვრები კაია ხდება.

ჩვენმა ეკლესიებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა დახმარება არ ისურვეს. ჩვენ მას ზედმეტსახელები შევარქვით და საზოგადოებიდან გავრიყეთ, გვეგონა, ჩვენგან განსხვავებული იყო. ქალბატონებო და ბატონებო, მის კლარკი იმიტომ გავრიყეთ, რომ განსხვავებული იყო, თუ იმიტომ იყო განსხვავებული, რომ გავრიყეთ? ჩვენიანივით რომ მიგვეღო, დღეს მართლაც ჩვენიანი იქნებოდა. რომ დაგვეპურებინა, ტანსაცმელი მიგვეცა, გვყვარებოდა, ჩვენს ეკლესიებსა და სახლებში შემოგვეპატიჟებინა, მის მიმართ ცრურწმენები არ გაგვიჩნდებოდა. მე იმისაც მჯერა, რომ არც აქ იჯდებოდა ბრალდებულის სკამზე.

დელია ოუენსი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან (სოფო ქარჩხაძის თარგმანი)

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ერთადერთი, ვინც მარტო მცხოვრებ კაიას დახმარების ხელი გაუწოდა, მაღაზიის შავკანიანი გამყიდველია. ეს უკანასკნელი არათეთრკანიანებისთვის გამოყოფილ ერთგვარ რეზერვაციაში ცხოვრობს და თავადაც კაიას მსგავსადაა საზოგადოების უმეტესობისგან გარიყული. რადგან წიგნში მოქმედება გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში ხდება, ოუენსი შეეხო ისეთ მწვავე საკითხებსაც, როგორიც რასიზმია.


დასასრულს მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა თემის წარმოჩენასთან და ყურადსაღები საკითხების ასახვასთან ერთად, წიგნი ერთი გოგოს მეტისმეტად ემოციური და გულში ჩამწვდომი ამბავია, თუმცა, ეს ყველაფერი ყოველგვარ პათეტიკასაა მოკლებული. უბრალოდ, მაშინ, როცა რომანის ბოლო გვერდს ამთავრებ, ხვდები, რომ შენში რაღაც შეიცვალა. სხვაგვარად უყურებ ადამიანებს, ბუნებას და საკუთარ თავსაც. ხვდები იმასაც, რატომ აღაფრთოვანა ოუენსის წიგნმა მსოფლიო და კიდევ იმას, საით უნდა გასწიო, თუკი კიბორჩხალების სიმღერის მოსმენა გსურს.